ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ შიდა ტურიზმის სექტორი გამოეყოფა და „კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ გაერთიანდება.
რატომ მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს გადაწყვეტილება, მოსალოდნელია თუ არა საშტატო ცვლილებები ტურიზმის სექტორში და რა შედეგებს უნდა ველოდეთ, – ამ შეკითხვებით მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
რეორგანიზაციის პროცესი 13 მაისიდან დაიწყება, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სამართლებრივ დეტალებს მოვაწესრიგებთ და ამის შემდეგ ამ ორი ააიპ-ის თანამშრომლები რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე წერილობით ინფორმაციას მიიღებენ.
რეორგანიზაციის მიზანია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმი მეტად განვითარდეს. ვფიქრობთ, „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ბაზაზე უფრო ეფექტური პროექტები და ღონისძიებები განხორციელდება.
ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურული ტურიზმის განვითარებაა. ხშირად ორივე ააიპ-ი თითქმის ერთნაირ ღონისძიებებს გეგმავდნენ. ახლა ყველაფერი ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ რეორგანიზაციის მიზანი ფინანსების დაზოგვა არ არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტურიზმის სექტორში ამჟამად დასაქმებულ ყველა პირს (14 თანამშრომელი) საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეს.
კონკრეტულად რამდენი შტატი დარჩება და რომელ პოზიციაზე, ვერ გეტყვით. ამას ააიპ-ის ხელმძღვანელი დაადგენს. ვეცდებით, რომ რეორგანიზაცია ნაკლებად მტკივნეული პროცესი იყოს და თავისი საქმის პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი დასაქმებულების შრომითი უფლებები არ შეილახოს.
ტურიზმის მიმართულებით ღონისძიებების ხარჯები, შესაძლოა, კიდეც გავზარდოთ. ვფიქრობთ, უნდა განხორციელდეს იმ ტიპის მრავალფეროვანი ტურისტული ღონისძიებები, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას ხელს შეუწყობს. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი და სხვა კულტურული ობიექტები.
ჩვენს შეკითხვაზე, – ტერიტორიულად რომელ შენობაში განთავსდებიან ტურიზმის სექტორის თანამშრომლები, – მერის პირველი მოადგილე გვპასუხობს, რომ – ახლა ეს არ არის მთავარი. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. თუმცა, უმჯობესია ერთი ორგანიზაციის თანამშრომლები ერთ სივრცეში საქმიანობდნენ“.
„კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით, რეორგანიზაციისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს.
„სამომავლოდ შევიმუშავებთ ხარაგაულში შიდა ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, გეგმებს. ტურიზმის მიმართულებას ცალკე ხელმძღვანელი ეყოლება. ღონისძიებებს გავამდიდრებთ და წლის ბოლომდე დეტალურად გავწერთ“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები: „იღბლიანი ანკესი“, „ჯომარდობა“, ხარაგაულელი პირველკურსელების გაცილება სტუდენტობის გზაზე, „დაიცავი ბუნება განადგურებისაგან“, „ზაფხულის ბანაკი“, „სათავგადასავლო ტურ-თამაშები“, „იცნობდეთ ხარაგაულს“, „ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი“, „ანდრიაობა“.
ამავე თემაზე
ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი