კიცხის რძის გადამამუშავებული კოოპერატივი „სარგო“ 5 აგვისტოსთვის პირველი პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

„მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულდა, – ამბობს „სარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი, – გარემონტდა შენობა, დამონტაჟდა საჭირო აღჭურვილობა. რძეს გლეხებიდან შევისყიდით. ჩვენი მომწოდებლები, სავარაუდოდ, იქნებიან ჩვენი კოოპერატივის წევრები. მათ გავუწევთ ყოველგვარ, მათ შორის, ვეტერინარულ, მომსახურეობას; მოვამარაგებთ ყველაფრით, რაც კი საჭიროა ხარისხიანი რძის მისაღებად. „სარგოს“ პროდუქცია ჯანსაღი უნდა იყოს!“

9-17 მაისს გიორგი გველესიანი ჩეხეთში მიიღო გამოცდილება. დღეს, 23 ივლისს, კი კიცხში იმყოფებოდნენ და კოოპერატივი „სარგო“ დაათვალიერეს პრაღისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტების სტუდენტებმა; გაეცვნენ ახალდაფუძნებულ კოოპერატივში ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს.

„სარგოს“ წარმომადგენლები პროდუქციის გაყიდვას სუპერმარკეტების ქსელში აპირებენ, ჯერჯერობით, მხოლოდ მეზობელ ზსტაფონის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ქუთაისში. როგორც გიორგი გველესიანის თქმით, ჰყავთ კიდეც პოტენციური კლიენტები, რომლებიც ამბობენ, – „გვაჩვენეთ პროდუქცია და პრობლემა არ არის გაყიდვის.“

სამომავლოდ თბილისისკენ აპირებენ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულში ბევრ ოჯახში ჰყავთ ძროხა და დიდი ოდენობით გაყიდვების მოლოდინი ნაკლებია, „სარგოს“ შეთავაზებას ხარაგაულის ყველა მაღაზიისთვის აპირებენ.

კოოპერატივი „სარგო“ გიორგი გველესიანმა, ომარ გაგოშიძემ, როინ გელაშვილმა, გიზო მიქიაშვილმა, ზვიად კავილაძემ და ზვიად ქოჩიაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) დახმარებით შექმნეს.

ახალფეხადგმულ „სარგოს“ ბაზარზე საფუძვლიანად დამკვიდრებას ვუსურვებთ, მომხმარებლებს კი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქციის შეძენას ვურჩევთ.

ლაურა გოგოლაძე

 

sargo-2 sargo-3 sargo-4 sargo-kickhi