„შეხვედრები საინტერესო თემებზე“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ დააფუძნა. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) გაიმართა სახელწოდებით „მრავალეთნიკური საქართველო.“

„იმის მიუხედავად, რომ ხარაგაული არ გამოირჩევა ეთნიკური სიმდიდრით სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაინც გადავწყვიტეთ, რომ შევხვედროდით ხარაგაულში მცხოვრებ ძალიან საინტერესო არაქართველ ქალბატონებს. არაჩვეულებრივი, კოლორიტი ადამიანები ამშვენებენ ხარაგაულს. მინდა, რომ მათ ისაუბრონ, თუ როგორ ცხოვრობენ ხარაგაულში, როგორი სითბო აჩვენა ხარაგაულმა, რა ენატრებათ ყველაზე მეტად თავიანთი სამშობლოდან, გვიამბონ კურიოზები,“ – მიმართა ირინე ჩხეიძემ შეხვედრაზე ქალბატონებს.

ისტორიკოსმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა ისაუბრა იმ არაქართველ ქალბატონებზე, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. მან რამდენიმე კურიოზი გაიხსენა თავის მეზობელ, ხარაგაულში მცხოვრებ არაქართველ ქალბატონებთან დაკავშირებით. „ჩემს მეზობელ ზინა მამედოვას ვერ დაასწრებდი აღდგომის მოლოცვას. ტონია ხახალაშვილის ხელში გავიზარდე, რა დამავიწყებს ოლია ბიტვარდას სიტყვებს,“ – აღნიშნა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ყველაზე უკეთ ამ ქალბატონებმა იციან, თუ როგორი ტოლერანტები ვართ ქართველები.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ზარანში, ბორითში, კიცხსა და ხარაგაულში მცხოვრები ქალბატონები. ისინი სიყვარულით ჩამოვიდნენ საქართველოში, შექმნეს შესანიშნავი ოჯახები და ზრდიან ქართველ შვილებს. ზოგი მათგანი 40 წელზე მეტია, რაც ხარაგაულში ცხოვრობს.

ქალბატონებმა საინტერესო ისტორიები გვიამბეს თავიანთი ცხოვრებიდან, საქმიანობიდან და გაგვამხიარულეს კურიოზებით.

რემონტი, ბუხრების შენება, ხელსაქმე, უგემრიელესი კერძების მომზადება არაჩვეულებრივად ეხერხება ბორითში მცხოვრებ ქალბატონ ირენა პრაიშნაიტენეს; არაერთი თაობა დიდი სიყვარულით აზიარა რუსულ ენასა და ლიტერატურას ტონია ხახალაშვილმა; უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის მუდამ მადლიერი იქნებიან ხარაგაულელები ექიმი ინფექციონისტის, ლარისა უვაროვა-ფხაკაძის.

გერმანელი დედის ცხოვრება და საქმიანობა გაიხსენა შეხვედრაზე ლილი სებისკვერაძემ; მარინა დევდარიანმა მოიგონა დედა ჟენია კლიმოვა; სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ გაიხსენა ასირიელი ქალბატონი ოლია ბიტვარდა, რომელიც ათეული წლების მანძილზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში მუშაობდა.

„თქვენ საუკეთესო ოჯახები შექმნით, ხართ ქართული საზოგადოების აქტიური წევრები.  სიყვარული შვილებისა და ოჯახისადმი გაძლებინებთ უცხო მხარეში. საქართველოს ერთგულ მოქალაქეებად გაზარდეთ შვილები, რომელთაც უყვართ ქვეყანა. დიდი მადლობა ღირსეული ცხოვრებისთვის და აქ იგრძნობოდა, რაოდენ ძვირფასია თქვენთვის ქართული გარემო,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ეკა შველიძემ.
ღონისძიება უკრაინული სიმღერით გაალამაზეს დებმა თინათინ და თათული ლურსმანაშვილებმა.

თავის მხრივ შეხვედრაში მონაწილე ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს ირინე ჩხეიძეს მიწვევისა და საინტერესო შეხვედრისთვის.

ნინო კაპანაძე