მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს.

პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.

სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

დოკუმენტაცია ელექტრონულად შესავსები იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.

წყარო