საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 57 მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 359 771 062 ლარი გამოყო. 2023 წლის 28 დეკემბრის #2402 განკარგულების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 6 051 271 ლარი მიიღო.

ამ თანხით მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.

ბაზალეთში ლომსაძეების უბნისა და ღარიხევში ჭილოფის უბნის; ნებოძირში ცენტრალური გზის და ვახანში საუბნო გზების (ელაზნაურის, არევაძეებისა და ფერაძეების უბანი) მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ გზების აღდგენას ტენდერში გამარჯვებული შპს „მეკას“ დამფუძნებელი კახი კვატაია 2024 წლის შემოდგომისთვის ვარაუდობს; სატენდერო პირობების მიხედვით კი ეს სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში უნდა დამთავრდეს.

ბაზალეთის საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 286 325 ლარი უნდა გაიხარჯოს, ღარიხევის საუბნო გზისთვის – 408 118 ლარი. ნებოძირში გზის მშენებლობისთვის 551 145 ლარია განსაზღვრული, ვახანში საუბნო გზებისთვის – 645 855 ლარი.

ვარძიაში ავალიშვილებისა და სერის უბნების, ღუდუმექეთში საუბნო გზებისა და კახორის ეკლესიამდე მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე მათგანში კომპანია „Georgian Build“-მა (დირექტორი გიორგი დაუშვილი) გაიმარჯვა.

„Georgian Build“-ის წარმომადგენელი თორნიკე კახნიაშვილი ამბობს, რომ „ამ გზებზე ზოგან მიწაა მოსაჭრელი; ზოგან კი ისეთი ლაფია, კლდოვანი მასაა შესატანი. აყალო მიწაა ვარძიაში და რამდენჯერაც ტექნიკა შევიყვანეთ, იმდენჯერ მიწის მასაში ჩაეფლო. ველოდებით კარგ ამინდებს, რომ მიწა გამოშრეს და მუშაობის დაწყება შევძლოთ.

ღუდუმექეთისა და კახორის გზების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს აგვისტოში უნდა დამთავრდეს. თუმცა, სამუშაოების წელსვე დავასრულებას ვვარაუდობთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ საკუთარი ტექნიკა გვყავს და მსგავსი მშენებლობის კარგი გამოცდილება გაგვაჩნია.“

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „Georgian Build“-მა ღუდუმექეთის საუბნო გზების აღდგენა 130 537 ლარად ივალდებულა, კახორის ეკლესიამდე მისასვლელი გზის – 713 462 ლარად; ვარძიაში ავალიშვილებისა და სერის უბნის გზის – 1 080 000 ლარად.

ვარძიაში ავალიშვილებისა და სერის უბნის გზის მშენებელობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

იცხში საუბნო გზების და ბორისაქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დაწყებას მომავალი კვირიდან აპირებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სანდრო“. კომპანიის დირექტორი მირზა დიაკონიძ ამბობს, რომ გზა, რომელიც უნდა მობეტონდეს, კარგად უნდა გამოშრეს, რომ ტექნიკამ მუშაობა შეძლოს. კიცხში საუბნო გზების მშენებლობისთვის 655 625 ლარი განისაზღვრა, ბორი-საქარიქედის დამაკავშირებელი გზისთვის – 499 929 ლარი.

ლახუნდარაში მელქაძეების და ხიდარში საუბნო გზის; ასევე ბორითში საუბნო გზებისა და ვაშლევში გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიამ „მშენებელი 2022“ გაიმარჯვა.

ამ ორგანიზაციის დირექტორის, შაგა ანაკიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ბორითის საუბნო გზებზე ბეტონს აგებენ, ვაშლევში გზის რეაბილიტაციის დასაწყებად კი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. ლახუნდარასა და ხიდარში, ჯერჯერობით, ნიადაგის ქანები წყლითაა გაჟღენთილი და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ.

ლახუნდარაში მელქაძეების საუბნო გზის მშენებლობას 426 822 ლარი უნდა მოხმარდეს, ხიდარში საუბნო გზის მშენებლობას – 180 657 ლარი.

ბორითის საუბნო გზების მშენებლობისთვის 477 189 ლარი განისაზღვრა, ვაშლევის გზისთვის – 485 409 ლარი.

ღორეშა-მარიამწყაროს დამაკავშირებელი და ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ალპედემ“ (დირექტორი გიორგი კოვზირიძე) გაიმარჯვა. ღორეშა-მარიამწყაროს გზის სარეაბილიტაციოდ 459 265 ლარი უნდა დაიხარჯოს, ხორითის ცენტრალური გზისთვის – 545 584 ლარი.

იცხის, ლახუნდარის, ხიდრის, ბორითის საუბნო გზების, ვაშლევის, ხორითის ცენტრალური გზის, ბორისაქარიქედის დამაკავშირებელი და ღორეშა-მარიამწყაროს დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია, ხელშეკრულებების მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.