მოქალაქეებმა, რომლებსაც ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობა აქვთ, პირველ ივლისამდე ID ბარათები უნდა აიღონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის პირველი ივლისიდან, ისინი ვერ შეძლებენ არჩევნებზე ხმის მიცემას, საბანკო მომსახურებებით სარგებლობას და სხვ.

იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას ასეთ მოქალაქეებს 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით.

ID ბარათების აღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.