კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს პროექტს „კინო რეგიონებში.“

ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში ხარაგაულის კინოთეატრში მოეწყობა ახალი ქართული ფილმების ჩვენება.

„კინოცენტრიდან მოგვეწოდა აფიშები და ფილმების ჩვენების განრიგი. ხარაგაულელი მაყურებელი რვა ქართულ ფილმს ნახავს. თითოეული ფილმი ოთხჯერ უნდა ვაჩვენოთ,“ – ამბობს ვასილ კიკნაძე.

კინოსეანსები 23 ივლისიდან ფილმით „კრედიტის ლიმიტი“ დაიწყება.

30 ივლისიდან ნაჩვენები იქნება „მანდარინები;“
6 აგვისტოდან – „გრძელი ნათელი დღეები;“
13 აგვისტოდან – „მე ვარ ბესო;“
20 აგვისტოდან – „პატარძლები;“
27 აგვისტოდან – „სიმინდის კუნძული;“
3 სექტემბრიდან – „შემთხვევითი პაემნები;“
10 სექტემბრიდან – „კარასტანში დაკარგული.“

„დიდ ეკრანზე ფილმის ნახვას სხვა დატვირთვა აქვს, – ამბობს ვასილ კიკნაძე, – რვავე ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ვნახავთ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული ფილმი, რა დონის რეჟისორები და მსახიობები გვყავს.
ასე რომ, ქართული ფილმების მოყვარულებსა და გულშემატკივრებს წინ დიდი სიამოვნება ელით.“

კინოჩვენებაზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა ერთი ლარი.
კინოსეანსები, სავარაუდოდ, საღამოს 19 საათზე დაიწყება.

ნინო კაპანაძე