„საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურების მატება, ნალექების ხასიათის ცვლილება, მყინვარების დნობა, გაზრდილი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური რისკები და სხვა პროცესები, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე, – ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი, – მკვლევარი კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში, – ამიტომ კრიტიკულად აუცილებელია ენერგეტიკის სექტორის მდგრადობისა და მედეგობის სიღრმისეული ანალიზი და მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით.
კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ხაზებზე, ასევე ქვესადგურებზე.
სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში კლიმატის ცვლილების გავლენა განსხვავებულია და შესაბამისად ქსელის დანაკარგებიც განსხვავებული იქნება.
გადამცემი და გამანაწილებელი ხაზებისა და ქვესადგურების დიდი ნაწილი მთიან ადგილებშია. მომავალში, მათ ფუნქციონირებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას გახშირებულმა ექსტრემალურმა მოვლენებმა – წყალდიდობამ, მეწყერმა, ზვავმა და სხვ.
პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ისეთი ალტერნატიული, განახლებადი ენერგების გამოყენებით, როგორიცაა ქარისა და მზის ელექტროსადგურები.
მზის სადგურების განვითარების პოტენციურ არეალებში (თბილისი, გარდაბანი, უდაბნო) საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს წლის ყველა სეზონზე და ნალექების საშუალო რაოდენობა შემცირდება, რაც დადებითად აისახება ელექტროენერგიის გამომუშავებაზე“, – ამბობს ექსპერტი გიორგი მუხიგულიშვილი.
რა სარგებელი მოგვიტანა ხარაგაულში ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) ხელშეწყობით დამონტაჟებულმა მზის ელექტროსადგურებმა, – ამ შეკითხვით „სათნოების სახლის“ დირექტორს, თამარ შავიძეს და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს თამარ ლაცაბიძეს მივმართეთ.
თამარ შავიძე: – უკვე ერთი წელია, „სათნოების სახლი“ და მასთან არსებული სოციალური სამრეცხაო მზის ელექტროსადგურით ვსარგებლობთ. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ორგანიზაციას ფინანსური შეღავათი მოუტანა.
2023 წელს 1 296 ლარი ღირებულების 4 106 კვტ ელექტროენერგია მოვიხმარეთ. აქედან 2 246 კვტ ელექტროენერგია ამ მზის ელექტროსადგურმა გამოიმუშავა. „სათნოების სახლმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, 1 296 ლარის ნაცვლად, 582 ლარი გადავიხადეთ; მზის ელექტროსადგურით სარგებლობამ, წლიურად, 714 ლარი დაგვიზოგა.
კარგი შეღავათია, ელექტროენერგიის ხარჯი თითქმის გაგვინახევრდა. გასული წლის ივნისის შემდეგ დენის საფასური აღარ გადაგვიხდია. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ.
თამარ ლაცაბიძე: – 2020 წლიდან მზის პანელებისგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას ხუთ საბავშვო ბაღში მოვიხმართ. ესენია – ხარაგაულის #1, ბორითის, კიცხის, წყალაფორეთისა და ვარძიის საბავშვო ბაღები. ამ მზის პანელების მოხმარებამ გაერთიანებას გარკვეული ეკონომია მისცა.
საბავშვო ბაღებში საკმაოდ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოვიხმართ და ეს ბუნებრივიცაა – ყვეელა ჯგუფში, ყველა სველ წერტილში დამონტაჟებულია დენის გამათბობლები.
მზის პანელების მოხმარებამ ელექტროენერგიის გადასახადში, წლიურად, 7 443 ლარის ეკონომია მოგვცა. სამომავლოდ, სასურველია, რომ მზის პანელები ყველა საბავშვო ბაღის შენობაზე დამონტაჟდეს, რომ დავზოგოთ მეტი თანხა, რომელსაც სხვა მიმართულებით გამოვიყენებთ.
მზის განახლებად ენერგიას, მეოთხე წელია, მოიხმარს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია.
დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი: – 2021 წელს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ ჩვენს გიმნაზიაზე მზის პანელები დამონტაჟებულიყო. მიზანი იყო ის, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია დაგვხმარებოდა ხარჯის შემსუბუქებაში. მინდა აღვნიშნო, რომ გიმნაზიას ელექტროენერგიის დიდი ხარჯი ჰქონდა.
აქედან გამომდინარე, მეუფეს გაუჩნდა იდეა, რომ დაემონტაჟებინა უცხოეთში კარგად აპრობირებული მზის პანელები.
შედეგი ასეთია – ხარაგაულის გიმნაზიისგან მოხმარებული ელექტროენერგიის 90%-ს მზის პანელები გამოიმუშავებენ. პროცესი ასე მიმდინარეობს: ჩვენ შეთანხმებული ვართ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, რომ ელექტროენერგია, რომელიც დაგროვდება მზის პანელებიდან, პლიუსში გვერიცხება და შეგვიძლია ჩვენი ხარჯი აქედან გავქვითოთ.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მზის პანელებიდან გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ცენტრალური გათბობის ბუნებრივი აირიდან ელექტროენერგიაზე გადაყვანის შესაძლებლობა მოგვცა.
„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებით, მზის პანელებიდან გამომუშავებული და დაგროვებული ელექტროენერგიის მათთვის მიყიდვა შეგვიძლია. ასევე შესაძლებელია, რომ მზის სადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგია არა მარტო იმ აბონენეტს მოხმარდეს, სადაც მზის სადგურია დამონტაჟებული, არამედ სხვა აბონენტებსაც გაუნაწილო.
ამავე თემაზე
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად ალტერნატიული ენერგიები უნდა გამოვიყენოთ – ხათუნა მანჯავიძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი