განახლებადი ენერგიების სამეწარმეო საქმიანობასა და ოჯახებში გამოყენება კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვნად შეარბილებს. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“, მზის ენერგიის გამოყენების დასანერგად, სამი პროექტი განახორციელა.
პირველი პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში (ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის) 35 კვტ-იანი, ქსელში ჩართული, მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა.
მეორე პროექტით, 5 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური მცირე ბიზნესში ჩართული ხუთი ინდმეწარმე ქალისთვის მოეწყო.
მესამე პროექტით, ხარაგაულის „სათნოების სახლთან“ დაფუძნდა სოციალური სამრეცხაო, რომლისთვისაც ასევე 5 კვტ-იანი მზის ელექტროსადგურია დამონტაჟებული.
რა შედეგი მოიტანა თითოეულმა ამ პროექტმა, რატომ არის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიების გამოყენება კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე გვესაუბრება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი ორგანიზაცია განახლებადი ენერგიების მოხმარების დასანერგად საგრანტო პროექტს განახორციელებს, ყოველწლიურად ვატარებთ მიღწეული შედეგების მონიტორინგს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ვარკვევთ, რამდენად ვაღწევთ მიზანს, გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას გვინდა ვაჩვენოთ, რომ ამ ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ბიუჯეტი დაიზოგება; გარდა იმისა, რომ ამით ჩვენს გარემოს ვიცავთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღის შენობაზე დამონტაჟებულმა მზის ელექტროსადგურებმა, ერთი წლის განმავლობაში, 8 ათას ლარამდე ელექტროენერგია გამოიმუშავა. დიდი შეღავათი აღმოჩნდა მზის ელექტროსადგური ხუთი ინდმეწარმე ქალისთვის. 5 კვტ-იანი მზის სადგური, რომელიც თვეში დაახლოებით 160 ლარი ღირებულების ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის გადანაწილდა.
„სათნოების სახლი“ ღებულობს 5 კვტ-იანი მზის სადგურიდან ელექტროენერგიას, რომელიც ასევე ხმარდება პროექტის „ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება მზის ენერგიის გამოყენებით“ ფარგლებში დაარსებულ სოციალურ სამრეცხაოს.
მონიტორინგის მონაცემებით, ჩვენი ორგანიზაციის მიერ, განახლებადი ენერგიების დანერგვის ხელშემწყობი პროექტები წარმატებით განხორციელდა.
ამ პროექტების ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგები ჩავატარეთ. უკვე ველოდით, რომ ან ბიზნესი დაიწყებდა ალტერნატიული ენერგიის გამოყენებას, ან ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა, ჯერჯერობით, ამ სიახლის ფართოდ დასანერგად, ქმედითი დაინტერესება არ არის.
ჩვენთან ერთ კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება 600 დოლარი ჯდება. საქართველოში ბევრი ბიზნესი მზის ენერგიას იყენებს იმიტომ, რომ უიაფდება პროდუქცია და დენის ტარიფი.
ბოლო დროს დონორები ხელს გვიწყობენ, რომ საქართველოში ალტერნატიულ ენერგიებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მოსახლეობის ფართო ფენების დასაინტერესებლად, ხელისუფლებისგანაც მეტი მხარდაჭერა, ინტერესი და ეფექტური გათვლებია საჭირო, რომ განახლებადი ენერგიების მოხმარება აქტიურად დაიწყოს. ფულადი რესურსი, რასაც ალტერნატიული ენერგიის გამოსაყენებლად ჩადებ, ორ-სამ წელიწადში მზის სადგურის ხარჯს დაფარავს“.
ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
„თბური აირების დიდი რაოდენობით დაგროვება კლიმატურ ცვლილებებს იწვევს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ქვანახშირი, ნავთობი, ხე-ტყე მოვიპოვეთ და დავწვით, გარემოში უამრავი ქიმიური ნივთიერება გაიფრქვა. დედამიწამ ვეღარ მოასწრო მათი „მონელება“ და გადახურდა. გადახურების პროცესში ყინულები გალღვა. ამან გამოიწვია წყალდიდობები, ჰაერის ტემპერატურის მომატება. ამას მოჰყვა სოფლის მეურნეობის სახეცვლილება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილების პირველი მიზეზი თბური აირების გაფრქვევაა.
რა უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებმა ამ პროცესის შესარბილებლად? – უნდა გამოვიყენოთ ალტერნატიული ენერგიები. მე რომ მკითხოთ, – როგორც გარემოსდამცველს და ამ ქვეყნის გულშემატკივარს – მზის ენერგია არის შეუცვლელი, განსაკუთრებით – ჩვენისთანა ქვეყნისთვის, სადაც წელიწადში 280-290 დღე მზიანია. ჩვენმა ქვეყანამ ეს ბუნებრივი რესურსი რომ არ გამოიყენოს, დანაშაული იქნება. მზის ენერგიის მოხმარებაზე უნდა გადავაწყოთ ეკონომიკა და რესურსები.
ევროკავშირი 2016 წელს „პარიზის შეთანხმების“ ინიციატივით გამოვიდა. ამ შეთანხმების თანახმად, ქვეყნებმა კლიმატის ცვლილების შერბილება ივალდებულეს. 193 ქვეყანასთან ერთად ამ შეთანხმების ხელმომწერია საქართველო. თუმცა, მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იცვლება მოცემულობა და თუ ადრე „კლიმატის ცვლილების შერბილებაზე“ ვსაუბრობდით, ახლა უკვე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაა დღის წესრიგში.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეზღუდეს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მოხმარება და თანდათან ელექტრომობილებზე გადაჰყავთ როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ინდოეთმა შეამცირა ქვანახშირის წარმოება; ესპანეთმა ქვეყნის შიდა ფრენები აკრძალა და ა. შ.
საქართველომ ივალდებულა, რომ თბური აირების ემისიებს შეამცირებს. რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით, ჯერჯერობით, არ ვიცით.
ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების სწორად მართვა. მშენებლობებში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება უნდა დაინერგოს.
მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ ენერგოეფექტური ღონისძიებები; მაგალითად, ჩვეულებრივი ნათურები ჩაანაცვლონ ენერგოეფექტური ნათურებით; გარე განათება გადაიყვანონ მზის ენერგიაზე; სარეაბილიტაციო შენობებში გამოიყენონ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და სხვ.
ზოგი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენს წვავს და არ იცის, რომ ეს მავნებელია. გარემოსდაცვითი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის სკოლაში უნდა ვასწავლოთ, რომ ბავშვები ჩამოყალიბდნენ ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც გარემოს ზიანს არ მიაყენებენ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი