ხარაგაულის შოთა აბაშიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ცხრაწლიანი კურსი სამმა მოსწავლემ დავამთავრეთ, – თამარ თხელიძემ, თამარ კიკნაძემ და ანი აბაშიძემ. სამივე ხათუნა მაჭავარიანის კლასში ვირიცხებოდით.

თამარ კიკნაძე ხათუნა მასწავლებელთან გატარებულ წლებს დიდი სიყვარულით იხსენებს: „მახსოვს დღე, როცა ჩემი დიდი სურვილის გამო დედამ პირველად მიმიყვანა სამუსიკო სკოლაში და ხათუნა მასწავლებლის კლასში დამსვა. 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე მუსიკალურ სკოლაში. ეს გაკვეთილები ჩემთვის არ იყო უბრალოდ დამატებით წრეზე სიარული. იქ გატარებული ყოველი საათი იყო შემეცნების, განტვირთვის, დასვენების საათი ჩემს ხათუნა მასწავლებელთან ერთად, რომლის სახითაც არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე.

ჩვენ ვისხედით საკლასო ოთახში არა როგორც მასწავლებელი და მოსწავლე, არამედ როგორც დედა და შვილი, უფროსი და უმცროსი მეგობარი. ვმეცადინეობდით და ვსაუბრობდით არა მხოლოდ განსაზღვრულ თემებზე, არამედ სხვა, ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. ხშირად ვამეტებდით საგაკვეთილო დროს. ცხრა წლის მანძილზე მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემს ცნობიერებაში. იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც მუსიკასა და ზოგადად ხელოვნების მიმართ შემექმნა, დიდი მადლობელი ვიქნები ხათუნა მასწავლებლის და სამუსიკო სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლალი ალექსიძეს, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამომჟღავნებაში და ასევე ბატონ ზურაბ ვასაძეს, რომლისგანაც უამრავი საინტერესო რამ ვისწავლე“.

„რაც დრო გადის, თანდათან ვაცნობიერებ, რომ ბავშვობის ლამაზი და ფერადი წლები წარსულში რჩება, – ამბობს თამარ თხელიძე, – ხათუნა მასწავლებელთან გატარებული ორი წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოდგა. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მუსიკალურ სკოლაში შევდგი ფეხი და ციური ბლუაშვილის კლასში აღმოვჩნდი. მახსოვს, როგორი ინტერესით თავბრუდახვეული ვადევნებდი თვალს თითოეულ ნოტსა თუ აკორდს იმის იმედით, რომ ძალიან მალე მეც შევძლებდი, ამაყად დავმჯდარიყავი ფორტეპიანოსთან და ისევე კარგად შემესრულებინა ნაწარმოები, როგორც ჩემი მასწავლებელი ასრულებდა. ვერც კი მივხვდი, როგორ გავიდა შვიდი წელი, რომლის შესახებაც ალბათ ჩემს შვილებს უამრავ საინტერესო ისტორიას მოვუყვები.

ამ შვიდწლედის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ფორტეპიანოს განხრით გამეგრძელებინა სწავლა, რაც კიდევ ორ წელს გასტანდა. ასე მოვხვდი ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლის, ხათუნა მაჭავარიანის, კლასში. ეს ორი სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი წელი წარუშლელ მოგონებად დარჩება ჩემს ცნობიერებაში. მახსოვს პირველი გაკვეთილი ხათუნა მასწავლებელთან და წარმოდგენა მისი სიმკაცრის შესახებ უკვალოდ გაქრა. დღის განმავლობაში უამრავი მოსწავლის შემდეგ ბოლოს ვრჩებოდი და მერწმუნეთ, არც ერთი ჩემი გაკვეთილის არც ერთი წამი არ იყო ფუჭი და უქმად გატარებული.

მოგეხსენებათ, ჩემს ასაკში რაოდენ ვაფასებთ ბავშვები, როდესაც უფროსები თანატოლებივით გვეპყრობიან და სწორედ ეს არის ჩემი ხათუნა მასწავლებლისადმი უდიდესი სიყვარულის საფუძველი. ის ყოველთვის ისე მექცეოდა, თითქოს ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი ვყოფილიყავი. ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა საინტერესო თემებზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. მე შემეძლო თავისუფლად მესაუბრა მასთან საკუთარ თავზე, ჩემს ბავშვურ პრობლემებზე. ის კი ყოველთვის მარიგებდა და დედასავით რჩევას მაძლევდა. ყოველი ჩვენი საუბარი გამორჩეულად საინტერესო და დასამახსოვრებელი გახდა ჩემთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მყავდა არაჩვეულებრივი ხათუნა მასწავლებელი და ამასთან ერთად, მყავს ძალიან საინტერესო და საყვარელი უფროსი მეგობარი, რომელსაც ნამდვილად გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს გულში.

თამარ კიკნაძე, ანი აბაშიძე, თამარ თხელიძე