საზოგადოებრივი ორგანიზაცია „წიფლარის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მცენარეთა დაცვის სპეციალისტი, სწავლული აგრონომი მანანა ტაბაშიძე კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრება.
ქალბატონი მანანა 16 წელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბუნებრივი რესურსების დაცვის სპეციალისტად მუშაობდა.
– ქალბატონო მანანა, კლიმატის ცვლილების შესახებ რა გსმენიათ?
– ბოლო 50 წლის განმავლობაში ბუნებამ ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, შუა ზაფხულში პატარებს პურის საყიდლად მაღაზიაში უპრობლემოდ გვაგზავნიდნენ. დღეს, ზაფხულში, ბავშვების გარეთ გამოშვებას ვერიდებით იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩრდილშიც კი ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსია. ახალგაზრდას, მოზარდს რომ მცხუნვარე მზეში გარეთ გაუშვებ, არ იცი, მზის დაკვრას რა დროს მიიღებს. ეს კი იშვიათი აღარ არის.
კლიმატის ცვლილებას ვგრძნობთ იმითაც, რომ ბევრ მცენარეს განვითარება უჭირს. ხეები ხმება. განსაკუთრებით კაკალს ვაკვირდები. მსხმოიარე კაკალს თითქმის ვეღარ ნახავ.
ისეთ დროს არის ყინვა, რომ კაკალი ნაყოფს ვერ ინარჩუნებს. ნაყოფი თუ შერჩა, ზაფხულში, სიცხეების გამო, ვეღარ ვითარდება.
ვაკვირდები, რომ წელიწადის დროები – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი – თთქოს აღარ არის და სხვა რაღაც დაგვრჩა – ან არის სულ სიცხე, ან არის სულ ყინვა. ყინვაც უჩვეულოა. გასულ თვეში, ორი-სამი დღე ისეთი ყინვა იყო, ასეთი რამ არ მახსოვს. ყინვა უცბად არასდროს დგებოდა ხოლმე, რაღაც წინაპირობა ჰქონდა.
ზამთარში თოვლი აღარ მოდის, რაც ტრადიციულად იყო ხარაგაულში. კლიმატის ცვლილების შედეგია წყალმოვარდნები, ხეების ხმობა. 20 აგვისტოდან ტყეს სიყვითლე შეეპარებოდა ხოლმე. ახლა ეს პროცესი 20 აგვისტომდე ორი-სამი კვირით ადრე იწყება.
– სოფლად მცხოვრები ქალები, ბავშვები, შშმ პირები, კლიმატის ცვლილების გამო უფრო მეტი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ?
– გლობალური დათბობის პრობლემა ჩვილ ბავშვამდე დავიდა. ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს ოჯახში გაგრილების საშუალებები ფუფუნების საგანი აღარ არის, მაგრამ გაგიგიათ, რომ სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ?! ჩვილს ბავშვებს სიცხე ძალიან აწუხებთ. სოფლად მცხოვრებ ქალებს კი სათანადო საბინაო პირობები არ აქვთ.
ქალები რომ მამაკაცებზე მეტად აქტიურები იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალში, – ამაზე მეორე აზრი არ არსებობს. ქალი ზოგჯერ ოჯახის მარჩენალიცაა. მშრომელი მამაკაცები უფრო ფიზიკურ სამუშაოზე მიდიან. ის რომ სახლში დაბრუნდება, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა დახვდეს. ვერ მოაწესრიგებ, როდესაც შენს ახლოს წყალი დაგიშრა. ზაფხულში ამ ფაქტს ყველა შეეჩვია. ქალი იძულებულია, არასათანადო პირობების მიუხედავად, ყველაფერი მოაგვაროს.
გასულ წლებში სოფლებში აბანოები მოაწყვეს, თუმცა, უწყლობის გამო ვერ გამოიყენეს. წყლის და აბანოს გარეშე სოფელში როგორ შეიძლება რომ ცხოვრობდე?!
კლიმატის ცვლილება ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით ზაფხულში უჭირთ იმ ბავშვებს, რომელთაც ბრონქების, გულის პრობლემები აქვთ.
– ქალბატონო მანანა, თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული კლიმატის ცვლილება და ჩვენ, რიგით ადამიანებს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების შესარბილებლად?
– ადამიანებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნამდე მიტანა არ უნდათ. არადა, სოფლებში, სახლებიდან 50 მეტრშია ნაგვის ურნები. ხარაგაულში მუშაობს დასუფთავების სამსახური, რომელიც თავის საქმეს კარგად ასრულებს, მაგრამ ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდით.
ულამაზესი ჩანჩქერია ფარცხნალში და მუდმივად საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ბუნებას არ ვუფრთხილდებით. წვიმისა და წყალმოვარდნის შემდეგ ტერიტორია დაიტბორა. რა გავაკეთეთ მერე, წყალმა რომ დაიწია?! გავხსენით მეორე წყალსავალი ხიდის ქვეშ?
ხარაგაულში კარგი კულტურის სახლი გქონდა. მდინარე ჩხერიმელამ დააზიანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მდინარიდან ინერტულ მასალებს იღებდნენ. ამის შესახებ ხმამაღლა უნდა გვესაუბრა. ხარაგაულში, სადაც ახლა გზაა, იქ მდინარე ჩხერიმელა მოედინებოდა. მოხუცი ბებიისგან გამიგია, რომ ას წელიწადში ერთხელ მდინარე თავის კალაპოტს უბრუნდებაო. ჩვენ ამას ხელი რატომ უნდა შევუწყოთ?
– ხელისუფლებას, – ცენტრალურსა და ადგილობრივს, – რა შეუძლია გააკეთოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესარბილებლად?
– თვითმმართველობაში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფეხდაფეხ შემოივლის მუნიციპალიტეტს და აღწერს, სად რა მდგომარეობაა – სად არის მეწყერისა და წყალმოვარდნების საშიშროება. უნდა ვიცოდეთ, სად რა გვიჭირს. ვახანის საბავშვო ბაღი რომ კინაღამ დაფლო წყალდიდობამ, ხომ შეიძლებოდა იქ მოსახლე ყოფილიყო და წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოჩნდებოდა.
ხელისუფლება გულხელდაკრეფილია ამ გლობალურ დათბობასთან მიმართებაშიო, ვერ ვიტყვი, რადგან მათ რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენი იშრომეს, რომ ნაგვის ურნებია შორეულ სოფლებშიც კი.
მოსახლეობამ ეს უნდა გაითავისოს – ურნებამდე კილომეტრზე მეტი გზის გავლაც რომ დასჭირდეს, ნაგავი თავის სახლთან არ უნდა დაყაროს. ძალიან მაღიზიანებდა, ძირულაში ყველა ოჯახს თავისი სახლის წინ რომ ჰქონდა ნაგავსაყრელი.
კლიმატის ცვლილება ცხოველებსა და მცენარეებზეც მოქმედებს. ძალიან მაღელვებს ტყის ხანძრები. მათი ჩაქრობა რამდენიმე კაცზე იყო დამოკიდებული, რადგან იქ მანქანა ვერ მიდიოდა. საჭიროა, მოხალისეთა ჯგუფი გვყავდეს.
მსოფლიოში გამოცდილი პრაქტიკაა, რომ მოხალისეები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები.
ბევრჯერ მსმენია, რომ ტყეში 2 ჰა ფართობი დაიწვა. ხარაგაულში, თუნდაც ბუჩქის განადგურება, დასანანია. ხელისუფლებას მოხალისეების ჯგუფის შექმნა შეუძლია. ხარაგაულის თვითმმართველობამ სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი გაბედული ნაბიჯი გადადგა. გარემოს დაცვის კუთხით მეტი აქტიურობა ჩვენ, მოსახლეობასაც გვმართებს.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კლიმატის ცვლილებამ მოსავლიანობა შეამცირა – ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს და შემოდგომა – შემოდგომას
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი