ხარაგაულში პოეტ პაატა (ბართოლომეო) მახარაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. პოეზიის საღამოს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლამ (დირექტორი ინგა ვეფხვაძე) უმასპინძლა.

ლიტერატურული საღამო ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის, ა/ო „საქართველოს ემიგრანტების“ დამფუძნებელ ქეთევან კინწურაშვილის, პოეტის დის, ბელა მახარაძისა და ხარაგაულის #2 სკოლის თანამშრომლობით შედგა.

პაატა მახარაძის შესახებ იზა ვეფხვაძემ და პოეტის დამ, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე ბელა მახარაძემ ისაუბრეს.

პროფესიით იურისტი პაატა მახარაძე წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობდა. ლექსებს წერდა და არავის აძლევდა მათი გამოქვეყნების უფლებას. პოეტის შემოქმედება მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა დამ, ბელამ გაასაჯაროვა და წიგნების ორი კრებული – „გარიგება სიკვდილთან“ და „ხილვა“ გამოსცა. თავმდაბალი, მუდამ სხვისი მშველელი და დამხმარე – ასე დაახასიათა ბელა მახარაძემ თავისი ძმა.

კაცი, რომელიც ლექსით დედას მადლობას უხდის, რომ სხვებზე ზრუნვისთვის, ადამიანთა სიყვარულისთვის მოავლინა ამქვეყნად. მოყვასს კი მან ასეთი სიტყვები მიუძღვნა:

„და თუ ოდესმე დაგჭირდე, მუდამ მიგულე მეგობრად,
სამყარომ რომ მიგატოვოს, მე გეგულები მეოხად“.

„უფლისა და მოყვასის სიყვარული, ადამიანის ცხოვრების მიზანი – აი, ეს არის მთავარი პაატა მახარაძის შემოქმედებაში. მისი თავმდაბლობა, სიყვარული და თანადგომა დღეს სიყვარულისგან დაცლილ სამყაროში ძალიან გვჭირდება“, – აღნიშნა ლიტერატურულ ღონისძიებაზე იზა ვეფხვაძემ.

პაატა მახარაძის პოეზიის საღამოზე ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულად, დიდი გრძნობით წაიკითხეს პოეტის ლექსები. შესრულდა მუსიკალური ნომრები, მათ შორის, ვიოლინოს თანხლებით.

პოეტის შემოქმედებითი საღამო 6 თებერვალს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ანალოგიური ღონისძიება ი ხვალ, 8 თებერვალს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს #1 საჯარო სკოლაში იგეგმება.