ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 საჯარო სკოლიდან 17 სკოლას სრული რეაბილიტაცია ესაჭიროება.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ სკოლების რეაბილიტაცია სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსდება; მათ შორის – ვახანის, ბორის, ხუნევის, ბორითის სკოლების რეაბილიტაცია „საქართველოში საჯარო სკოლის შენობების ენერგოეფექტურობის“ პროგრამის ფარგლებში იგეგმება;

ხოლო გედსამანიის, ხარაგაულის #2, #3, ვარძიის, ხიდარის საჯარო სკოლების კი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტით – „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია“. ამ პროგრამით 2023 წლის სექტემბრიდან ვაშლევის სკოლის შენობის აღდგენა მიმდინარეობს.

ჯერ გარკვეული არ არის, თუ რომელი პროგრამიდან განხორციელდება ლეღვანის, დიდვაკის დაწყებითი, ზვარეს, ღორეშის, ხევის, ნადაბურისა და წიფის სკოლების სრული რეაბილიტაცია.

ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაშია ბაზალეთისა და მოლითის სკოლები, კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს ლაშისა და უბისის სკოლების შენობები.

ახალი შენობებია ასაშენებელი წყალაფორეთში, საღანძილესა და ჩრდილში.

ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების გარდა, სკოლების სარემონტო სამუშაოებს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხას მუნიციპალიტეტები 2016 წლიდან იღებენ.

გასულ, 2023 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 170 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ სკოლაში განხორციელდა – მოლითის სკოლაში მოეწყო საყრდენი კედელი; სარგვეშის სკოლის შენობაში კი კარ-ფანჯრები შეიცვალა.

„პრიორიტეტებს ვადგენთ, სად უფრო მძიმე მდგომარებაა, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – განათლების სამინისტროში ყველა სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაგზავნილია. სველი წერტილები ყველა სკოლაში მოწესრიგებულია.

ამ მომენტისთვის ინფრასტრუქტურის მხრივ მძიმე მდგომარეობა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაშია – ნალექის დროს შენობაში წყალი ჩამოდის. ამ სკოლის სახურავი შესაცვლელია. დეკემბრის ბოლოს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის სააგენტოდან სპეციალისტი იმყოფებოდა და მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ერთ თვეში მათ პასუხს ველოდებით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხარაგაულის #3 სკოლის სახურავის დაზიანებული ადგილების შეკეთებას, უახლოეს დღეებში გეგმავს.

„800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის“ ფარგლებში ხარაგაულში რამდენიმე სკოლის შენობის აღდგენა 2023 წელსაც იგეგმებოდა; თუმცა, როგორც განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, შოვის ტრაგედიის შემდეგ, თანხების დიდი ნაწილი იქით მიიმართა“.

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან მიღებული თანხები რომელი სკოლების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, ამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად წყვეტს.

2024 წელს რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა ამ სააგენტოდან და რომელი სკოლების სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით 11 იანვარს მივმართეთ. მერიიდან პასუხი, ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან კი მოვითხოვეთ, თუ რომელი სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტით – „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია“. ამ უწყებებიდან პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2020-2021 წლებში კიცხში სკოლის ახალი შენობა აიგო, ხოლო მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ფოტოზე: ხუნევის საჯარო სკოლა