

სტიქიის დილა
14 ივნისს, დილის 8 საათზე, თბილისში, კახიძის ქუჩაზე საგანგებო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ცოტა ხანში, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობლებმა ნაკადად მომავალი მოხალისეები შენიშნეს. საქართველოს წითელი ჯვრის სათავო ოფისი თბილისში ღვარცოფის შედეგად გამოწვეულ ზიანთან საბრძოლველად ემზადებოდა.
„წითელი ჯვრის ოფისში ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევხვდით. ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია დაზიანებული უბნების შესახებ. დავიწყეთ მონაცემთა ბაზაში არსებული მოხალისეების მობილიზება,“ – იხსენებს თეონა ნავდარაშვილი, წითელი ჯვრის თანამშრომელი. კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდა. – „ჩვენი ჯგუფი სვანიძის ქუჩისკენ გაეშურა. უკვე გვქონდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. ამიტომ პირველი დახმარების აღჭურვილობა თან წავიღეთ.
ადგილზე მისვლისას რთული მდგომარეობა დაგვხვდა. დაღუპულების ნათესავები არ ფლობდნენ ინფორმაციას და ბევრი მათგანი შოკურ მდგომარეობაში იყო. ამიტომ დაუყოვნებლივ ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებდნენ. დავიწყეთ დაზარალებულებთან კონტაქტის დამყარება, მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, მეთვალყურეობის გაწევა, ნათესავებთან და ახლობლებთან დაკავშირებაში მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს ნინუკა სირაძე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის ფსიქოლოგი.
„ასევე, პირველი დახმარების ჯგუფები აქტიურად უწევდნენ ექიმამდელ დახმარებას როგორც დაზარალებულებს, ასევე გაწმენდით სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მოხალისეები ასევე აძლევდნენ შესაბამის რჩევებს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით შემდგომ რეაგირებაზე,“ – გვიყვება მიშა რამაზაშვილი, წითელი ჯვრის თანამშრომელი.
პირველადი რეაგირების ჯგუფები სვანიძის ქუჩის გარდა კიდევ ორ ლოკაციაზე გაეშურა, – გმირთა მოედანზე და ე.წ. ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. წითელი ჯვრის კატასტროფებზე რეაგირების პროექტის ოფიცერი თეა ხორავა და ახალგაზრდულ საქმეთა ოფიცერი ანანო სხირტლაძე პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ჯგუფებთან ერთად გმირთა მოედანზე მუშაობდნენ და პირველადი საჭიროებების მოკვლევას აწარმოებდნენ. აქვე მოხდა პირველი შეხვედრა და მოძიებული ინფორმაციის გაცვლა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან.
კახიძის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისთან წითელი ჯვრის თანამშრომლებს უწყვეტი სატელეფონო კავშირი ქონდათ დაზიანებული უბნების საჭიროების შესახებ, რის შედეგად იმავე დღეს ყველა ლოკაცია აღიჭურვა სპეციალური რეზინის ფეხსაცმელებით, ნიჩბებით, რეზინის ხელთათმანებითა და პირბადეებით, რაც უზრუნველყოფდა მოხალისეების უსაფრთხოებას.
კრიზისული სიტუაციის დადგომისთანავე სათადარიგო გეგმის მიხედვით წითელ ჯვარში იკრიბება საგანგებო ჯგუფი, სადაც იწყება სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება: „წითელ ჯვარს აქვს საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების სათადარიგო გეგმა, სადაც ზუსტად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი კრიზისის დადგომიდან მის დასრულებამდე. ჩვენ წინასწარ გვაქვს გადანაწილებული ფუქციები, რაც გულისხმობს პირველადი დახმარების ჯგუფების შეკრებასა და ლოკაციებზე გაშვებას, მოხალისეების მოძიებასა და რეგისტრაციას, მათ ინსტუქტაჟს, აღჭურვასა და დავალებებზე გაგზავნას,“ – ამბობს წითელი ჯვრის გენერალური მდივანი მედეა მარღანია.
კახა მამულაძე, წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს: „კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარი დროული რეაგირებაა. ამიტომ წინაწარ არსებული გეგმა, ასევე წლის განმავლობაში მოწყობილი სიმულაციები და სასწავლო ტრენინგები, სწრაფი რეაგირებისა და სამოქმედო გეგმის დროული იმპლემენტაციის საშუალებას გვაძლევს. როდესაც სამოქმედო გეგმა გაქვს, ქაოსის თავიდან აცილებაც შესაძლებელია და დროისა და რესურსების ფლანგვის მინიმუმამდე დაყვანაც.
წითელი ჯვრის საზოგადოების სათადარიგო გეგმაში ასევე იდენტიფიცირებულია ის საფრთხეები და მიზეზები, რამაც კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს. პირველ რიგში კი შეფასებულია ბუნებრივი სტიქიის მიერ გამოწვეული რისკები და სამოქმედო გეგმაშიც შესაბამისი აქცენტები კეთდება.“
2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის 415-ე ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა. გეგმის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასათამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
ბრძანების მიხედვით, კრიზისული სიტუაციის დროს წითელი ჯვრის საზოგადოებას ოპერატიული რეაგირება ავალია, რაც გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაზარალებულების სურსათითა და წყლით უზრუნველყოფას, საძიებო-სამაშველო და აღდგენითი ღონისძიებების უზრუნველყოფას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების უზრუნველყოფას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩართვას.
,„15 ივნისს წითელი ჯვრის სათავო ოფისში გამართა არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო შეხვედრა, დაზარალებულთათვის მყისიერი, ეფექტური და კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად წითელი ჯვრის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მერიის საკოორდინაციო შტაბების მუშაობაში,“ – აღნიშნავს ნია ბურთიკაშვილი, გენერალური მდივნის მოადგილე.
მოხალისეების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს
ფილიალების განვითარების კოორდინატორი ნინო სამადალაშვილი ამბობს, რომ „წითელი ჯვრის საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 37 მოქმედი ფილიალი აქვს, ხოლო. 21 მუნიციპალიტეტში კატასტროფისთვის მზადყოფნისა და რეაგირების 20 კაციანი გაწვრთნილი და შესაბამისად აღჭურვილი ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ წითელი ჯვრის მოხალისეებსა და მიზნობრივი თემის წევრებს გადასცემენ ცოდნას პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ, აწყობენ სიმულაციურ ვარჯიშებს კატასტროფებზე მზადყოფნისათვის შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან კოორდინაციით.“ წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყნის მასშტაბით 15,000 მოხალისეს აერთიანებს.
„წითელ ჯვარში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მკაცრად არის გაწერილი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოხალისეებისთვის. საგულისხმოა, რომ წითელი ჯვრის ლოგოს გააჩნია როგორც განმასხვავებელი, ასევე დამცავი ფუნქცია, რაც საგანგებო სიტუაციების დროს არის ხელშეუხებლობის გარანტია, ასევე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები თითოეული ჩვენი მოხალისის უსაფრთხოებაზე,“ – გვიხსნის წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
„14 ივნისს თბილისში 1000-ზე მეტი მოხალისე შემოგვიერთდა, რომელთა გადანაწილება მოხდა რეაგირებისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გუნდებში. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც გაწმენდითი სამუშაოების შესრულებაში, ასევე ვაკის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გახსნილ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიმღებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ მოქალაქეთა მიერ გაღებული შემოწირულობების მიღებასა და დახარისხებაში,“ – აღნიშნავენ ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ოსეფაიშვილი და ქეთი გორდელაძე.
ფეისბუქისა და ვებგვერდის საინფორმაციო პლატფორმის გამოყენებით დამატებით კიდევ 520 ახალი მოხალისე გაერთიანდა წითელ ჯვარში.
„სიტუაციის შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფები დაზარალებული უბნებიდან გვაწვდიდნენ ინფორმაციას საჭიროებების შესახებ. მოხალისეთა ჯგუფები გაიგზავნა პირველადი ინფორმაციის შესაგროვებლად. ისინი ახდენდნენ სპეციალურად შემუშავებული კითხვარის შევსებას დაზარალებულთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შეგროვდა მონაცემები ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ,“ – ამბობს ნინო დიდბერიძე, სოციალური პროექტების კოორდინატორი.
„ზოგიერთ უბანში ჭირდებოდათ მოხალისეები გამწმენდი სამუშაოებისთვის. ასევე საჭირო იყო მოხალისეებისა და დაზარალებულების საკვებით, წყლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფა, – იხსენებს ნათია ლოლაძე, „კახიძის ოფისიდან და ვაკის გამგეობის დახმარების პუნქტიდან ხდებოდა მოხალისეების გადანაწილება სხვადასხვა ლოკაციებზე. ჯგუფების გაშვების წინ, ლიდერები უსაფრთხოების მოკლე ინსტრუქტაჟს აძლევდნენ მათ, შემდეგ ურიგდებოდათ სამუშაო აღჭურვილობა, დამცავი საშუალებები და დაზიანებულ ტერიტორიებზე მათი გადაადგილება წითელი ჯვრის ტრანპორტით ხდებოდა“.
18 წლის ირაკლი ასათიანმა წითელი ჯვრის მოხალისეების მობილიზაციის ამბავი მეგობრისგან შეიტყო. დახმარების სურვილით ირაკლიმ კახიძის ქუჩის სათაო ოფისს 14 ივნისის დილას მიაკითხა. საგანგებო რეაგირების ჯგუფის დავალებით ახალბედა მოხალისე სვანიძის ქუჩის 19 ნომერში, გამწმენდ სამუშაოებზე მიამაგრეს. ლოკაციაზე გაშვების წინ, ირაკლის უსაფრთხოების ინსტუქტაჟი ჩაუტარდა და დამცავი აღჭურვილობა გადაეცა.
„მოხალისედ წასვლა მაშინვე გადავწყვტე, როცა ამ ტრაგედიის შესახებ ფეისბუქიდან გავიგე. ქაოსი იყო ქალაქში და რთული იყო მოხალისეების კოორდინირებაც. წითელი ჯვარი ორგანიზაციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, ამიტომ მათთან გავწევრიანდი, რომ დახმარება ზუსტად იქ აღმომეჩინა, სადაც საჭირო იყო. წინასწარ ვიცოდით, რა სამუშაო გველოდა ან როგორ უნდა დაგვეცვა თავი დაზიანებების დროს. იქ კიდევ სხვა მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებსაც ვეხმარებოდით, ვამარაგებდით დამცავი საშუალებებით. იყო შემთხვევებიც, როცა იქ მომუშავე მოხალისეები სხეულის დაზიანებებს იღებდნენ. ჩვენ გვქონდა ინსტრუქცია და ყველას ვუწევდით რეკომენდაციებს, გაეკეთებინათ ტეტანუსის აცრები“.
„ტეტანუსის პრევენცია წითელი ჯვრის რეკომენდაციების ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული. დაზიანებულ უბნებში მომუშავეები ტეტანუსის რისკ ჯგუფებში აღმოჩდნენ“,- აღნიშნავს პირველი დახმარების კოორდინატორი თეიკო ჩიკვილაძე. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონაში მომუშავე ყველა მოხალისესთვის ტეტანუსის აცრა სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დრომდე აცრა ყველა მოხალისესთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
ვეხმარებით თქვენი დახმარებით
14 ივნისი თბილისელების უმეტესობამ თამარაშვილის 10-ში, ვაკის გამგეობის შენობაში, გაატარა. აქ იყო დაზარალებულებისთვის დახმარების შეგროვების ძირითადი პუნქტი. გამგეობასთან შეთანხმებით წითელი ჯვრის საზოგადოებამ გაშალა კარვები, სადაც ხდებოდა შემოსული ჰუმანიტარული დახმარების დახარისხება, გადარჩევა და საჭიროებისამებრ განაწილება.
ეკა ორბეთიშვილი წითელ ჯვარს ზამთარში შეუერთდა. როგორც აქტიური მოხალისე, ეკა წითელ ჯვარს საჭიროებისამებრ ეხმარება. 15 ივნისს ის ვაკის რაიონის გამგეობაში გამოიძახეს. საქმე საკმაოდ ბევრი დახვდა. „ყველა მხრიდან მოდიოდა დახმარება. დასახარისხებელი იყო ფეხსაცმელი ზომების მიხედვით, ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ჭურჭელი. წითელი ჯვრის ის მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილებული დაზარალებულების საჭიროებებს იკვლევდნენ, რეგულარულად გვაწვდიდნენ შევსებულ ანკეტას, სადაც მითითებული იყო ასევე ტანსაცმლის ზომებიც. ამის საფუძველზე ვამზადებიდით ამანათებს და ყველა დაზარალებულს მიზნობრივად მისდიოდა დახმარება.“
გრძელვადიანი დახმარება
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ კატასტროფის დროს დაზარალებულების მხარდასაჭერად მოქალაქეების მობილიზება პირველ ორ კვირას პიკს აღწევს. ამის შემდეგ ვნებათაღელვა ნელდება, ვითარება კალაპოტში დგება და დახმარებაც შესაბამისად იკლებს. თუმცა საჭიროებები კვლავ რჩება და დღითიდღე მატულობს. წითელი ჯვრის საზოგადოების დონორებისა და ფონდების მოძიების სისტემა დაზარალებულებს გრძელვადიან პერსპექტივაში სთავაზობს დახმარებას.
„ჩვენ, როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წევრ ეროვნულ საზოგადოებას, კონტაქტი გვაქვს მსოფლიოს 189 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებასთან, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. ამჯერად მივმართეთ საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო ფონდს ჟენევაში. შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კატასტროფების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები თამარ კამკამიძე და გვანცა ჟღენტი. ველით მათგან დასტურს, რათა დავეხმაროთ დაზარალებულებს როგორც ჰიგიენური საშუალებებითა და კვების ამანათებით, ასევე საოგახო ნივთებით,“ – ამბობს ნათია ლოლაძე, „ევროკომისიიდან, დანიისა და ავსტრიის წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებებიდანაც ველით მხარდაჭერას.
მათთვის კი, ვისაც მომავალშიც სურს დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოქმედებს წითელი ჯვრის საზოგადოების ანგარიშის ნომერი GE91BG0000000683916102. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან შემოწირულობის გაკეთებაც ნომერზე 0901 200 100.
წითელი ჯვრის საზოგადოების ინციატივით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია შემოწირულობის გადარიცხვა ვებ პლატფორმის ammado.com -ის მეშვეობით. „Ammado ეხმარება კატასტროფით გამოწვეული ზიანის შემცირებაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხების მოძიებაში. ვებ პლატფორმით თანხის გადარიცხვა კომფორტულია, რადგან ის იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას ნებისმიერ ვალუტაში. Ammado არის გამჭვირვალე ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს შემოსულ თანხებს და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის,“ -აღნიშნავს მარიამ ბექურიძე ფონდების მოძიების ოფიცერი.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ