14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. 1850 წლის 14 იანვარს თბილისში პირველი სპექტაკლი – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დაიდგა.
ამ თარიღიდან 50 წლის შემდეგ, 1900 წელს, სცენისმოყვარეებმა ხარაგაულში თეატრი დააარსეს.
ხარაგაულის თეატრის ისტორიის, დღევანდელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს, – ირინე ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ირინე, გვიამბეთ ხარაგაულის თეატრის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
– შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულის თეატრი ხარაგაულთან ერთად დაიბადა. თეატრი ხარაგაულელთა ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ხარაგაულის თეატრმა 124 წლის წინ საქმიანობა შენობის გარეშე დაიწყო. სპექტაკლები ეზოებში იმართებოდა. გავიდა ერთი საუკუნე და პანდემიის დროს სპექტაკლებს ჩვენც ღია სივრცეებში ვატარებდით.
124 წლის წინ ხარაგაულის თეატრის სათავეებთან იდგნენ ლეონტი ჭიპაშვილი, ასკალონ ლომსაძე, შალვა ხარაძე, ნოე აბაშიძე – თეატრის ერთ-ერთი პირველი რეჟისორი. ჩვენი თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კამპანია რომ წამოვიწყეთ, ნოე აბაშიძის შვილიშვილი გამოგვეხმაურა და ხარაგაულის თეატრის დასის უნიკალური ფოტოები მოგვაწოდა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ხარაგაულის თეატრმა ბინა რკინიგზელთა კლუბში დაიდო.
1947-49 წლებში ხარაგაულის თეატრი სახელმწიფო თეატრის სტატუსს ატარებდა. აქ ჩამოდიოდნენ და სპექტაკლებს დგამდნენ გამოჩენილი რეჟისორები – იური კაკულია, შალვა დადიანი.
ხარაგაულის თეატრის განვითარებაში განუზომელი ღვაწლი მიუძღვის ივანე (ბიჭიკო) აბაშიძეს. მას, ძირითადად, როგორც ლოტბარს, ისე იცნობენ. თუმცა ის იყო უნიჭიერესი რეჟისორი და მსახიობი. მან ათეულობით სპექტაკლი დადგა ხარაგაულის თეატრის სცენაზე.
1959 წელს ხარაგაულის თეატრმა სახალხო თეატრის წოდება მიიღო. გამორჩეულია თეატრის ისტორიაში რეჟისორი ოთარ აბაშიძე. 2023 წელს მას 100 წელი შეუსრულდა. ხარაგაულის სახალხო თეატრი მის სახელს ატარებს.
1967 წლიდან ხარაგაულის სახალხო თეატრში პირველი სპექტაკლი დადგა თამაზ კიკნაძემ. ის მანამდე დასის წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ კიკნაძეების ოჯახის სამი თაობა, საუკუნეზე მეტია, ხარაგაულის თეატრის სცენაზეა. თეატრში თამაშობდა ბატონი თამაზის მამა, თავად თამაზ კიკნაძე და დღეს მისი შვილები. ვფიქრობ, რომ მისი რომელიმე შვილიშვილი ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს.
თეატრში მუშაობა პრესტიჟული იყო. მსახიობები საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ. ამიტომ მათ დღემდე სიყვარულით იხსენებენ.
ხარაგაულის თეატრი ცხოვრობდა და ცხოვრობს ისე, როგორც ხარაგაული და მთელი საქართველო. თითქოს ადამიანთა მაჯისცემაზე უდევს ხელი.
მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 1908 წელს, ხარაგაულის თეატრმა მის ხსოვნას სპექტაკლი მიუძღვნა. წარმოიდგინეთ მაშინდელი პოლიტიკური სიტუაცია, – ხელისუფლებაში ისევ ის მთავრობაა, რომელმაც ილიას მკვლელობა დაუკვეთა. ბედნიერი ვარ, რომ ასი წლის შემდეგ ხარაგაულის სცენაზე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი – „თანამდევი სული“ დავდგი.
ხარაგაულის სახალხო თეატრში, როგორც მსახიობი, ისე მივედი. 1990 წელს გურჯაანში საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ჩვენი თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის გასაჭირი“ გრანპრი დაიმსახურა. ამ სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ბოგვერაძე (დღეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი – მეუფე დოსითეოზი) გახლდათ.
გასული საუკუნის 50-იან – 70-იან წლებში ხარაგაულში საბავშვო თეატრი ფუნქციონირებდა და მას სათავეში მარო ტაბატაძე ედგა.
2004 წლიდან ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ვარ. ჩემი რეჟისორობით შექმნილმა პირველმა სპექტაკლმა – „ლექსო, არ დაიკარგები“ – დიდი მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ ხარაგაულის თეატრის სცენაზე 16 სპექტაკლი დავდგი:
„ნატვრის ხე“ (2005 წ.), „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (2006 წ.), „წითელქუდა“ (2008 წ.), „თანამდევი სული“ (2007 წ.), „ნიკო ფიროსმანი – და დროც გაჩერდება“ (2009 წ.), „შენ, სისხლო ჩემო!“ (2010 წ.), „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ (2012 წ.), „დარისპანის გასაჭირი“, „სათაგური“ (2015 წ.), „ორნი“ (2018 წ.), „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „ინდაური ინდიკოს თავგადასავალი“ (2019 წ.), „იმერული რექვიემი“ (2021 წ.), „მაცეკვე ტანგო“ (2022 წ.), „დოდოს მოლოდინში“ (2023 წ.).
2009 წელს ხარაგაულში თოჯინების თეატრი ჩამოვაყალიბე და დღემდე პატარა მაყურებლებს რვა სპექტაკლი ვაჩვენეთ.
ხარაგაულის სახალხო თეატრი სხვადასხვა თეატრალური ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია თითქმის ყველა ნომინაციაში. „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ ორჯერ საუკეთესო რეჟისორად დამასახელეს; ეს ტიტული გორის სახალხო თეატრების ფესტივალზეც დავიმსახურე. „თანამდევი სული“ „იმერეთის თეატრალური ფესტივალისა“ (2012 წ.) და ქემერის საერთაშორისო ფესტივალის (2013 წ.) გრანპრის მფლობელია. „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ხუთჯერ გავიმარჯვე. ამავე ტიტულის მფლობელები არიან მსხიობები – ლია ჭიპაშვილი, ნიკო მაჭავარიანი და როლანდი ხიჯაკაძე. ხარაგაულის სახალხო თეატრი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების, საუკეთესო მხატვრობისა და სცენოგრაფიისთვის დაწესებული ჯილდოების მფლობელია.
ეს მარტო ჩემი წარმატება არაა. ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი საქმე ძალიან უყვართ. დღეს რომ ხარაგაულის სახალხო თეატრს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იცნობენ – ეს ჩვენი დასის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგია. წლების განმავლობაში უამრავი მეგობარი შევიძინეთ თურქეთში, ლატვიაში, ბელგიაში…
– ქალბატონო ირინე, როლზე მსახიობებს როგორ არჩევთ?
– ჩვენი დასის წევრებს ბავშვობიდან ვიცნობ. ყველა მათგანის შესაძლებლობები ვიცი. უკვე ოცი წელია, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ვარ და წინასწარ „ვხედავ“, როგორ ჩაჯდება კონკრეტულ როლში ესა თუ ის მსახიობი. როლების განაწილების შემდეგ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაყურებელს მაღალი დონის სპექტაკლი ვაჩვენოთ.
– სპექტაკლის სცენარს როგორ არჩევთ?
– პირველ რიგში, სცენარი აქტუალურ თემას უნდა ეხებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ დაძლევენ მას დასის წევრები. ხარაგაულის თეატრში მოყვარული მსახიობები თამაშობენ. ჩემი აზრით, ასევე გასათვალისწინებელია, როგორ მიიღებს სპექტაკლს ხარაგაულელი მაყურებელი. ბევრ სცენარს ვკითხულობ. სცენარის შერჩევა ყველაზე რთულია. არის თემები, რომლებსაც, ჯერჯერობით, ხარაგაულში ვერ დადგამ.
– ქალბატონო ირინე, რა უშლის ხელს ხარაგაულის თეატრისთვის ახალი შენობის აგების იდეის განხორციელებას?
– ძალიან კარგი იქნება, თეატრს ცალკე შენობა რომ ჰქონდეს. თუმცა, შემდეგ შენობა უნდა დაიტვირთოს და თეატრი უნდა გაძლიერდეს. წელიწადში სპექტაკლის 4-5-ჯერ გამართვა საკმარისი აღარ იქნება. ყოველ თვეშიც ვერ გავმართავთ პრემიერას – ამისთვის პროფესიონალური დასია საჭირო.
აქ ერთი საკითხია – ხარაგაულში სპექტაკლი, შესაძლოა, მაქსიმუმ ხუთჯერ აჩვენო – უკვე ყველა ნახულობს და მეტჯერ ჩვენების მოთხოვნა არ არის. საერთოდ, ალტერნატიული დარბაზი საჭიროა, რადგან ხარაგაულში ბევრი შემოქმედებითი კოლექტივია და სადღესასწაულო დღეებში რეპეტიციებზე რიგია ხოლმე. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ.
– თქვენ ბრძანეთ, რომ გასული საუკუნის 50-იან – 70-იან წლებში ხარაგაულში საბავშვო თეატრი ფუნქციონირებდა. თქვენ გაქვთ საბავშვო სპექტაკლების დადგმის გამოცდილება. რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ხარაგაულში საბავშვო თეატრის ამოქმედება?
– ეს იქნება ყველაზე საუკეთესო რამ. საახალწლო ღონისძიებებს ვუყურებდი და ხარაგაულში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. ვფიქრობ, რომ საბავშვო თეატრი ხარაგაულში გაამართლებს და მას ბევრი მაყურებელი ეყოლება. ამავე დროს ეს იქნება ბავშვებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი გამოავლინონ. მიხარია, რომ ჩვენი დასის წევრი, ქრისტინე ლაცაბიძე თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება.
დარწმუნებული ვარ, ჩემს ინიციატივას, ხარაგაულში საბავშვო თეატრის შექმნის თაობაზე, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ.
– რა პრობლემებს აწყდებით საქმინობაში, როგორც რეჟისორი?
– კარგი იქნება, დასში მეტი ახალგაზრდა მსახიობი რომ გვყავდეს. მრავალი წელია, „ბერნარდა ალბას სახლის“ დადგმა მინდა და ვერ ვახერხებ, რადგან ამ სპექტაკლში ათამდე ახალგაზრდა ქალმა უნდა ითამაშოს.
თოჯინების თეატრი ყურადღების მიღმა დამრჩა. ეს შეუცვლელი პროექტია პატარა მაყურებლისთვის და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. წელს თოჯინების თეატრის საქმიანობა უნდა გავააქტიუროთ. „იმერეთის თეატრალურ ფესტივალში“ აუცილებლად ჩავერთვებით, თუმცა, ჯერჯერობით, პიესის მოძიების პროცესში ვარ.
– ქალბატონო ირინე, რას ნიშნავს თეატრი თქვენთვის?
– ალბათ, ორიგინალური ვერ ვიქნები, ასე თუ ვიტყვი – „თეატრი არის ჩემი ცხოვრება“, – იმიტომ, რომ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მართლა თეატრით ვცხოვრობ. ძილშიაც კი თეატრზე ვფიქრობ – რა უნდა გავაკეთო, რით უნდა გავახარო ჩემი ხარაგაულელი მაყურებელი.
ხარაგაულში თეატრი იარსებებს, სანამ ის მაყურებელს ეყვარება. თეატრი ყოველთვის იქნება ძლიერი ტრიბუნა და ხარაგაულის სავიზიტო ბარათი.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი