საქართველოს მასშტაბით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ტარდება.

დღეს, 11 იანვარს, ოლიმპიადა ფიზიკასა და რუსულ ენაში არ შედგა, რადგან ფიზიკის მეორე ტურში ხარაგაულელი მოსწავლეებიდან ვერავინ გადავიდა, ხოლო რუსული ენის ტური მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო ვერ ჩატარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მანანა რაზმაძე ამბობს, რომ რამდენიმე მოსწავლე ხარაგაულის სოფლებიდან უტრანსპორტობის გამო ვერ გამოცხადდა. მისივე თქმით, ამას თან 8 და 9 იანვარს უამინდობა დაერთო.

„ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ორ საგანში მონაწილეობდა, პირველ სესიაზე ვერ გამოცხადდა, – ამბობს მანანა რაზმაძე, – მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, რომ მისი სოფლიდან ხარაგაულის ცენტრამდე ტრანსპორტი არ დადის და ამიტომ მეორე სესიაზე – სამი საათისთვის მოსვლაც ძლივს შეძლო.

კარგი იქნება, სამომავლოდ სკოლები ამ საკითხს თუ გაითვალისწინებენ და ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილე მოსწავლეების სოფლებიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ“.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში 13 მონაწილედან და 4 გამოცხადდა, ისტორიის ტურზე 14 მოსწავლიდან – 3, მათემატიკაში 3 უფროსკლასელიდან მისვლა ვერც ერთმა შეძლო, ინგლისური ენის მეორე ტურს ორი მონაწილე ჰყავდა და ოლიპიადაში ორივე მათგანი ჩაერთო, გეოგრაფიის ტურის 26 მონაწილედან – 16 მოსწავლე.

არც ერთი მოსწავლე არ გამოცხადდა ქიმიისა და რუსული ენის ტურებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხვალ, 12 იანვარს, ბიოლოგიის ტურით დასრულდება.

2023-2024 სასწავლო წლის ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 26 300-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.

მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.

ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და კანდიდატების გამოვლენა იმ ნაკრებებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.