კომპანიამ „სამი ძმა“ პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.

საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG.

„ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში.

პროდუქციის უკან დაბრუნების ზუსტი ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს.

ჩვენს კომპანიას ბუშტები შემოაქვს ჩინეთიდან, ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნიდან, სადაც ყველა სერიის წარმოება გადის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას.

გამომდინარე იქედან, რომ ბუშტები ბავშვებისთვის მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმიანობას და ქარხანაშივე ვითხოვთ ლაბორატორიულ კონტროლს, რომელთა ნიშნებიც დატანილია თითოეული ბუშტის შეფუთვაზე.

ხარისხის კონტროლი საქართველოში ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია.

ამჯერად, 7 სახეობის ბუშტის ნიმუში გაიგზავნა თურქეთში შესამოწმებლად. აქედან ხუთმა წარმატებით გაიარა კონტროლი, ხოლო ორი სახეობა, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს შესაბამისი სტანდარტი, ამოვიღეთ გაყიდვიდან და ამავდროულად, მწარმოებელ კომპანიას ვაცნობეთ ლაბორატორიული შედეგები.

თუმცა თავად მწარმოებელი დარწმუნებულია საკუთარი წარმოების ხარისხში. აპირებს კიდევ ერთხელ გადაამოწმოს კონკრეტული სერიის ბუშტების ხარისხი.

ბუშტები, რომლებიც ამოღებულია რეალიზაციიდან, ჩვენს საწყობებში შემოვიდა ნოემბრის თვეში, თუმცა მათი რეალიზაცია არ მომხდარა დიდი რაოდენობით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეფუთვით მხოლოდ ფერადმა ბუშტებმა, კოდით AUF-20 ვერ გაიარა შესაბამისი კონტროლი“.

პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები:

ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20, მწარმოებელი: შპს სამი ძმა) ნიტროზამინის (NDMA,GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ),ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05 მგ/კგ).

ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ,მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას,მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.