„ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, ირინე ჩხეიძის რეჟისურით, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა, – წერს თეატრთმცოდნე, ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2015“ ჟიურის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი ბლოგში „თეატრალური იმერეთი 2015 – ფორუმი, რომელიც იმერეთს და ქართულ თეატრს სჭირდება.“

მართას როლში თავად რეჟისორი მოგვევლინა, რომელმაც გმირს დარბაისლური იმერლობა და კოლორიტი არ დაუკარგა, – ამბობს ბატონი ლაშა, – ხარაგაულის თეატრმა კოლორიტული, ამბიციებისა და პოზების გარეშე შემოგვთავაზა სანახაობა, რომელიც ერთდროულად ეხმიანებოდა ისტორიულ ყოფას და ჩვენს თანამედროვეობას. აშკარად ჩანდა დასის დიდი მონდომება და სწრაფვა პროფესიონალიზმისაკენ.“

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჟიურის ფავორიტ სპექტაკლად დასახელდა და დაჯილდოვდა ნომინაციაში „ანსამბლური სპექტაკლი.“ საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა და ჟიურის წევრმა თეიმურაზ ლანჩავამ  ირინე ჩხეიძე მართას როლის მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის დააჯილდოვა.