ყოველ ახალ წელს ახალი იმედებით, უკეთესი მომავლის სურვილით ვხვდებით.
დავინტერესდით, რამდენად შეიცვალა ხარაგაულელთა ყოფა-ცხოვრება და როგორ შეხვდნენ ახალ წელს ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად არსებობისთვის ბევრი შრომა უწევთ.
მანანა ტაბაშიძე ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერია. ის ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ეს რეგიონებსა და განსაკუთრებით ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებში, ნაკლებად იგრძნობა.
„ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ის ადამიანები არიან, რომელთაც არც პენსია აქვთ, არც სოციალური დახმარება და არც ხელფასი, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ქვეყანაში ადამიანთა დასაქმების მიმართ მიდგომები უნდა შეიცვალოს.
ვიცი ოჯახები, რომელთაც საკმაოდ დიდი – 2 500 ლარამდე შემოსავალი აქვთ ყოველთვიურად, მაგრამ იმ ფინანსებს სწორად განკარგვა უჭირთ.
საკუთარ თავზე გეტყვით – პენსიონერი ვარ და მცირე ხელფასსაც ვიღებ. მარტო პენსია რომ მქონდეს, წამალს ვერ ვიყიდდი. ჩემს შვილებს მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და მათ თავიანთი საჭიროებები აქვთ.
ამასწინათ წამლის საყიდლად და სამკურნალოდ ბანკიდან სესხი გამოვიტანე. 38 წლის სტაჟით გავედი პენსიაში. რატომ არ უნდა მქონდეს იმხელა პენსია, რომ წამლის ყიდვა შევძლო?!
გასულ წელთან შედარებით ყველაფერი ძალიან გაძვირდა. 1 500 ლარი შემოსავალი რომ აქვს ოჯახს, ის შვილებს ვერც უმაღლეს და ვერც პროფესიულ განათლებას მისცემს. ხალხს იმის ფული არ აქვს, რომ ხარაგაულის სოფლებიდან ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოვიდეს, სასურველი პროფესიის შესასწავლად.
არაფერი კეთდებაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ქვეყანაში მხოლოდ ბათუმი და ზამთრის კურორტები ვითარდება. ბევრი ისვენებს ამ კურორტებზე. თუმცა, ჩვენი შემოსავლის მქონე ხალხი იქ ვერ წავა.
ისევ ადამიანები უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ ყოფა-ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ადამიანებს ვუსურვებ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები. წარმატებული ახალი წელი დამდგარიყოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამ იმედი გამიჩინა, რომ ეკონომიურადაც გავძლიერდებით“.
ინდმეწარმე ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში საყოველთაო ნიჰილიზმი და უიმედობა.
„ხარაგაულში ფინანსურად არავის გვილხინს, – ამბობს ალექსანდრე, – ადამიანებმა თითქოს ხალისი დაკარგეს. ჩვენ თავად თუ არ მოვინდომეთ რამის გაკეთება, სხვა ვინ დაგვავალებს.
ხალხი აღარ არის ხარაგაულში. ქუთაისსა და ზესტაფონშიც ყოველდღიურად დავდივარ და მოსახლეობის უმრავლესობა საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზეა წასული.
აქაური შემოსავალი არასაკმარისია. 1 500 ლარიც რომ ჰქონდეს ოჯახს შემოსავალი, იმდენი ხარჯი და გადასახადია, თვიდან თვემდე თავის გატანა ჭირს.
მე პატარა ბიზნესი მაქვს, თორემ სამი შვილის რჩენა ძალიან გამიჭირდებოდა. მარტო ლობიო და კარტოფილი ხომ არ არის, სრულყოფილი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სხვა ბევრი რამ გვჭირდება“.
თამარ შავიძე ხარაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორია. მისი შეფასებით, ხარაგაულში მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით არ გაუარესებულა.
„სახელმწიფოს მიეცა საშუალება და წელს უფრო მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს ეხმარებიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ ავიღოთ, „სათნოების სახლში“ 160 ბენეფიციარი გვყავს, 2024 წელს მათი რიცხვი ათით გაიზრდება.
„სათნოების სახლში“ სოციალურად დაუცველი ათი ქალი დასაქმდა. ეს ძალიან კარგია. ისინი მზარეულს საჭმლის მომზადებაში ეხმარებიან, ასევე ოჯახებში საკვები პროდუქტები მიაქვთ.
შედარებით რთულია იმ მოხუცების მდგომარეობა, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. ზოგს დამლაპარაკებელი ენატრება. უახლოეს ხანში ხარაგაულის „სათნოების სახლი“ შინმოვლის პროგრამის მიმწოდებლად დარეგისტრირდება. ეს მარტოხელა მოხუცებისთვის დიდი შვება იქნება.
საახალწლოდ სათნოების სახლის ბენეფიციარებს ტკბილეულის ნაკრებს გადავცემთ.
ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი