სართიჭალის საფეხბურთო კლუბ „შტურმის“ ფეხბურთელი, ნახევარმცველი ზურაბ გოლუბიანი ლიგა 3-ის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

წლევანდელ სეზონზე ზურაბმა მეტოქე გუნდების კარები თექვსმეტჯერ აიღო.

ზურაბის საფეხბურთო კარიერა ხარაგაულის სპორტულ სკოლაში ექვსი წლის ასაკიდან იწყება. ფეხბურთისადმი ინტერესი სამი წლისამ გამოავლინა, როცა სხვა გასართობებს ბურთით თამაშს ამჯობინებდა და ტელევიზორში მხოლოდ ფეხბურთს უყურებდა.

იმ დროს ზურაბს ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს თამაში ძალიან მოსწონდა. სურდა, მასავით წარმატებული გამხდარიყო.

თავიდან ხარაგაულის სპორტულ სკოლაში მოქმედ ფეხბურთის წრეზე მივიდა. მისი პირველი მწვრთნელი თემური ჯოხაძე გახლდათ. მწვრთნელმა შეამჩნია ზურაბის განსაკუთრებული მონდომება და მონაცემები. ამიტომ მშობლებს ურჩია, წინსვლისა და განვითარებისთვის ჯობდა, ზურაბი უფრო ძლიერ გუნდში გადაეყვანათ.

ფეხბურთის თამაში ზურაბ გოლუბიანმა ზესტაფონში გაგრძელა. იქ მისით თბილისური გუნდები – „დინამო“ და „საბურთალო“ დაინტერესდნენ. ოჯახის ხელშეწყობით მან თამაში ჯერ „საბურთალოში“, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბებში – „ლოკომოტივი“ და „ვარკეთილი“ გააგრძელა.

ახლა ზურაბი „შტურმის“ ნახევარმცველია და გუნდის შეცვლას, ჯერჯერობით, არ გეგმავს. ამ გუნდს აქვს შანსი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეს. ზურაბის აზრით, ყველაფერი ფეხბურთელების მონდომებაზეა დამოკიდებული.

„წლის საუკეთესო ბომბარდირად რომ დამასახელეს, უზომოდ გამიხარდა, – ამბობს ზურაბი, – ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ამისთვის ბევრი ვიშრომე. რა თქმა უნდა, მწვრთნელი და თანაგუნდელები გვერდით დამიდგნენ. ყველა მამხნევებდა. ყოველთვის ორივე ტაიმს არ ვთამაშობდი. მწვრთნელი ზუსტად საჭირო დროს მიშვებდა სტადიონზე სათამაშოდ. ამ სტრატეგიამ გაამართლა და ჩვენმა გუნდმა სეზონი საუკეთესო შედეგით დაამთავრა.

ზურაბის უპირველესი მიზანია, სადაც არის, იქ იყოს საუკეთესო და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. კარიერის გაგრძელებას, ჯერჯერობით, საზღვარგარეთ არ გეგმავს. არ ცდილობს, რომელიმე ფეხბურთელს მიბაძოს, რადგან თვლის, რომ ყველა სპორტსმენს თავისი გამორჩეული სტილი აქვს. თუმცა, ყველაზე მეტად ლიონელ მესი მოსწონს.

ზურაბს გული წყდება, ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი რომ გაუქმდა. ის თვლის, რომ თავის დროზე ხარაგაულის საფეხბურთო გუნდმა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

რა არის წარმატებისთვის მთავარი, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ზურაბი გვპასუხობს, რომ – მთავარია მონდომება და საქმის სიყვარული.

„შედეგი დიდი და ხანგრძლივი შრომით მიიღწევა, – ამბობს ზურაბი, – დასახულ მიზნამდე მონდომების გარეშე ვერ მიხვალ.

დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, თქვენი სტუმარი რომ ვარ. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მხარი დამიჭირეს. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ხარაგაულელ მეგობრებს. ბედნიერ და წარმატებულ 2024 წელს გისურვებთ“.

ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ ზურაბ გოლუბიანს.

ნინო კაპანაძე