ამ ფოტოზე, ჩემთან ერთად, კონსტანტინ გრიგორენკოა, – მედია მენეჯერი უკრაინის ქალაქ იზიუმიდან; სწორედ იმ ქალაქიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჩემი 32 წლის ბაბუაა დაკრძალული.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინს ჩემი ბაბუას „იზიუმის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ვაჩვენე, დამპირდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებს ბაბუას საფლავის მონახულებაში დაგვეხმარება, – როცა ომი დასრულდება, უკრაინის გამარჯვებით.

კონსტანტინს შვედეთის მედია ინსტიტუტისგან ორგანიზებულ საერთაშორისო მედია სემინარზე დეკემბერში შევხვდი. მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ამ სემინარში თვრამეტი მედიამენეჯერი ვმონაწილეობდით საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან.

„მედია ორგანიზაციის მართვა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდებში“, – ამ თემაზე ვიმსჯელეთ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ.

„კრიზისი“ არის მდგომარეობა, როცა არ იცი, რა გააკეთო; თუკი იცი, – სამოქმედო გეგმას ადგენ, – ამბობენ ჩემი კოლეგები უკრაინიდან; მედიამენეჯერები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ დადგნენ რეალური კრიზისის წინაშე, – როცა მათ ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლები შეიჭრნენ, როცა მათ სოფლებსა და ქალაქებს ბომბავდნენ, ჟურნალისტები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობდნენ. მათი მკითხველები სვამდნენ შეკითხვებს, უკრაინული ადგილობრივი მედია კი ყოველთვის ვერ ფლობდა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ოპერატიულ და გადამოწმებულ ინფორმაციას!

სემინარზე რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინელი მედიამენეჯერები გაცილებით ოპტიმისტურად და მხნედ გამოიყურებოდნენ, ჩვენს იმ ბელორუს კოლეგებთან შედარებით, ვინაც, ავტორიტარული რეჟიმის გამო, ორწლინახევრის წინ სამშობლო იძულებით დატოვეს და დღეს მედიასაქმიანობას მეზობელი ქვეყნებიდან აგრძელებენ.

ვუსმენდი ჩემს ბელორუს კოლეგას, რომელიც უკვე ორწელიწადნახევარია, სამშობლოდან გამოქცეული, საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ბრუნდება, რადგან მას იქ დაპატიმრება და შვიდწლიანი ციხე ემუქრება; მის მეუღლესა და შვილებს, პერიოდულად, მისი მონახულების შესაძლებლობა აქვთ; ხოლო მოხუცებულ დედას, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი შვილისგან მხოლოდ 50 კმ-ში ცხოვრობს, ტრანსპორტირება არ შეუძლია, რომ მონატრებული შვილი მოინახულოს.

ვუსმენდი ჩემს ბელორუს დევნილ კოლეგას, – დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომელიც სიმართლეს და მოქალაქეების მიუკერძოებლად ინფორმირებას ემსახურება და ვფიქრობდი, რომ მთლად უსაფუძვლოც არ იყო ჩემი მყისიერი რეაქცია, – ვადაგასული პასპორტი რომ სასწრაფოდ განვაახლე, – ამ წლის მარტში რომ საქართველოს პარლამენტში ე.წ. „აგენტების კანონი“ განიხილებოდა.

არასდროს, არცერთ ქვეყანაში გაქცევის ან დარჩენის სურვილი აზრადაც კი არ მომსვლია. მიმაჩნია, რომ ჩემი საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ ჩემს ქვეყანას და ჩემს ხარაგაულს უნდა მოვახმარო, ჩემი ღრმა რწმენითა და შეგნებით.

დამდეგ, 2024 წელს, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ 26 წლის გახდება. ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა ძალიან კარგად იცით, რომ ეს 26-წლიანი ისტორია არის მუდმივად ბრძოლისა და დაბრკოლებების გადალახვის მარათონი.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის წევრებს, – ხშირად ტოქსიკურ გარემოში, თავდაუზოგავი, ზოგჯერ უხელფასოდ მუშაობისთვის; იმისთვის, რომ – მიზნებისა და იდეალებისთვის, – რაც ჩვენს გუნდს გვაერთიანებს, – არასდროს უღალატიათ.

2024 წელი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების თანმდევი ცხრა პირობა საქართველომ უნდა შეასრულოს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის მისაღებად მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.

ამაში დამოუკიდებელმა მედიამ და საზოგადოებამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

დაე, მომავალი წელი ბედნიერების, სიხარულის, სიმშვიდის, ერთიანობის, პოლარიზების დაძლევის, ახალ-ახალი გამარჯვებების, დოვლათისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის.

მჯერა, მალე დადგება დრო, როცა მე და ჩემი ოჯახის წევრები შევძლებთ ჩემი გმირი ბაბუას საფლავის მონახულებას, ომში გამარჯვებული უკრაინის ქალაქ იზიუმში;

მჯერა, სამშობლოდან დევნილ ჩემს ბელორუს კოლეგას მალე მისსავე ქვეყანაში ჩავეხუტები ისევე, როგორ კიშინიოვში, დამშვიდობებისას! ჩვენს ამ უსიტყვო ჩახუტებაში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წლობით დაგროვილი სათქმელი იყო ჩაქსოვილი!

ლაურა გოგოლაძე

„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი