ყოველი ახალი წელი ახალი მიზნების დასახვისა და ასრულების, ახალი პერსპექტივების აღმოჩენის შესაძლებლობაა. რას მოელიან დამდეგი 2024 წლისგან ჩვენი წარჩინებული უფროსკლასელები, – ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით.

სანდრო ტაბატაძე, ხევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე: – სულ რაღაც ორი კვირის წინ, 14 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ეს კიდევ ერთი დიდი გადადგმული ნაბიჯია ევროპისაკენ, რომელიც ჩვენ, ახალგაზრდებს კიდევ უფრო დიდ მოლოდინს გვიქმნის მომავალი წლის და წლების ნაყოფიერებაზე.

2024 წლისგან ბევრ წარმატებას მოველი. მე, როგორც ლიტერატურის დიდ მოტრფიალეს, მჯერა, რომ 2024-ში უამრავ საინტერესო წიგნს წავიკითხავ; როგორც ახალბედა მწერალს, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს პირველ წიგნს „ევროპელი“ სწორედ 2024 წელს დავბეჭდავ. ასევე მჯერა, რომ ჩემი მუზა ისევ ჩემთან დარჩება და გავამდიდრებ ჩემს ლექსების კრებულს; როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, მსურს ჩემი სკოლა ვასახელო და ის გაწეული ამაგი, გვერდში დგომა, რასაც ჩემი სკოლის თითოეული მასწავლებლისგან ვგრძნობ, ჩემი წარმატებით დავაფასო.

2024 წელს ჩემს საჭადრაკო კარიერაში ზრდას მოველი და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გავიცნობ ჭადრაკის დედოფალს – ნონა გაფრინდაშვილს.

მჯერა, რომ წლევანდელ წელს ინგლისური ენის ცოდნას კიდევ უფრო გავიღრმავებ და იმ დროსა და ენერგიას, რასაც ბრიტანულ ცენტრში სწავლას ვუთმობ, ჩემთვის დადებითი გავლენა ექნება. ასევე ვარ ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი და ვიმედოვნებ, დამდეგ 2024 წელს უამრავ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ყველაზე მთავარს, რასაც 2024 წლისგან მოველი, ეს უკრაინაში დასრულებული ომი და საყოველთაო მშვიდობაა.

საბა წიქარიშვილი, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: – „ნაკლები მოლოდინები ნიშნავს, ნაკლებ იმედგაცრუებას“, – ვფიქრობ, რომ ეს ციტატა ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რადგან, რაც ნაკლებია მოლოდინი, მით უფრო ნაკლებია წუხილი, შესაძლო მარცხის შემთხვევაში.

ზოგადი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ჩემს პიროვნებას ვუწოდო რეალისტი ადამიანი, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში ვისახავ რეალურ მიზნებს და განვიხილავ რეალურ შედეგებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ ვიყო მეტად თავდაჯერებული ადამიანი და ლოგიკურად არ ვისახავ ისეთ მოლოდინებს, რისი გამართლების ალბათობაც ნაკლებია. ამიტომაც, თუ რაიმეს მოლოდინი მაქვს, ვფიქრობ, რომ ამ მოლოდინის გამართლების ალბათობა არის მაღალი.

2024 წლის მოლოდინებს რაც შეეხება, – უკვე მიხვდებოდით, რომ არ ვარ ისეთი პიროვნება, ვისი მოლოდინებიც არის მწვერვალების დაპყრობა, მთვარეზე გაფრენა და ა.შ. ბოლო პერიოდის მთავარი მოლოდინი – კანდიდატის სტატუსის მოპოვება – ასრულდა. ჩემი სამომავლო მოლოდინია, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ეს ცოტა შორეული, თუმცა რეალური მოლოდინია.

2024 წელს ველოდები, რომ უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის; კონკრეტულად იმას, რომ გვექნება უფრო მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან, რაც გაზრდის ქვეყნის ეკონომიკას, ადამიანების ცნობიერებას ევროპის წამყვან ქვეყნებზე და ა.შ. ასევე უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები; კერძოდ, ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. ამ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ჩემი მთავარი მოლოდინი და სურვილი, 2024 წლისათვის, იქნება მშვიდობა სრულიად მსოფლიოში, რადგან პირველი არის მშვიდობა და მერე არის სხვა დანარჩენი.

თამთა პავლაძე, ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: – ახალი წელი ახალი იდეების დასაწყისთან ასოცირდება. მიმდინარე წელი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმედია, რომ მომავალი წელიც ასეთივე იქნება. ამჟამად, როგორც აბიტურიენტი, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები. მოველი, რომ შევძლებ სასურველი მიზნის მიღწევას და მაღალი შედეგების მიღებას.

საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ 2023 საკმაოდ წარმატებული წელი იყო ჩემთვის, მაგრამ მსურს, რომ ახალი წელი უფრო მეტი შემართებითა და ენერგიით დავიწყო, რათა შევძლო სკოლის წარმატებით დამთავრება, როგორც მედლის კანდიდატმა.

შესაბამისად, 2024 წელს მსურს, შევძლო ჩემი ოცნებები ვაქციო რეალობად, გავხდე სტუდენტი და ვასახელო ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებაში 12 წლის განმავლობაში. გილოცავთ ახალ 2024 წელს და გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას!

ანი ნიქაბაძე, ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: – ახალი წელი, არის 365 შანსი იმისათვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს და ცხოვრებამ უკეთესი მომავლისაკენ აიღოს გეზი.

2024 წელს ჩემი მოლოდინები სტუდენტობას უკავშირდება, რადგან, ჩემი აზრით, ცხოვრების ამ ეტაპზე მიღებული ბევრი გადაწყვეტილება შემდგომში გარდამტეხ როლს ითამაშებს ჩემი „მე-ს“ ფორმირებაში. მრავალი ცვლილებაა წინ…

ვემშვიდობები სკოლას; იმ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ჩემთვის წლების განმავლობაში ყოველდღიურობად იქცა; ვიცვლი საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ასე მაქვს შესისხლხორცებული და რაც მთავარია, შევიძენ ახალ მეგობრებს, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერენ და ჩემი „ახალი ცხოვრების“ მეგზურები გახდებიან.

დღესასწაულები ამაღლებულ განწყობასა და პოზიტიურ ცვლილებებს გვახვევს თავს. 2024 წლის ბოლოს, როდესაც იგივე კითხვას დავუსვამ საკუთარ თავს, – თუ რას მოველი ახალი წლისგან, – მინდა, განსხვავებული პასუხი მქონდეს და იმ დროისათვის პიროვნულად მეტად განვითარებული ვიყო.

ჩემი მოლოდინები ქვეყნის ბედსაც უკავშირდება. მსურს, წინ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი აღმოჩნდეს, რომ წელიწადის ამ დროს ისევ ბედნიერი შეხვდეს ერი და ერთად აღვნიშნოთ ევროკავშირის წევრობა.

ნათია გოგოლაძე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე: – ხშირად დავფიქრებულვარ, რას ველი ახალი წლისგან და ამ შემთხვევაში 2024 წლისგან. მე, როგორც ყველა აბიტურიენტი, რა თქმა უნდა, ველოდები წარმატებულ სტუდენტობას და ჩაფიქრებული მიზნების სრულყოფაში მოყვანას. თუმცა, ეს ჩემი მოლოდინების მცირე ნაწილია.

ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ურთულესი ეტაპი – პანდემია და კარანტინი მოსწავლეობისას გამოიარა. ამან ძალიან ბევრ ჩვენგანში მკაფიო ანაბეჭდი დატოვა როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. მეც გავხდი ამ ეტაპის მსხვერპლი, პანდემიის გადალახვისა და ონლაინ სწავლების შემდეგ ძალიან გამიჭირდა, დავბრუნებოდი ჩვეულებრივ ცხოვრებას და როცა ფეხი ისევ ავუწყე ყოველდღიურობას, ჩემი ყოველი მომდევნო წლის სურვილი და მოლოდინი ჯანსაღ და კომფორტულ სოციუმში საკუთარი თავის აღმოჩენა გახდა. ეს, ჩემი აზრით, კარგად გამომდის.

ახლაც ჩემი 2024 წლის უმნიშვნელოვანესი მოლოდინი თვითგანვითარება და მენტალურად გაძლიერებაა.

დღესდღეისობით ყველასთვის სასიხარულო ამბავს, – ევროკავშირის კანტიდატი ქვეყნების სიაში მოხვედრას და ამ სტატუსის მინიჭებას რაც შეეხება, ვთვლი რომ 2023 წლის იდეალური დაგვირგვინება იყო. 2024 წელს უფრო დიდი მოლოდინები მაქვს ამ საკითხთან მიმართებაში. ეჭვიც არ მეპარება, რომ სულ მალე შევძლებთ, დავაკმაყოფილოთ ყველა რეკომენდაცია და ვადაზე ადრე გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ველოდები დიდ ცვლილებებს განათლების სისტემაში და მაინტერესებს, როგორ შედეგს გამოიღებს ეს ცვლილებები, რადგან განათლების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თანამონაწილე გავხდები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავარი მოლოდინი დემოკრატიული არჩევნებია. ვიმედოვნებ, 2024 წელი ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის იქნება წარმატების და მწვერვალების დაპყრობის წელი. ყოველი მომდევნო წელი ხომ ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია.