ჩვენი საახალწლო ნომრის სტუმარია ღვაწლმოსილი პედაგოგი, ღირსეული ხარაგაულელი, წლების განმავლობაში მარელისის სკოლის დირექტორი ზურაბ ფცქიალაძე.
ბატონი ზურაბი 1935 წლის 1 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში დაიბადა. 1961 წელს, გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კიცხის სკოლა-ინტერნატში დაიწყო მუშაობა, ქართული ენისა და ლიტარატურის მაწავლებლად. არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა ქალბატონ ცისანა რობაქიძესთან ერთად. სამი საუკეთესო შვილი აღზარდეს, – თამარ, თემურ და ნინო ფცქიალაძეები.
ზურაბ ფცქიალაძე 1967 წელს რკინიგზის მარელისის #9 საშუალო სკოლაში აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. შემდეგ ორი წელი ჯერ დიდვაკის რვაწლიან სკოლაში იმუშავა, 1977 წლამდე კი – საზოგადოება „ცოდნის“ პასუხისმგებელ მდივნად და წითელი ჯვრის საზოგადოების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
ზურაბ ფცქიალაძე 1997 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში, მარელისის საშუალო სკოლას ხელმძღვანელობდა.
ამჟამად სოფელ ბაბში ცხოვრობს, მეფუტკრეობას მისდევს და საკუთარ მეურნეობას უვლის.
ჩვენს შეკითხვაზე, პროფესიად მასწავლებლობა რატომ აირჩია, გვიპასუხა:
– მე გენერლობა მინდოდა! თუმცა, გორის პედინსტიტუტი დავამთავრე. ახლა ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა და ექიმობა ყველაზე საპატიო პროფესიებია, რადგან ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, მათ აღზრდასა და ჯანმრთელობას ემსახურები.
ობლად გავიზარდე. მამა ხუთი კვირისას გარდამეცვალა და დედამ და ბებიამ აღმზარდეს. ძალიან ტკბილი ბებია მყავდა, მისგან ხმამაღალი საუბარი არ მახსოვს. დედაჩემი იყო „ქალი აღმზრდელი“, ყოველთვის მას ვბაძავდი ცხოვრებაში. მე რომ წესრიგი მქონდა სკოლაში, ისეთივე დისციპლინა ჰქონდა დედას ოჯახში. ძლიერი ქალი იყო, თვითნასწავლი. ტანსაცმელს კერავდა. ომის დროს ჩვენთან მოდიოდნენ ქვებიდან, მოლითიდან, წიფიდან, ვახანიდან და ხარაგაულიდან. კლიენტს ზომებს რომ აუღებდა და ეტყოდა, – მოდი ზუსტად ამა და ამ დღეს, – შეუკერავდა და დათქმულ დროს უნაკლოდ გამზადებულს დაახვედრებდა. შვილები პატიოსან ადამიანებად აღგვზარდა, ცუდ საქმეს არ გვაპატიებდა.
ისტორია და ქართული ბავშვობიდან მიყვარდა. ლიტერატურის კითხვა მიზიდავდა. წიგნები არ გვქონდა, მაგრამ სადღაც მაინც ვშოულობდით. პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, „უფლისწული და მათხოვარი“ იყო.
– ბატონო ზურაბ, სამჯერ იმყოფებოდით ყაზახეთში, „ყამირზე“.
– სტალინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას გაუჭირდა. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყაზახეთში, აუთვისებელ ველებზე, მარცვლეული უნდა მოგვეყვანა. 1956 წლის ივლისში გორიდან 60 ახალგაზრდა წავედით ყამირზე. იქ მუშაობა ნამდვილად გმირობა იყო. თვალუწვდენელ ველებზე დილით ტრაქტორი კომბაინს რომ დაიბამდა, დაღამებამდე არ ჩერდებოდა.
წერა მიყვარდა და გორის ადგილობრივი გაზეთის რედაქტორ შალვა ჩუბინიძეს ყამირიდან რამდენიმე წერილი გამოვუგზავნე, ჩვენი ბიჭების სამაგალითო მუშაობაზე. ერთხელაც, შვიდი გაზეთი მოვიდა და შვიდივე – ჩემი წერილებით. ბიჭებს გაეხარდათ და მუშაობა გააასმაგეს.
– ცხოვრებაში თავი ყველაზე ბედნიერად როდის იგრძენით?
– მეუღლე რომ შევირთე და შვილები შეგვეძინა, – ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება.
ძალიან კარგი და მოსიყვარულე მეუღლე მყავდა. კარგი მასწავლებელი იყო, ჩინებული მეოჯახე; მეზობლებთან ურთიერთობაში – გულისხმიერი, არასდროს ჭორაობდა. მე ვუყვარდი, შვილები უყვარდა.
ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს ერთმანეთისგან არასდროს ვარჩევდი; როგორც ვექცეოდი შვილებს, ასეთივე დამოკიდებულება მქონდა მოსწავლეების მიმართ, – მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი. ცხოვრებაში იღბლიანი ვარ. შრომასა და ორგანიზებაში სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყავი. მიხარია, რომ ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ.
– ცხოვრებაში რა არის მთავარი?
– სიყვარული და წესრიგი. არა მხოლოდ საკუთარ საქმეს უნდა ასრულებდე პირნათლად, არამედ უნდა იყო კარგი, სამართლიანი ადამიანიც. ცხოვრებაში მომდურავი არავინ მყოლია.
მასწავლებლობას თუ გადაწყვეტ, მოწესრიგებული, მცოდნე, შენი საგნის სპეციალისტი უნდა იყოს. მომავალი თაობებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და სიბრძნის გადაცემა არ უნდა დაიშურო. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნა მიგვეცა და პატრიოტული სულისკვეთებით აღგვეზარდა. ვერ დავუშვებდი, რომ სკოლაში ბავშვს თანატოლი დაეჩაგრა.
ჩემი დირექტორობის პერიოდში სკოლაში ახალ მასწავლებლებს ყოველთვის მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით ვიღებდი; არასდროს ვექცეოდი რაიკომის ან აღმასკომის გავლენის ქვეშ, თუკი ნაკლებკვალიფიციური კადრების გამოგზავნას შეეცდებოდნენ.
– ბატონო ზურაბ, „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს რას გვირჩევთ და საახალწლოდ რას უსურვებთ ხარაგაულელებს?
– პრინციპულობასა და ობიექტურობას გისურვებთ. გაზეთის მკითხველი მატულობს მაშინ, როცა შენგან დაწერილით, ადამიანს საკუთარ გულისსათქმელს ამოაყრევინებ. ხათრი-მათრი არ გამოვა! თქვენ ხართ სკოლა, ხალხის მასწავლებელი.
წიგნები ზრდიან ადამიანებს, ასევეა პრესა, – ხალხის ერთ-ერთი წინამძღოლი სწორედ ობიექტური გაზეთი და მედიაა.
ხარაგაულელებს ყოველგვარ ადამიანურ სიკეთეს, ბარაქას, სიმდიდრეს, ერთმანეთის სიყვარულს, ურთიერთგატანას, წინსვლას ვუსურვებ. მინდა, რომ ყველა ადამიანი იყოს დასაქმებული, ყველა ხარაგაულელის ოჯახში სიყვარული სუფევდეს.
ღმერთმა ყველა სიკეთე, რაც ჩემი ოჯახისთვის მინდა, ხარაგაულის მიწას და ჩემს ხალხს დააფრქვიოს.
მე ხარაგაულის პატრიოტი ვარ. ჩემი რაიონი არსად შემირცხვენია. ჩემისთანა მაინც პატრიოტები, მრავალი გაეზარდოს ჩემს ხარაგაულს.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი