ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა 21 დეკემბერს საკრებულოს 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მერმა ყურადღება მუნიციპალიტეტში წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გაწეულ ხარჯებზე გაამახვილა.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, 2023 წელი, გასულ წელთან შედარებით, ყველა მიმართულებით უკეთესი და პოზიტიური იყო. ინფრასტრუქტურული კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები, რომლებიც საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგებას მოიცავდა, მათ შორის გარდამავალი პროექტებიც, წინსწრებით დასრულდა.
მერის ინფორმაციით, ჯამურად თითქმის 2 მილიონ ლარამდე თანხა წინსწრებით აითვისეს; რაც, მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ 2024 წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილზე 2 მილიონი ლარი ღირებულებით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დამატებითი ფინანსები მოიპოვა. მერი ამბობს, რომ მუშაობას გააგრძელებენ როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ არასამთავრობო თუ დონორ ორგანიზაციებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მეგობართა ჯგუფებთან – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
მერის თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს, რადგანაც მრავალი მილიარდი ლარი გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა მიმართულებებით საქართველოში ევროკავშირის მუშაობისა და რეფორმების განხორციელების გასაძლიერებლად.
ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ევროკავშირის დაფინანსებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურისა და დასვენების პარკს, დევების სკვერს, მიროწმინდაში საავტომობილო გზას, აშენდა ხუნევის სააბავშვო ბაღი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
მერმა დააანონსა, რომ ხარაგაულში მასშტაბური ახალგაზრდული ცენტრის შექმნა იგეგმება.
კობა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ 2023 წელს ყველაზე დიდი პრობლემა – ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 96 მილიონ ლარად აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს.
მერის თქმით, ამ გზის რეაბილიტაცია ეკონომიკური აქტივობების კუთხით დიდი ბიძგის მიმცემი იქნება ხარაგაულისთვის – მათ შორის, ხელს შეუწყობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში საოჯახო და ეკოტურიზმის განვითარებას.
მერის ინფორმაციით, არის სხვადასხვა იდეები, მათ შორის – ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის და ამ ადგილის რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების; საუბარია სახვლარის, როგორც ეკოსოფლის შექმნაზე.
მერმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ბალნეოლოგიურ კურორტ ნუნისზე და აღნიშნა, რომ კურორტის მფლობელებს, ლიცენზიის განახლების პირობებში, არაერთხელ შეხვდა. მისი ინფორმაციით, კურორტის მფლობელებმა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადონ კურორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და ნუნისი მომავალში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული კერა იქნება.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობებში ჩამოყალიბდა მკაცრი პირობები მათთვის, ვინც ამ მიმართულებით განვითარებაზე ფიქრობს, – მათ უნდა შეასრულონ პირობები, რომლებიც ხარაგაულისა და ხარაგაულელებისათვის მნიშვნელოვანია.
კობა ლურსმანაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მერიის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით საქმიანობას დაუთმო. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობას ძალიან დიდი ფინანსური რესურსებით შეეხიდნენ.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდეს და მეორეს მხრივ, როცა არსებობს ამის საჭიროებები, კარგი ისაა, რომ თვითმმართველობა შეჭირვების დროს მოქალაქეების თანაზიარია.
მერის ინფორმაციით, მომავალი, 2024 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებული თანხები გამოთავისუფლდება, რადგანაც სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დადგენილი ტარიფების მიღმა მოქალაქეებს დამატებით თანხას ვეღარ დაუწესებენ.
ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ყველაზე მეტად ასეთი პაციენტების მკურნალობაზე იხარჯებოდა.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, 2024 წელს გაგრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომელსაც ხარაგაულის თვითმმართველობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.
მერის თქმით, 2023 წელს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელება შეფერხდა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ მერიას პროექტები უფრო მეტი ხარჯთაღრიცხვით წარუდგინა, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული. ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში თითოეული პროექტისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი.
2024 წელს უნდა შესრულდეს 2023 წელს დაგეგმილი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში გამარჯვებული პროექტებიც და ასევე ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას 2024 წელს დაუკვეთავს.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ 2023 წელი იყო ძალიან პოზიტიური, პირადად ის ამ წლის შედეგებით კმაყოფილია. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ამოწურული და ყველა საკითხი გადაჭრილია. ცხადია, რჩება საკითხები, რომლებზე მუშაობაც მერიას მეტი ძალისხმევით მოუწევს.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში მერი, მერიის გუნდი, საკრებულოს წარმომადგენლობა, ზოგადად, ურთიერთთანამშრომლობის კარგ პრაქტიკას აჩვენებენ; მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან, სამხარეო ადმინისტრაციასთან, სამინისტროებთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან.
მერმა იმედი გამოთქვა, რომ ხარაგაულელები ხედავენ მერისა და მერიის საქმიანობას და იმას, რომ უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ, ხარაგაულისთვის რაც შეიძლება მეტი სიახლე, მეტი ფინანსები, პროექტები და შესაძლებლობები გააჩინონ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი