ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გასტანს.

ხარაგაულიდან წელს ეროვნულ გამოცდებს 110-მდე აბიტურიენტი აბარებს.

„გამოცდების ჩაბარებისას ძალიან ვნერვიულობ, – ამბობს ხარაგაულელი აბიტურიენტი თამარ ჩხიკვაძე, –  უკვე ორი გამოცდა ჩავაბარე, კიდევ ორი უნდა ჩავაბარო, – უცხო ენაში და ქართულ ლიტერატურაში. ორივე გამოცდაში მაღალი ქულების მიღებაა საჭირო ჩემგან არჩეულ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად. ტესტები საკმაოდ რთულია. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას,“ – ამბობს თამარი.

ხარაგაულელმა აბიტურიენტმა ირაკლი შარიქაძემ უკვე ორი გამოცდა ჩააბარა, – ქართული ენასა და ლიტერატურაში და ზოგად უნარებში. ირაკლიც ოთხ გამოცდას აბარებს. „ისტორია უფრო რთულად ჩასაბარებელი მეჩვენება, თუმცა ძალიან არ ვნერვიულობ“, – ამბობს ირაკლი.

ხარაგაულელ დათო აბაშიძეს რომ დავუკავშირდით, ზოგადი უნარების გამოცდაზე გასასვლელად ემზადებოდა. გვითხრა, რომ არ ღელავდა. „გამოცდები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ყველა პირობაა იმისათვის, რომ მშვიდად იმუშაო. ყველაზე მეტად ინგლისური ენის გამოცდა მაშინებს. თუმცა იმედი მაქვს, ჩაბარება არ გამიჭირდება,“ – ამბობს დავით აბაშიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია ხარაგაულელმა აბიტურიენტმა თორნიკე ჭყოიძემ. მისი აზრით, გამოცდები საშუალო სირთულისაა და მოსწავლეს, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა, ჩაბარება არ გაუჭირდება. „ქართული და უნარები უკვე ჩავაბარე. წინ კიდევ სამი გამოცდა მელის და იმედი მაქვს, კარგ შედეგს ვაჩვენებ“.

წარმატებებს ვუსურვებთ აბიტურიენტებს.

თამთა გოგოლაძე