დღეს, 4 დეკემბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის კლარა გველესიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

შეკრებილ საზოგადოებას კლარა გველესიანის ბიოგრაფია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ გააცნო.

ქალბატონი კლარა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სხლითში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, მხატვრობის სიყვარული ბავშვობიდან თან სდევდა. დაამთავრა რკინიგზის ხარაგაულის #10 საშუალო (ხარაგაულის#3 საჯარო) სკოლა. ხატვის მასწავლებელი ხშირად სთხოვდა, რომ თანაკლასელებისთვის დაეხატა და ისიც სიხარულით ასრულებდა დავალებას.

17 წლის ასაკში ბედი სოფელ ხიდარში მცხოვრებ ზაურ ბერაძეს დაუკავშირა. სოფლის შრომა-საქმიანობაში ხატვისთვის აღარ ეცალა, სამ ვაჟკაცს ზრდიდა და თან მეუღლეს სოფლის საქმეებში ეხმარებოდა. დიდი ტრაგედია გადაიტანა, ორი შვილი მიწას მიაბარა, თუმცა არ გატეხილა და თავის დიდ ოჯახს, რძლებსა და შვილიშვილებს მედგრად ედგა გვერდით.

რამდენიმე წლის წინ თბილისში მცხოვრებმა შვილმა, აკაკიმ, შვილიშვილის აღსაზრდელად თბილისში წაიყვანა. ერთხელაც ქალბატონმა კლარამ ძველი რვეულები გადმოიღო და რამდენიმე ნახატი შეასრულა. ეს ნახატები რძალმა ნანი კვანტალიანმა ნახა, იმდენად მოეწონა, რომ ოჯახის ნათესავ მხატვარს აჩვენა.

ოჯახმა ქალბატონ კლარას სახატავი საღებავები და ტილოები შეუძინა და მანაც დიდი სიამოვნებითა და მონდომებით დაიწყო ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი მხოლოდ ნახატებით არ დაკმაყოფილდა, შესანიშნავად აითვისა ხეზე კვეთა და ხატწერაც.

ქალბატონი კლარას ნახატებში უმეტესად ბუნების ხედები, ცხოველები, ფრინველები, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები სჭარბობს.

გამოფენაზე ქალბატონ კლარას წარმატებები, ჯანმრთელობა, მხნეობა და კიდევ მრავალი ნახატის შექმნა უსურვეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა მამუკა ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით კიკნაძემ, ხიდრის მაჟორიტარმა დეპუტატმა შმაგი ხიჯაკაძემ, საკრებულოს წევრმა ეკა შველიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ჟანა ნემსაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ და სხვებმა.

ქალბატონ კლარას მთელი ცხოვრება გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს რძლებმა ნონა ზურაბიანმა და ნანი კვანტალიანმა, შვილიშვილებმა, მეზობლებმა და მეგობრებმა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს ჩემი ნახატები მოეწონებოდა, – ამბობს კლარა გველესიანი, – ჩემს ოჯახში რამდენიმე წლის წინ კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა და ჩემი ნახატებით დაინტერესდა. მადლობა, რომ დღეს ჩემს გვერდით ხართ და მხარს მიჭერთ. თითოეული თქვენგანის სიტყვა ჩემთვის ძალიან ძვირფასია“.

კლარა ჭყოიძის გამოფენა ხარაგაულში გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

თამთა გოგოლაძე