ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ვიქტორინის ერთწლიანი მარათონი იმერეთისა და გურიის რეგიონებში გრძელდება.

იმერეთისა და გურიის რეგიონების 15 მუნიციპალიტეტში პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ჩატარდა, რომელშიც, ჯამში, 288 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის კითხვები სპეციალურად ახალგაზრდებისათვის იმგვარად იყო მომზადებული, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიეღოთ.

„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას „ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?” პრეზიდენტი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებოდნენ.

წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტივე რაიონში, აგრეთვე არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება, გართობა და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

მარათონი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2023 წლის ივნისში წარმატებით დაიწყო და რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო, მოგვიანებით, კახეთის რეგიონში გაგრძელდა, რასაც შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები მოჰყვა. თამაშის წლევანდელი მოგზაურობა კი 2 დეკემბერს იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 3 დეკემბერს გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასრულდა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. 2024 წლის დასაწყისიდან მარათონი საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.  მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი გრანდიოზული ფინალით თბილისში დასრულდება.

ამ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 18 სკოლა ჩაერთო. გამარჯვება ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მოიპოვა.

მეორე და მესამე ადგილებზე ბორისა და ვაშლევის საჯარო სკოლები გავიდნენ.

მათ თითო ქულით ჩამორჩნენ და საუკეთესო შედეგები აჩვენეს ღორეშის, ხარაგაულის N3, მარელისის და ზვარის საჯარო სკოლებმა.

კონკურსი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ხარაგაულში პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.