

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა სამუსიკო სტუდია „ჰარმონიამ“ 6 ივლისს ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკვე მეოთხედ გაიმართა კონცერტი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები.
„ორკესტრთან ურთიერთობა უდიდეს სტუმულს აძლევს ბავშვებს და უზრდის მოტივაციას უკეთესად სწავლისათვის, – ამბობს ფორტეპიანოს პედაგოგი ციური ბლუაშვილი, – მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ბევრს მეცადინეობენ. ძალიან გვეხმარებიან მშობლები. გასულ წლებში კონცერტები იმართებოდა მშობლების ფინანსური მხარდაჭერით და ეს გარკვეულ პრობლემებს უკავშირდებოდა. წლევანდელი კონცერტისათვის ორკესტრის ჰონორარი, მათი ტრანსპორტირება, აფიშები და სხვა ხარჯები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 3 ათასი ლარით.“ ციური ბლუაშვილის თქმით, შეიძინეს ახალი ინსტრუმენტი. პოლიციის ყოფილ შენობაში გამოეყოთ რამდენიმე ოთახი, რითაც მოსწავლეებს მიეცათ კომფორტულ გარემოში მეცადინეობის შესაძლებლობა.
ექვსი წელია, თამარ მეიფარიანი სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლეა. „ჩვენთვის ორკესტრთან ერთად შესრულება სასარგებლო გამოცდილებაა. ბევრს ვმეცადინეობდი. ვცდილობდი მაღალ დონეზე შემესრულებინა,“ – ამბობს თამარი.
-კონცერტზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გამომივიდა, – ამბობს გიგა ხიჯაკაძე, – მადლობა ჩემს პედაგოგებს, ქუთაისის სიმფონიურ ორკესტს და დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილს.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ასეთ გამოცდილ და ძლიერ ორკესტრთან რომ მომიწია მუშაობა.
-სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლეებისთვის, ვფიქრობ, მიღწევაა, ორკესტრთან ერთად რომ შევძელით შესრულება, – ამბობს მადონა შველიძე, – მადლობა პედაგოგებს ჩვენთვის გაწეული შრომისათვის.
კონცერტის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე: „ეს იყო პროფესიონალიზმის გამოვლინება. კარგად ჩანს მასწავლებლების დიდი შრომა და ხარაგაულელი ახალგაზრდების ნიჭიერება. შესანიშნავი ბავშვები არიან. განსაკუთრებით გამოვარჩევ გიგა ხიჯაკაძესა და მადონა შველიძეს. დარწმუნებული ვარ, მადონა სერიოზულ სიტყვას იტყვის საოპერო ხელოვნებაში“.
ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, ამ ორკესტრმა არაერთხელ ითანამშრომლა სტუდია „ჰარმონიასთან.“ „ყოველთვის გამორჩეული მოსწავლეები ჰყავთ ნიჭიერებითა და მუსიკალური მონაცემებით. მადონა შველიძე განსაკუთრებული ნიჭიერებისა და შესაძლებლობების მქონეა და დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, თუკი ის გააგრძელებს და სერიოზულად მოეკიდება ამ საქმეს. მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება მომღერალს, – უპირველეს ყოვლისა ხმა, ხმის ტემბრი, სითბო ამ ხმაში, გული, ნიჭიერება.
ასეთი ბავშვები ჩვენ ხარაგაულში მრავლად გვინახავს წლების მანძილზე ურთიერთობისას. ამ მოსწავლეებს ახასიათებთ მრავალმხრივობა არა მარტო ვოკალსა და ფორტეპიანოში. ნამდვილად მისასალმებელია ქალბატონი ციური ბლუაშვილისა და ქალბატონი ნანა ლურსმანაშვილის ღვაწლი ამ საქმეში. მათ ჭირდებათ უფრო მეტი მხარდაჭერა, რადგან უდაოდ დიდ საქმეს აკეთებენ.“
სტუდია „ჰარმონიას“ მოსწავლე გიგა ხიჯაკაძის მშობელი მარინა მაღრაძე ამბობს, რომ როგორც ყველა დედას, მასაც ძალიან უნდა, რომ მისი შვილი წარმატებული იყოს და ეს დღე ამის დასტურია.
„ასეთი კონცერტებით მოსწავლეები ეჩვევიან აუდიტორიასთან და ორკესტრთან ურთიერთობას. კლასიკური მუსიკა და ორკესტრი თანამედროვე თაობას ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ ასეთ კონცერტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვა ბავშვებისთვისაც.“
თამთა გოგოლაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ