პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რომ მხარი დაუჭირონ შიდსის ვირუსით ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ ამ დაავადებით გარდაცვლილთა ხსოვნას.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) მართვადი და განკურნებადი დაავადებაა. მთავარია დროული დიაგნოსტიკა და მუდმივი მკურნალობა. მნიშვნელოვანია დამოკიდებულება შიდსით ინფიცირებული პირებისადმი – უნდა ვებრძოლოთ დაავადებას და არა დაავადებულებს.
შიდსის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია „ლიდერობა თემს“. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე ამბობს, რომ შიდსის დამარცხებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ლიდერები უნდა იყვნენ თავად დაავადებულები და არა ექიმები, საზოგადო მოღვაწეები ან ცნობილი სახეები.
„ინფიცირებულებმა უკეთ იციან, რა მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ გამოვლენას და მკურნალობის დაწყებას.
ამიტომ ისინი ყველაზე უკეთ აუხსნიან დაავადებულებს, თუ როგორი რთული, თუმცა, აუცილებელი გზის გავლა მოუწევთ მკურნალობისას, – ამბობს მაია ცინცაძე, – ხშირად კარგად რომ იგრძნობენ თავს, ინფიცირებულები წამლის მიღებას წყვეტენ, ბეზრდებათ ხანგრძლივი მკურნალობა.
ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ამიტომ ვინც ეს საკითხი კარგად იცის და ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, მან უნდა აუხსნას დაავადებულს, რომ გადამწყვეტია მკურნალობის მუდმივობა“.
მაია ცინცაძე ამბობს, რომ „საზოგადოების დამოკიდებულება აივ-ინფიცირებულთა მიმართ, წლების განმავლობაში, თანდათან უკეთესობისკენ იცვლება.
ადამიანებმა უკვე იციან, რომ შიდსი საყოფაცხოვრებო ურთიერთობებით, ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაეცემა. შიდსით დაავადებულს მკურნალობის შედეგად როცა სისხლში ვირუსი გაუნულდება, ის უკვე ამ ვირუსის გადამდები აღარ არის.
საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ინფიცირებულისთვის ეს მოცემულობა ტანჯვა არ გახდეს. წლების განმავლობაში იმდენად დიაგნოზზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, თუ „რას იტყვის ხალხი“.
ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა დამსაქმებლები შიდსით ინფიცირებულების სამსახურში მიღებაზე უარს ამბობდნენ. ბევრი ვიბრძოლეთ დამსაქმებელთა დასარწმუნებლად, რომ შიდსი მხოლოდ სისხლითა და დაუცველი სქესობრივი კავშირით გადადის. უფრო მეტად დადებითი შედეგები გვაქვს – აივ-ინფიცირებულები მაღაზიებსა და მარკეტებში კონსულტანტებად, გამყიდველებად აიყვანეს“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი გულნაზი ვეფხვაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ამ დაავადების მხრივ მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მუნიციპალიტეტში შიდსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ინტეგრირებული სკრინინგის სამკომპონენტიან პროგრამაშია ჩართული, – ამბობს გულნაზი ვეფხვაძე, – ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს პერიოდულად C ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის ტესტებს ვუტარებთ. ხარაგაულის სტაციონარსა და პოლიკლინიკაში მისულ ყველა პაციენტს ამ დაავადებებზე იკვლევენ.
ხარაგაულში მცხოვრები, შიდსით ინფიცირებული პიროვნება მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამაში დროულად ჩაერთო. მას სრულიად ჯანმრთელი შვილები ჰყავს და აღსანიშნავია, რომ ორივე შვილი ინფიცირებულმა გააჩინა. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ ინფექციის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას“.
„იმის მიუხედავად, რომ შიდსი სისხლითა და დაუცველი სქესობრივი კავშირით გადაეცემა, შესაძლოა, ის ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის რეგიონის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, – შიდსით დაინფიცირების მიზეზი შეიძლება არასტერილური სამედიცინო იარაღით მომსახურება გახდეს.
აი, აქ უნდა დამთავრდეს სტიგმაზე საუბარი, რადგან თუ ჩვენ შევზღუდავთ აივ-ინფიცირებულ ადამიანს და მას სოციალურ დისკომფორტს შევუქმნით, ის შეეცდება თავისი სტატუსი სამედიცინო მომსახურებისას დამალოს. ამიტომ ეს რისკი ყველამ უნდა გავაცნობიეროთ.
კოცნით, ჩახუტებით, ალერსით, საერთო საყოფაცხოვრებო ჭურჭლის გამოყენებით შიდსი არ გადადის. სტიგმა და დისკრიმინაცია აღრმავებს ვირუსის ფარულად გავრცელებას.
დღეს აივ-ინფიცირებული წყვილები გაცნობიერებულად ქმნიან ოჯახებს, რადგან იციან, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში, დაავადებასაც დაამარცხებენ და ჯანმრთელი შთამომავლობაც ეყოლებათ“.
საქართველოში 2023 წელს აივ-ით ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ამ დაავადების პირველად დაფიქსირების მომენტიდან, ანუ 1989 წლიდან ამ დრომდე, ამ დაავადების 10 338 შემთხვევაა აღრიცხული.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.