ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 28 ნოემბერს შემოდგომის გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა, კლასების მიხედვით, შემოდგომის ნობათით დატვირთული კუთხეები მოაწყვეს, სკოლის დერეფანში კი საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

საღამოს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ლიზი შარიქაძე და ნოდარ ალავიძე უძღვებოდნენ. შესრულდა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები, ასევე – ცეკვები და სასცენო იმპროვიზაციები.

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე ამბობს, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ, სკოლის ეზოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამინდებმა ამის შესაძლებლობა არ მისცათ.

„ღონისძიების ფორმატი ცოტათი შევცვალეთ და „შემოდგომის გაცილება“ ვუწოდეთ. ხარაგაულის #2 სკოლაში მაღალი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, ამის დასტურია დღევანდელი დღეც.

მადლობა ღონისძიების მონაწილეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს. საკმარისია სკოლის დირექციისგან რაიმე ინიციატივა წამოვიდეს, რომ თითოეული მშობელი მზადაა, ხელი შეგვიწყოს და დაგვეხმაროს მის განხორციელებაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მაღალია, ეს კი წარმატებული სასწავლო პროცესის საწინდარია“, – ამბობს ინგა ვეფხვაძე.

ხარაგაულის მუნიციპალტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.