გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მეფუტკრეებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა.

ხარაგაულში ტრენინგი კიცხში სოსო გაგოშიძის საფუტკრეში, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა და მასში ხარაგაულელ მეფუტკრეთა უმრავლესობა იყო ჩართული.

ტრენინგს მეფუტკრეობის პროფესიონალური გაერთიანების პრეზიდენტი თემურ ღოღობერიძე უძღვებოდა. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ოთხ ეტაპად ჩატარდა, ბოლო ტრენინგი ხარაგაულში 18 ნოემბერს კიცხის იუსტიციის სახლის დარბაზში გაიმართა.

„ტრენინგი ჩემთვის, როგორც მეფუტკრისთვის, სიახლეების შემცველი იყო, – ამბობს ხარაგაულელი მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანი, – განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა დამწყები მეფუტკრეებისთვის. ტრენინგზე ვისაუბრეთ მეფუტკრეების მიერ სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებაზე.

ძველი მეთოდებით ჩვენ თუ ფუტკარს აკარაციდებით ვმკურნალობდით, ეს არის ამიტრაზას შემცველი პრეპარატები, თანდათანობით ჩვენ ამ პრეპარატებს ვანაცვლებთ მჟავებით, მჟაუნმჟავითა და ჭიანჭველამჟავით.

ტრენინგზე ამ მჟავების გამოყენების მეთოდებზე ვიმსჯელეთ. აკარაციდები რჩება თაფლის შემადგენლობაში, ხოლო ეს მჟავები თაფლის  შემადგენლობაში არ რჩება.

ევროპული ბაზარი თაფლს ითხოვს ძალიან მაღალი სტანდარტებით. ამიტომ გადავდივართ იმ პრეპარატების გამოყენებაზე, რომლებიც ევროპაშია დანერგილი. გარდა თეორიული მასალის განხილვისა, ასევე ჩატარდა პრაქტიკული ტესტირება სპირტხსნარის გამოყენებით ფუტკარზე და ამით გავიგეთ, თუ რა რაოდენობის ტკიპა გვყავს საფუტკრეში“.

გადამზადებულ მეფუტკრეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა.

„მეფუტკრეთა გადამზადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარეობდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის  გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.

ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას“, – განაცხადა თამარ ალადაშვილმა.