„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია წარჩინებული მეთორმეტეკლასელების მკითხველებისთვის გაცნობას აგრძელებს. გაზეთის დღევანდელ ნომერში სამ მათგანს – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს – ნოდარ ალავიძეს, ლიზი შარიქაძესა და ლაშა ჭყოიძეს წარმოგიდგენთ.
„სირთულეები არ მაშინებს. ალბათ, ამიტომ ავირჩიე ერთ-ერთი რთული პროფესია – გულმკერდის ქირურგია. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა ადამიანს ეხმარები და სიცოცხლეს უნარჩუნებ“, – ამბობს ნოდარ ალავიძე. მას მიზნად აქვს დასახული, რომ კარგი ექიმი დადგეს და იცის, რომ ამისთვის წლების განმავლობაში სწავლა დასჭირდება. ის ვარაუდობს, რომ ათი წლის შემდეგაც გამოცდების ციებ-ცხელებაში იქნება, – დოქტურანტურაში ჩასაბარებლად. სურს, რომ ამ დროისთვის იცხოვროს ევროკავშირის წევრ საქართველოში, სადაც ახალგაზრდებს უფრო ნათელი მომავალი ექნებათ.
დღევანდელ სასკოლო ცხოვრებას რაც შეეხება, ნოდარი მიიჩნევს, რომ მოზარდებს ბავშვობისთვის, პრაქტიკულად, დრო აღარ რჩებათ, – ემოციურად იმდენად დამღლელია გადატვირთული დღის რეჟიმი. „ჩემზე უმცროსკლასელებს ყოველდღიურად 6-7 გაკვეთილი უტარდებათ, – ამბობს ნოდარ ალავიძე, – შემდეგ რეპეტიტორებთან გარბიან. ამავდროულად, სხვადასხვა წრეებში მეცადინეობენ. სახლში დაბრუნების შემდეგ რეპეტიტორებისგან მიღებული დავალებები და სკოლის საგნები უნდა მოამზადონ, დილით 9 საათზე კი ისევ სკოლაში მიდიან.
აქედან გამოსავალი, ვფიქრობ, იმაშია, რომ X-XI კლასამდე ბავშვებმა სკოლის პროგრამა, რეპეტიტორების გარეშე, კარგად უნდა ისწავლონ. სკოლა ზოგად განათლებას იძლევა, რაც აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის. მაღალ კლასებში კი მომავალი პროფესიისთვის საჭირო საგნები უნდა გამოყონ და კონცენტრაცია მასზე გააკეთონ. ეს მათ დაეხმარებათ, უმაღლეს სასწავლებელში ზედმეტი მომზადების გარეშე ჩააბარონ და სკოლის პროგრამაც წარმატებით დაძლიონ“.
ნოდარის სათავგადასავლო, ისტორიული და ფანტასტიკური ჟანრის ფილმები მოსწონს; განსაკუთრებით – სერიალი „ზღვის ლომები“, რადგან სამხედრო პირებზეა და მათ ნოდარი განსაკუთრებულ პატივს სცემს. ასევე გამორჩეულად მოსწონს მედიცინის თემაზე შექმნილი სერიალი „ძვლები“.
ლიზი შარიქაძეს მასწავლებლობა სურს და აპირებს, რომ ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს.
„ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, – ალბათ ესაა ჩემი და ჩემი თანატოლების ძირითადი გამოწვევა, – მიაჩნია ლიზის, – ვფიქრობ, ამისთვის კარგია ხშირად დავფიქრდეთ, ვესაუბროთ ჩვენზე გამოცდილ ადამიანებს. პირადად მე ძალიან მეხმარება დღიურის წერა, სადაც დღის ბოლოს საკუთარი განცდები და ემოციები გადმომაქვს. ხშირად სხვადასხვა თემებზე გულახდილად ვსაუბრობ დედასთან. ის საკუთარ გამოცდილებას მიზიარებს და ესეც ძალიან მეხმარება, უფრო გავიზარდო და განვვითარდე“.
ბოლო დროს ლიზი წიგნების კითხვამ იმდენად გაიტაცა, რომ ცნობილი ნაწარმოებების ეკრანული ვერსიები ნაკლებად იზიდავს; მიაჩნია, რომ წიგნის კითხვის დროს ადამიანს უფრო მეტად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შინაარსი არა რეჟისორის თვალთახედვით, არამედ საკუთარი ინტერპრეტაციით აღიქვას. ლიზის ფსიქოლოგიური და რომანტიული წიგნების კითხვა მოსწონს, ბოლოს ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. განტვირთვა როცა სურს, „ჯეინ ეარსა“ და „დიდი სახლის პატარა დიასახლისს“ კითხულობს.
ოცნება არ უყვარს, ცდილობს აწმყოთი იცხოვროს; თუმცა, როცა მომავალზე ფიქრობს, სურს, წარმატებული პედაგოგი გახდეს და თავის მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს.
„ვიცხოვრებდი ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ადამიანების სიყვარულია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან და ჰუმანურები არიან. ვფიქრობ, დღეს ეს ძალიან გვაკლია. იმდენად ვართ საკუთარი პრობლემებითა და ყოველდღიურობით გატაცებულები, რომ სხვაზე ფიქრი გვავიწყდება. შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და განათლებული ადამიანებით სავსე საქართველოში მინდა რომ ვიცხოვრო“, – ამბობს ლიზი შარიქაძე.
ლაშა ჭყოიძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. კალათბურთით ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა და სპორტის ამ სახეობას დღემდე დიდ ყურადღებას უთმობს.
ლაშას მოსწონს სპორტსმენების შრომისმოყვარეობა, მიზნისკენ სწრაფვა და თავადაც აქტიურად ვარჯიშობს. სურს, რომ კალათბურთში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს და ცნობილ გუნდში ითამაშოს.
ლაშა თავისუფალ დროს სპორტულ გადაცემებსა და სათავგადასავლო ფილმებს უყურებს. მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში ნიჭი და პროფესიონალიზმი სათანადოდ არ ფასდება და სურს, ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ ეს ტენდენცია შეიცვალოს. უმაღლეს სასწავლებელში ტურიზმის მიმართულებით აპირებს სწავლას.
ლაშა ჭყოიძე ფიქრობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს უფრო მეტად გასართობად იყენებს და ეს დიდი პრობლემაა.
„ტექნოლოგიები გვეხმარება ინფორმაციის მოძიებაში, მეტი სიახლეების გაგებაში. თუმცა, ბევრმა მისი სწორად გამოყენება ჯერ კიდევ არ იცის და ძირითადად, გასართობად იყენებენ. გართობაც აუცილებელია, მაგრამ განათლების მიღება უფრო მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლაშა.
წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებთ ხარაგაულელ წარჩინებულ მოსწავლეებს.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე – ლაშა ჭყოიძე, ლიზი შარიქაძე და ნოდარ ალავიძე პედაგოგ მადონა ულუმბელაშვილთან ერთად
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.