ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) 2023 წლის 17 ნოემბერს გამართა პროექტის „საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გახსნის ღონისძიება, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს MATRA ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი,  IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური, ასევე,  მედია სექტორის, აკადემიური სფეროს, საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

IDFI- აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისათვის.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა ხაზი გაუსვა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის აქტუალობასა და ინფორმაციაზე მედია სექტორის წვდომის მნიშვნელობას.  ქალბატონმა ელჩმა პროექტზე საუბრისას,  განსაკუთრებით გამოყო ის აქტივობები, რომლებიც ჟურნალისტების საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უნარის გაუმჯობესებას შეეხებოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საელჩოს აქვს IDFI-სთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის საკითხებზე და წარმატებები უსურვა პროექტის გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში.

IDFI- კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა ისაუბრა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების გაუარესებულ სტატისტიკაზე და ამ კონტექსტში პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაზრდილ რელევანტურობაზე. მან აუდიტორიას წარუდგინა პროექტის ძირითადი მიზნები და დაგეგმილი აქტივობები.

პროექტის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ბრძოლა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან. პროექტი მიზნად ისახავს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემური სამართლებრივი დაბრკოლებების შემცირებას.