2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, ძირითადად, ელექტრონული სისტემით ჩატარდება. საოლქო საარჩევნო კომისიები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.
ასეთი შეხვედრები ხარაგაულში უკვე გაიმართა „ხარაგაულობის“ ღონისძიების მონაწილეებისთვის, მუნიციპალური სამსახურების, პოლიციის, დაცვის და სამაშველო სამსახურების, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის, ბორის სკოლის პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალისთვის.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ელექტრონული სისტემით არჩევნები 18 უბანზე ჩატარდება, – #48.01 დაბა ხარაგაულის, #48.02 პატარა ხარაგაულის, #48.03 ბაზალეთის, #48.08 ვარძიის, #48.09 ვახანის, #48.11 კიცხის, #48.12 თეთრაწყაროს, #48.13 ლაშეს, #48.14 ლეღვანის, #48.15 მარელისის, #48.17 მოლითის, #48.19 ქვების, #48.21 სარგვეშის, #48.23 საღანძილის, #48.26 ფარცხნალის; #48.29 წყალაფორეთის, #48.31 ხიდრის და #48.35 საქარიქედის (ჩამონათვალს, შესაძლოა, დაემატოს #48.27 ღორეშის საარჩევნო უბანი; თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის).
უბნები შეირჩა უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა (300-ზე მეტი ამომრჩეველი) მიხედვით და საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო უბნამდე მანძილის გათვალისწინებით; საოლქო საარჩევნო კომისია იმ საარჩევნო უბნამდე, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 20 კმ-ზე მოშორებით არ უნდა მდებარეობდეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაიმე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, დახმარების ჯგუფი ოლქიდან უბანზე დროულად მივიდეს.
ელექტრონული არჩევნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი არჩილ ბლიაძე ამომრჩევლებს დაწვრილებით უხსნის იმ ცვლილებებს, რაც არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებისას შეიცვლება საარჩევნო უბნებზე.
„2024 წლის არჩევნებისათვის საქართველოში სულ 2755 საარჩევნო უბანი გაიხსნება, – ამბობს არჩილ ბლიაძე, – მათგან 767 უბანზე არჩევნები ძველი, ტრადიციული მეთოდით ჩატარდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე – ელექტრონულად.
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონულად ტარდება, განთავსებული იქნება ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის აპარატები. ერთი ვერიფიკაციის აპარატი გათვლილია 600 ამომრჩეველზე. ეს აპარატები ერთმანეთთან დაკავშირებულია ქსელური კაბელებით და ინტერნეტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
არჩევნების დღეს ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. უბანზე რეგისტრატორი პირადობის მოწმობას ატარებს ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში, რომელზეც ეწერება ამომრჩევლის მონაცემები, – რაც წინა არჩევნებზე დაფიქსირებული იყო რეგისტრატორის სამაგიდო სიებში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ფოტო. ამოიბეჭდება ჩეკი, ამომრჩევლის მონაცემებით. ამომრჩეველი ჩეკზე აწერს ხელს და ეს ხელმოწერილი ჩეკი ვარდება გაუმჭვირვალე ყუთში.
ამომრჩეველი რეგისტრატორისგან იღებს ბიულეტენს, რომელიც არის A4 ფორმატის მყარი ქაღალდი, მასზე დატანილია QR კოდი და შტრიხკოდები, რომელსაც კითხულობს ხმის მიცემის აპარატი და ადგენს, რომ ეს ნამდვილად ამ უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენია.
ამ დრომდე, ბიულეტენში სასურველ კანდიდატს შემოვხაზავდით საწერკალამით; ახლა უბანზე გამოიყენება სპეციალური მარკერი, რომლითაც სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გავაფერადოთ; ანუ ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვა, ჯვრის დასმა, გადახაზვა, და ა.შ. არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
ბიულეტენზე დატანილია საცდელი წრე, რომელსაც რეგისტრატორის მითითებით ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, გასავარჯიშებლად, აფერადებს, რომ ანალოგიურად მოხდეს ხმის მიცემა სასურველ კანდიდატზე.
ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს კაბინაში, ბიულეტენი ხმის მიცემის აპარატამდე კონვერტით მოაქვს; შემდეგ ბიულეტენს ხმის მისაცემ აპარატში სპეციალურ ადგილას განათავსებს. აპარატი გვაწვდის ინფორმაციას: „ბიულეტენი მუშავდება“, „ბიულეტენი მოთავსდა საარჩევნო ყუთში“; „თქვენი ხმა მიღებულია“. კონვერტს ვათავსებთ ხმის მთვლელ აპარატთან, მაგიდაზე, რადგან ის არის მრავალჯერადი გამოყენების.
თუ მოქალაქე კიდევ ერთხელ მოინდომებს ხმის მიცემას და მისი პირადობის მოწმობა ხელმეორედ გატარდება ვერიფიკაციის აპარატში, აპარატი გამოსცემს სიგნალს, რომ ამომრჩეველი ხმის მიცემას მეორედ ცდილობს. ასევე სიგნალი ირთვება იმ შემთხვევაშიც, თუ ამომრჩეველი არ არის ამ უბნის ამომრჩეველი ან თუ ის შეყვანილია გადასატანი ყუთის სიაში.
კენჭისყრის დღეს 10:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათზე ვერიფიკაციის აპარატებიდან იბეჭდება ამომრჩეველთა აქტივობის ფურცელი, – რამდენი ამომრჩეველი მოვიდა საარჩევნო უბანზე, მათ შორის რამდენია ქალი და რამდენი – კაცი.
საღამოს 8 საათზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის მისაცემი აპარატიდან ამოდის ოქმი, რომელზეც დატანილია ოლქისა და უბნის ნომერი, რამდენი ნამდვილი ბიულეტები ჩავარდა ორივეში, რამდენია ბათილი, რამდენი ხმა მიიღო თითოეულმა კანდიდატმა. თუმცა ამ ოქმის ამოღების შემდეგ ყუთები იხსნება და კომისიის წევრები ბიულეტენებს კიდევ ერთხელ ითვლიან.
„2023 წლის 1 ოქტომბერს ელექტრონული სისტემით ჩატარდა გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატის, ხოლო გურჯაანში – მერის არჩევნები.
ხმის მისაცემი აპარატიდან ამოსული ოქმისა და ხელით გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები ერთმანეთს 99,97%-იანი სიზუსტით დაემთხვა“, – ამბობს არჩილ ბლიაძე.
„27 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში ელექტრონული არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პედაგოგებისათვის, მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლებიდან მოვლენ 12-12 პედაგოგი, რომლებიც გაეცნობიან სიახლეებს ელექტრონული არჩევნების შესახებ. აღნიშნული კამპანიით, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტების სოფლებში არ წავსულვართ. თუმცა, ეს საინფორმაციო კამპანია გრძელდება და შესაძლოა, შეხვედრები სოფლებშიც დაიგეგმოს“, – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.