„ლექსები ჩემი თავშესაფარია, ლექსში ამოვთქვი ჩემი ტკივილი და მწუხარება“, – ამბობს პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი იზოლდა ჭიპაშვილი. მისი ლექსების მეორე კრებულის „ფურცლადქცეული წლების“ პრეზენტაცია ხარაგაულში რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა.
იზოლდა ჭიპაშვილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში დაიბადა. ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ვაჟი.
პოეტურ სამყაროში იზოლდა ჭიპაშვილი შვილის – გიორგი (გიგა) ნინიკურის ტრაგიკულად დაღუპვის მძიმე განცდების შედეგად აღმოჩნდა.
გიგას გარდაცვალების შემდეგ ქალბატონ იზოლდას უამრავი შეკითხვა გაუჩნდა. აღმსარებელი იყო, თუმცა, არ ასვენებდა აზრი – სად იყო ღმერთი, როცა მისი შვილის ტრაგედია სადღაც იწერებოდა?!
ყველა ინფორმაციას ეცნობოდა, ბევრ ადამიანს ესაუბრებოდა, რომ პასუხები ეპოვნა. ბოლოს ძლიერმა გრძნობებმა ლექსებში ამოხეთქა და თითქოს შვება იგრძნო.
მისი, როგორც პოეტის, ნათლობა შედგა შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნით „ღრუბლებს შენსკენ დავემგზავრები“. ეს პირველი პოეტური კრებული მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით გამოსცა.
იზოლდა ჭიპაშვილის ახალი წიგნი „ფურცლადქცეული წლები“ კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ენდი ბუაჩიძეს მიუძღვნა.
ამ წიგნის პირველ ნაწილში შვილის, გიგა ნინიკურისადმი მიძღვნილი ლექსებია შესული; მეორე ნაწილი მოიცავს ლექსებს, რომლებიც პოეტმა მისთვის საყვარელ და საინტერესო, აწ გარდაცვლილ ადამიანებზე დაწერა.
მესამე ნაწილში შეტანილია ლექსები იმ პიროვნებებზე, რომელთა ცხოვრება, შრომა, ღვაწლი წარუშლელია.
მეოთხე ნაწილი მოიცავს ლექსებს, რომლებიც გამოხატავან პოეტის სულიერ განწყობას, დამოკიდებულებას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხისადმი. ამ კრებულში ხარაგაულზე შექმნილ ლექსებს ცალკე თავი ეთმობა.
„ენდი მასწავლებელი საოცარი პიროვნება და პედაგოგი, არაჩვეულებრივი ფილოლოგი იყო, – იხსენებს იზოლდა ჭიპაშვილი, – დღემდე ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს, როგორ გვიხსნიდა გაკვეთილს, როგორ გვაყვარებდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, გამორჩეულ პოეტებსა და მწერლებს.
გვაძლევდა თავისუფლებას, რომ საკუთარი დამოკიდებულება გვქონოდა კონკრეტული პერსონაჟების მიმართ. ენდი მასწავლებელი ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარია. ამიტომ მეორე კრებული მის ხსოვნას მივუძღვენი“.
„ფურცლადქცეული წლები“ იზოლდა ჭიპაშვილის თანაკლასელის, გოჩა ბუაჩიძის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის რედაქტორია ბელა ალანია.
„ამ ლექსებიდან ჟონავს სიკეთე, ადამიანისა და სამყაროსადმი ერთგულება; ერთგულება ძვირფასი სამშობლოსადმი, საკუთარი სოფლის ესოდენი სიყვარული, გაყინული ცრემლით ნაკოწიწები გიგას სიყვარული… პოეტი მარადიულ სიცოცხლეს ეთაყვანება, მან სიკვდილი ლექსით დაამარცხა“, – წერს წიგნის წინასიტყვაობაში რედაქტორი ბელა ალანია.
ასე რომ, თქვენს წინაშე საინტერესო ლექსებია, რომლებიც გულწრფელ აღიარებასა და სიყვარულს ელის.
დაინტერესებულ მკითხველებს იზოლდა ჭიპაშვილის პოეტური კრებულის გაცნობა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეუძლიათ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.