6 ნოემბერს EU4Energy პროგრამამ დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეებისთვის იმის სწავლებაა, თუ რამხელა როლს თამაშობს განახლებადი ენერგიის წყაროები კლიმატის ცვლილების კონტროლში.

კამპანიის ცენტრში ზაზუნა ოზია — კომიქსის გმირი, რომელიც ბავშვებს სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე უყვება. ამ ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზი ხდება ენერგიის ელჩი ევროკავშირიდან, რათა ბავშვებს აჩვენოს, როგორ შეუძლია განახლებად ენერგიას პლანეტის გადარჩენა.

კამპანიას ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) პროგრამა EU Neighbours East-თან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) თანამშრომლობით ახორციელებს. თავდაპირველად ის საქართველოში საპილოტო პროექტის სახით ჩაეშვება, რის შემდეგაც თანდათან აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას მოიცავს.

კამპანიის განმავლობაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs, არაპოლიტიკური ახალგაზრდული ქსელი, რომელიც EU Neighbours East პროგრამის ფარგლებში მოქმედებს) და GNERC-ის ექსპერტები საქართველოს სკოლებს ეწვევიან. ისინი განახლებად ენერგიაზე სემინარებს იმ საგანმანათლებლო მასალის გამოყენებით ჩაატარებენ, რომელიც სპეციალურად მოზარდებისთვის შეიქმნა და მოსწავლეებს კომპლექსურ ინფორმაციას  მარტივ ენაზე აწვდის.

კამპანია EU4Energy პროგრამის მეორე ფაზის — „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა“ — ფარგლებში დაიგეგმა. ინიციატივა ენერგეტიკის სფეროში სათანადო კანონმდებლობისა და რეგულაციების შემუშავებას და რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლასა და მისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას უწყობს ხელს.

პროგრამა 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება და ისეთ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს, როგორიც ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული ყველა საბაზრო სეგმენტის თანდათანობითი დიგიტალიზაციაა.

ინიციატივის საბოლოო მიზანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებმა ისარგებლონ მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციებით, რეგიონის შიგნით გაზრდილი საბაზრო ინტეგრაციით და შიდარეგიონული ვაჭრობით.

ინიციატივას, EU4Energy, ევროკავშირი აფინანსებს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს. მას ერთად ახორციელებენ CEER, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკის საზოგადოების სამდივნო (EnCS).

წყარო