„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მკითხველებისთვის წარჩინებული მეთორმეტეკლასელების გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მედლის კანდიდატებს, მარიამ ბუაჩიძეს, რეზი კურტანიძესა და ნიკოლოზ მეიფარიანს გაგაცნობთ. მათ აქვთ მიზნები და არა ოცნებები. ამბობენ, რომ ჯიუტად და პრინციპულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან დასახული მიზნებისკენ.
რაში ხედავენ ცხოვრების აზრს; რისი ან ვისი იმედი აქვთ ყველაზე მეტად; კონკრეტულად რისი შეცვლა სურთ და როგორ; რა მიაჩნიათ ციფრული ტექნოლოგიების უპირატესობებად და საფრთხეებად, – ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები ამ შეკითხვებზე გვპასუხობენ.
მარიამ ბუაჩიძე: – ზოგადად, მიზანდასახული და პრინციპული პიროვნება ვარ. მიყვარს სოციალური ქსელით, მათ შორის ტიკტოკით გართობა. თუმცა, მირჩევნია, სოციალური ქსელის ნაცვლად, დრო უფრო საჭირო და აუცილებელ საქმეს დავუთმო.
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტᲨი, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებ. ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი მაქვს. დასახული მიზნების მიღწევა და წინააღმდეგობების დაძლევით მიღებული სიხარული, – აი, ესაა ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი.
ჩემი აზრით, აუცილებელია, შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება სამშობლოს დატოვებასა და სხვაგან უკეთესი ცხოვრების წამოწყების უპირატესობაზე. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბევრი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. გადაწყვეტილების მიმღები რომ ვიყო, ახალგაზრდებს ხელს განსაკუთრებით შევუწყობდი.
რეზი კურტანიძე: – თავისუფალ დროს სპორტული გადაცემების ყურება და ხანდახან, შეძლებისდაგვარად, ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში მიყვარს. წლების წინ არქიტექტორობა მსურდა, მაგრამ ახლა სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე.
თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში სხვადასხვა მოვალეობები და მიზნები გვაქვს. ცხოვრების აზრი კი, ვფიქრობ, ისაა, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიო; მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, ვინ ვართ და რისთვის ვცხოვრობთ.
ციფრული ტექნოლოგიები დღეს ჩვენი თაობის განათლებაში უდიდეს როლს ასრულებს. პირადად მე მეხმარება ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მოპოვებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერნეტში უზუსტობები მრავლად გვხვდება.
იმისთვის, რომ გარკვეული ინფორმაცია შეცდომით არ გავიაზროთ, ხანდახან მაინც წიგნის გამოყენება მიწევს. სოციალური ქსელებიდან ტიკტოკს არ ვიყენებ და მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ტიკტოკზე დახარჯული დრო, სხვა, უფრო მეტად ღირებული საქმისთვის გამოიყენონ.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სიტუაციის შეცვლა ისე, რომ ხალხი ქვეყნიდან არ მიდიოდეს. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი საზღვარგარეთაა წასული. ვფიქრობ, ამ პრობლემიდან ერთ-ერთი გამოსავალია, რომ თითოეული ადამიანის შრომა – ფიზიკური და გონებრივი – სათანადოდ დაფასდეს.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ღმერთისა და მშობლების იმედი მაქვს.
ნიკოლოზ მეიფარიანი: – ზოგადად, საკუთარ თავზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. თუმცა, გეტყვით, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, – განურჩევლად მათი სქესისა და ასაკისა.
ჩემი უახლოესი მიზანია, სტუდენტი გავხდე. ძალიან მსურს, გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონთან ურთიერთობა გავაგრძელო. ერთი წლის წინ ხარაგაულში ამ ლეგიონში გავწევრიანდი, ერთთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი გავიარე. მინდა, მაზნიაშვილის ლეგიონის უფრო ხანგრძლივ სამხედრო და სალაშქრო გადამზადებაში ჩავერთო.
სოციალური ქსელების დადებითად გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ ის წიგნებს ვერ ჩაანაცვლებს. სოციალურ ქსელებში არსებობს ინფორმაცია, რომელსაც დაზუსტება სჭირდება. ამიტომ მე უპირატესობას წიგნებს ვანიჭებ.
ჩვენს ქვეყანაში შესაცვლელია მიდგომები – ცოდნა მეტად უნდა დაფასდეს და ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს პროპორციული უნდა გახდეს.
ვფიქრობ, რომ ცხოვრების აზრია მუდმივი განვითარება და პროფესიული წინსვლა. ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი მაქვს და მჯერა, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.