ბრიუსელში 25 ოქტომბერს გამართულ „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway) ფორუმზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა საქართველოსთვის ფინანსური პაკეტი გააფორმეს. EIB Global-ის მეშვეობით გაცემული 16 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტი, რომლის მიზანიც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირებაა, მოიცავს უშუალოდ გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საინჟინრო სერვისების მიწოდებასა და საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, გაუმჯობესდება უსაფრთხოება საქართველოს ევროკავშირთან დამაკავშირებელ გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელზე (TEN-T) და კონკრეტულ ადგილობრივ სატრანსპორტო მარშრუტებზე.

პროექტი ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან სამხრეთ კავკასიის საშუალებით აკავშირებს.

„საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე განხორციელებული ამ ახალი ინვესტიციით ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოს კავშირს ევროპასთან, საგზაო უსაფრთხოებას, მგზავრობის პირობებს და ვამცირებთ მგზავრობის დროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – აღნიშნა კომისარმა ვარჰეიმ, – „გარდა ამისა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი საქართველოს ახალ ეკონომიკურ და სავაჭრო შესაძლებლობებს სთავაზობს, რადგან ის აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბის, როლს ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“.

25-26 ოქტომბერს გამართული „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ინოვაციურ ინფრასტრუქტურაში გლობალური ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

„გლობალური კარიბჭის“ მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში ინვესტიციების განხორციელება და ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებაა. „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგია ეყრდნობა „ევროპის გუნდის“ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის განვითარების საფინანსო ინსტიტუტებს. მისი მთავარი ამოცანა 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში 300 მილიარდ ევრომდე ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზებაა.

წყარო