ყოველ წუთში მილიონობით ფოთოლი ცვივა ხეებიდან, მათი დაწვა და ამ გზით თავიდან მოშორება დღეისათვის სტანდარტული პრაქტიკაა საქართველოში.

ფოთოლთა ამ სახით განადგურება უსარგებლოა გარემოსთვის და მეტიც, ზიანს აყენებს მას. ამ სტატიაში განვიხილავთ მშრალი ფოთლების დაწვის რისკებს და მათი ალტერნატიული გამოყენების გზებს.

ფოთლების წვა, მშრალი იქნება თუ სხვა სახის (სველი, ნესტიანი) აბინძურებს ჰაერს, ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზრდის ხანძრის საშიშროებას. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ჩამოცვენილი ფოთლების ღია წესით დაწვა დასჯადი გახდა ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით. მსგავსი ფაქტების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუშაობს. კანონდარღვევაზე კი 500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული (ნარჩენების მართვის კოდექსი, 2020).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ფოთლებში დაგროვილი ტენიანობის გამო, წვის პროცესი ნელა მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით მტვერს, ჭვარტლსა და სხვა მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. ვისკონსინის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანახმად, ამ ნაწილაკებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ ფილტვის ქსოვილში და გამოიწვიონ ხველა, ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, ქოშინი და ზოგჯერ გრძელვადიანი სუნთქვის პრობლემები.

ფოთლის კვამლი შეიძლება ასევე შეიცავდეს საშიშ ქიმიკატებს, როგორიცაა ნახშირბადის მონოოქსიდი, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს სისხლში არსებულ ჰემოგლობინს და შეამციროს ჟანგბადის რაოდენობა სისხლსა და ფილტვებში.

ხანძრების საფრთხე

ფოთლების წვა საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას, ნიადაგსა და მცენარეულობას, გარდა იმისა რომ ბინძურდება ნიადაგი, წყალი და ჰაერი. ფოთლების წვით გამოწვეულმა ხანძრებმა შესაძლოა გაანადგუროს  მცენარეულობის ფასეული ტიპები, რადგან მისი გავრცელება საკმაოდ ადვილია. სპორადული ცალკეული ცეცხლის კერები, როგორც წესი, არ იწვევს დიდ დაბინძურებას, მაგრამ მრავალმა მცირე ზომის ხანძარმა ერთ გეოგრაფიულ არეალში შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის დამაბინძურებლების კონცენტრაცია, რომელიც აღემატება ჰაერის ხარისხის ზოგად სტანდარტებს.

ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების გამოყენების ალტერნატიული გზები

ფოთლების დაწვის ყველაზე ეკო-მეგობრული ალტერნატივა მათი კომპოსტირებაა. მშრალი ფოთლების ინდივიდუალური დაშლა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ თუ მას გავურევთ მწვანე მცენარეულ მასალასთან, როგორიცაა მოჭრილი ბალახი ან სხვა საყოფაცხოვრებო ორგანული ნარჩენები, ისინი დააჩქარებენ პროცესს. აგრეთვე, კარგი კატალიზატორია აზოტშემცველი როგორც კომერციული სასუქები, ისე ბუნებრივი – ნაკელისგან დამზადებული სასუქი. რაც მთავარია, კომპოსტირება აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, დაწვის შემთხვევაში კი პირიქით, ქვეითდებოდა მისი პროდუქტიულობა. კიდევ ერთი ვარიანტია, ფოთლების დაქუცმაცება და გაზონის, პარკების ან მცირე ბაღების მულჩირებისთვის გამოყენება. ამ დროს, აქტიურად მზარდი მცენარეები ირგვლივ იფარება 1,5-1,7 სმ-იანი მულჩის ფენით, ისე რომ ხელს უშლის ჰაერის ჩაღწევას ფესვებამდე, ინარჩუნებს ტენიანობას, აფერხებს სარეველების გამრავლებას და ინარჩუნებს ნიადაგის ზომიერ ტემპერატურას.

წყარო