განათლების პროფკავშირის წევრი იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვება სურთ, პორტფოლიოს მოსამზადებლად 120-საათიანი ონლაინტრენინგი მიმდინარეობს. ამ  ტრენინგში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 98 მასწავლებელი ჩაერთო.

პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა – როგორ გეგმავს და წარმართავს პედაგოგი სასწავლო პროცესს, რამდენად უწყობს ხელს მისი აქტივობები სკოლისა და თემის განვითარებას, როგორ აფასებენ მას მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები და სხვ. პორტფოლიოს სრულყოფილად მომზადება სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ შეირჩნენ პედაგოგები, რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი და რა მხარდაჭერის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, – ამის გასარკვევად განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლალი სებისკვერაძეს ვესაუბრეთ.

– ეს ტრენინგი მასწავლებელთა მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – სამ თვეში ერთხელ პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან ერთად მასწავლებლების საჭიროებებს განვიხილავთ. ამ 120-საათიან ტრენინგს სამშაბათობით ტრენერი როლანდ ხოჯანაშვილი ატარებს. ჩატარების დრო და დღე მასწავლებლებთან შეთანხმებით შეირჩა.

ვალდებულები ვართ, თითოეული პროფწევრის საჭიროება დავაკმაყოფილოთ – ის, რაც მათ პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია.

ოქტომბერში საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ აღმზრდელებისთვის კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსის ჩატარება მოითხოვა. განათლების პროფკავშირს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა გადამზადების ცენტრში საუკეთესო სპეციალისტები ჰყავს. ამ ცენტრის ექსპერტებთან შეთანხმებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კომპიუტერული პროგრამები ხარაგაულელმა მასწავლებელმა ია დეკანოსიძემ შეასწავლა.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირისპირ ტრენინგები უფრო ეფექტურია, რადგან ონლაინტრენინგების დროს, შესაძლოა, ინტერნეტი გაითიშოს.

განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციაში 600-ზე მეტი წევრია. ვცდილობთ, მათგან გადახდილი საწევრო გადასახადი მაქსიმალურად მივმართოთ მათი საჭიროებების მოგვარებისკენ.

საწევრო გადასახადი ხელფასის 1%-ია. შემოსული თანხის 35% განათლების პროფკავშირის ბიუჯეტში ირიცხება, საიდანაც 5% გაერთიანებული პროფკავშირის საწევროა. ადგილზე მე და ბუღალტერი ვართ დასაქმებული.

პროფწევრების მოთხოვნებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ – ტრენინგების გარდა, მათთვის ექსკურსიებს ვაფინანსებთ, სამედიცინო ფორმა #100-ის საფუძველზე ფინანსურად ვეხმარებით, საიუბილეო თარიღების შესრულებისას ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით ვასაჩუქრებთ.

23 ოქტომბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საჯარო სკოლაში შეხვედრებს ვმართავ და ორგანიზაციის წევრთა მოთხოვნებს ადგილზე ვეცნობი. ამის მიხედვით მომავალი წლის ღონისძიებებს დავგეგმავ.

ახლა ბევრს მსჯელობენ, რომ სკოლების დირექტორებად კონკურსის მონაწილეები პოლიტიკური ნიშნით შეირჩენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია კობახიძემ განმარტა, რომ ის როგორც განათლების პროფკავშირის პრეზიდენტი, სერტიფიცირების მეორე ეტაპს – დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას ესწრებოდა. მისივე თქმით, მას არავითარი სიები არ უნახავს. თუმცა, ყველა აპლიკანტის გასაუბრებასაც არ დასწრებია. სხვათაშორის, გასაუბრების ეტაპი პროფკავშირის აქტიურმა წევრებმა და თავმჯდომარეებმაც ვერ გადალახეს.

პროფკავშირი მზადაა, კონკურსში მონაწილე ყველა პირს, ვინც მოგვმართავს, აღმოვუჩინოთ იურიდიული დახმარება, თუ იქნება სამართლებრივი საფუძვლები.

პროფკავშირი ეთანხმება და იზიარებს იმ მოთხოვნას, რომ შესაძლებელი და უმჯობესი იყო, განათლების სამინისტროს სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად დირექტორობის მსურველი რამდენიმე კანდიდატი წარედგინა.

ორგანიზაციას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ უნდა განუმარტოს დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატებს, თუ რატომ არ წარადგინეს მათგან არჩეულ სკოლებში; ან აქვთ თუ არა უფლება, მონაწილეობა მიიღონ წარდგენების მომდევნო ეტაპზე.

მინდა აღვნიშნო, რომ განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია ჩვენი წევრების უფლებებს ყოველთვის დაიცავს, რადგან მათ ვეიმედებით.

ნინო კაპანაძე