მგლების თავდასხმა შინაურ ცხოველებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გახშირდა. მაგალითად, სოფელ ლეღვანში 11 ოჯახი დაზარალდა. მგლებმა ლეღვნელების შვიდი ძროხა, ორი ღორი, ერთი მოზვერი და ერთი დეკეული გაანადგურეს. გარეული ცხოველი თავს ესხმის პირუტყვს ღორეშასა და ღარიხევში.

ლეღვანში გამგებლის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ და ღორეშის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეიმურაზ კუპრაძემ რეაგირებისთვის წერილობით მიმართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს.

„ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირუტყვი არა მარტო მარჩენალი, არამედ შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს გარეული ცხოველისაგან თავდაცვას. ამიტომ გთხოვთ დახმარებას,“ – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს და დახმარება სთხოვა.

გარეული ცხოველების მომრავლების გამო მოსახლეობისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები ასახულია გარემოს დაცვის მინისტრის 2014 წლის წლის 31 ოქტომბრის #146 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ.“

ამ დებულების თანახმად, თუ თავდამსხმელი ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და საფრთხის აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება ხორციელდება დაუყოვნებლივ და საჭიროებს გარემოს დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

თუ თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა ადამიანსა და მის ქონებაზე თავდასხმის მომენტში, გარემოს დაცვის სამინისტრო გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (მუნიციპალიტეტის გამგეობას) გადასცემს და მათ შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

გამგეობის ქონების მართვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, მათ უკვე გადმოეგზავნათ გარემოს დაცვის სამინისტროდან ხელშეკრულების პროექტი.

სამსახურის უფროსის, როინ გელაშვილის ინფორმაციით, ამ სამინისტროსთან ხელშეკრულების დადების შემდეგ გამგეობა იზრუნებს მგლების თავდასხმისგან მოსახლეობის დაცვაზე.

ნინო კაპანაძე