ხარაგაულის გიმნაზიაში 23 ოქტომბერს ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. გიმნაზიის ეზოში თითოეულმა კლასმა შემოდგომის ნობათით გაფორმებული კუთხე მოაწყო.
ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიმნაზიის მოსწავლეებმა მხატვრული ნომრები წარმოადგინეს, პედაგოგებმა იგალობეს.
„შემოდგომის ზეიმი“ მოსწავლეთა მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დაგვირგვინდა.
ხარაგაულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ამბობს:
„მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, უკვე მეოთხე წელია, საშემოდგომო ღონისძიება ტარდება. ჩვენ ამ ზეიმით უფალს ვადიდებთ.
გიმნაზიაში 210 მოსწავლე სწავლობს. ვცდილობთ, ღონისძიების მზადების პროცესში თითოეული მათგანი მაქსიმალურად იყოს ჩართული, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ხელოვნებასთან კავშირი უმნიშვნელოვანესია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.
ამ ღონისძიების მომზადებაში ჩაერთო ყველა კლასი, მასწავლებელი და მშობელი, მადლობა თითოეულ მათგანს. „შემოდგომის ზეიმი“ გიმნაზიაში დღესასწაულად იქცევა ხოლმე. განსაკუთრებული მადლობა გიმნაზიის ღონისძიებების მენეჯერ თამარ ნებიერიძეს, გალობისა და მუსიკის პედაგოგებს მზია კუპრაძესა და თორნიკე ბაკურაძეს“.
ხარაგაულის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ სკოლაში მისი ბოლო საშემოდგომო ზეიმია.
„ძალიან მიყვარს და მიხარია ეს დღე, რადგან უამრავ მომღიმარ სახეს ვხედავ და ირგვლივ საშემოდგომო ჟრიამულია“, – ამბობს თამარ ჭიპაშვილი.
„გიმნაზიაში უკვე, 30 წელია, ვასწავლი. „შემოდგომის ზეიმი“, ტრადიციად დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლის დირექტორი დეკანოზი პავლე გახდა, – ამბობს გიმნაზიის პირველი კლასის მასწავლებელი მაია მაღრაძე, – ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ყველა კლასი ვცდილობთ საუკეთესოები ვიყოთ, მოვაწყოთ ყველაზე უკეთესი კუთხე, შევარჩიოთ ტრადიციული სამოსი და მოსწავლეებს წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელი მხატვრული ნომრები შევასწავლოთ“.
„უბედნიერესი ვარ, რომ კიდევ ერთ საშემოდგომო ღონისძიებას ვესწრები იმ სკოლაში, სადაც 51 წელი გავატარე, – ამბობს ღვაწლმოსილი პედაგოგი ნელი შარიქაძე, – ვულოცავ ყველას ამ დღეს, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ კოლეგებსა და უძვირფასეს მოსწავლეებს, რომლებიც უკვე, წელიწადნახევარია, დავტოვე. მათ ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებ“.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, რომ იმდენად მოხიბლეს მონაწილე მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით, სილაღითა და ნიჭიერებით, რომ სიტყვებით ამის გამოხატვა ძალიან რთულია. მეუფემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, მშობლებს – კარგი შვილების აღზრდისათვის, გმირ პედაგოგებს – გაწეული ღვაწლისათვის.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.