ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ააიპ „ხარაგაულის სათნოების სახლის“ ანგარიში განიხილა. „სათნოების სახლი“ ბენეფიციარებს ყოველდღიურად დაბა ხარაგაულში ემსახურება, ხოლო ოთხ სოფელში (ლაშე, ბაზალეთი, ფარცხნალი, საღანძილე) – კვირაში ორი დღე.
საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ამ მომსახურების გაფართოება სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც აუცილებელია.
„ხუნევის თემში დაახლოებით 15-ზე მეტი ადამიანი იქნება, ვისაც ეს მომსახურება ესაჭიროება, – ამბობს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე, – აქ ცხოვრობენ შშმ პირები, მარტოხელა ადამიანები, არის ზოგიერთი, რომელსაც ცხელი კერძი, ალბათ, წლებია არ შეუჭამია. თუ ვერტყვიჭალაში იქნება „სათნოების სახლი“, შევძლებთ, რომ ახლო სოფლებში საკვების ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ და ბენეფიციარებს ადგილზე მივუტანოთ საჭმელი“.
„ამ მომსახურების მიღება დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე თუ სჭირდება მოსახლეობას, ჩემი აზრით, სოფლებში ამის საჭიროება უფრო მწვავედ დგას, – ამბობს ხევი-ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე, – თუ პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს ყოველდღიურად ვერ უზრუნველვყოფთ საკვებით, საჭიროა შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ოჯახებს მშრალ პროდუქტებს დავურიგებთ. ზეთი, მაკარონი, ლობიო, შაქარი რომ მივაწოდოთ სისტემატურად – ესეც დიდი დახმარება იქნება“.
ხარაგაულის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ „სათნოების სახლის“ მომსახურების გაფართოების საჭიროება ნამდვილად არსებობს, თუმცა ამისათვის თანხები მერიამ უნდა მოიძიოს.
„გვაქვს გეგმა, რომ მომსახურების გატანა დამატებით რამდენიმე სოფელში განვახორციელოთ, მაგრამ ამისათვის ფინანსებია საჭირო. წლის ბოლოს ბიუჯეტში თავისუფალი ფინანსების მოძიება რთულია. მომავალი წლის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება ალბათ უფრო შესაძლებელი იქნება.
სასურველია „სათნოების სახლი“ ზონალურად – ბორითში, კიცხში, მარელისში გაკეთდეს, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამზარეულო, სადაც საკვები უნდა მომზადდეს, სპეციალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამას ცალკე თანხა სჭირდება. ფართი უნდა მოიძიო, იქირაო, გაარემონტო – ესეც დიდი ხარჯია. ამას ჯობია, პირველ ეტაპზე ხარაგაულში „სათნოების სახლში“ გამზადდეს პროდუქტი და კვირაში ერთხელ დაურიგდეს სხვადასხვა სოფლებში ბენეფიციარებს“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც „სათნოების სახლის“ ერთი წლის მუშაობის შედეგები განიხილეს, დეპუტატებმა „სათნოების სახლის“ დირექტორს თამარ შავიძეს დაავალეს, რომ დაეთვალა, მომსახურების გაფართოება დაახლოებით რა თანხა დაუჯდებოდა მუნიციპალიტეტს. თამარ შავიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ხარჯების დათვლა, ჯერჯერობით, ვერ შეძლო და ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ეცოდინება.
„თუ პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტი საკვების ტრანსპორტირებაში დაგვეხმარება, შევძლებთ, რომ ადგილზე დავამზადოთ საკვები და ბენეფიციარებს დავურიგოთ. პრობლემა ის არის, რომ სოფლებში წვნიანი კერძების მიწოდება ახლაც გვიჭირს, ჩვენი ბენეფიციარები კი, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომელთაც ყველაზე მეტად ცხელი წვნიანი კერძები განსაკუთრებულად ესაჭიროებათ,“ – ამბობს თამარ შავიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ამ მომსახურების გაფართოების საჭიროება მუნიციპალიტეტში ნამდვილად არსებობს.
„არეალი გავაფართოეთ და დაბა ხარაგაულთან ერთად რამდენიმე სოფელი დავამატეთ. ასევე ბენეფიციარებს, მოთხოვნის შესაბამისად, სოფლებში ერთჯერადად მშრალი საკვები პროდუქტებით ვეხმარებით. ის, რომ რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში „სათნოების სახლის“ ე.წ. ფილიალი გაიხსნას, ამას 2024 წელს ალბათ ვერ შევძლებთ. თუმცა, მომსახურების არეალის გაფართოებას სხვადასხვა სოფლებში ვგეგმავთ. კონკრეტულ გეგმას დეპუტატებს უახლოეს მომავალში გავაცნობთ.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო“ ომარ გაგოშიძე ამ მომსახურების ტენდერით შესყიდვის აუცილებლობაზე საუბრობს.
„პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენ ადამიანს სჭირდება ამ სახის დახმარება. ამის შემდგომ აუცილებელია, ეს მომსახურება თვითმმართველობისგან ტენდერით იყოს შესყიდული. სხვა გამოსავალი, ჩემი აზრით, არ არსებობს. ამ გზით დაიზოგება თანხები, გაიზრდება მომსახურების ხარისხი და გაიზრდება კონტროლის მექანიზმი, – რამდენად ზუსტად და სწორად სრულდება ტენდერში გაწერილი თითოეული ვალდებულება.
თუ მუნიციპალიტეტი რამდენიმე ზონად დაიყოფა და ტენდერი ცალ-ცალკე გამოცხადდება, მასში კერძო მაღაზიები მიიღებენ მონაწილეობას; მაგალითად, კიცხში ნებისმიერ მაღაზიას შეუძლია ტენდერი მოიგოს და სურსათის მოქალაქეებამდე მიწოდება უზრუნველყოს.
ამ საკითხის მოგვარებამდე საჭიროა მისი სიღრმისეული შესწავლა, ზოგ ადამიანს სახლში საჭმლის მომზადების პრობლემა არ აქვს, მათ საკვები პროდუქტების შეძენა უჭირთ, მათ საკვები პროდუქტები უნდა მიაწოდო. არსებობენ ადამიანები, ვისაც მზა საკვები სჭირდებათ, ეს წინასწარ შესასწავლია, ვის როგორი დახმარება სჭირდება. ბაზარი ყველაფრისთვის მზადაა. თუ ტენდერის პირობა იქნება ასეთი, რომ ერთიანად უნდა დაფაროს ერთმა მომწოდებელმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია, შეიძლება პრობლემა შეიქმნას. თუმცა, თუ მუნიციპალიტეტს ზონებად დავყოფთ და ისე გამოვაცხადებთ ტენდერს, ადამიანი არ დაგვრჩება, ვისაც ამის საჭირობა აქვს, – ვერ მივაწოდოთ სახლში საკვები“, – ამბობს ომარ გაგოშიძე.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.