მეექვსე წელია, ხარაგაულის ბიბლიოთეკაში უსინათლოთა პროგრამა ხორციელდება.
ეს პროგრამა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბოლო ოთხი წელია, ყოველწლიურად 12 ათასი ლარით ფინანსდება. ეს თანხა რვა თვის განმავლობაში პროგრამის ხელმძღვანელის, მენეჯერისა და ორი მასწავლებლის ხელფასია. პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო ხარჯი კი, ფაქტობრივად, არ რჩება.
უსინათლოები ბრაილის შრიფტს, ადაპტირებულ კომპიუტერულ პროგრამებს, სამაგიდო სპორტულ თამაშებსა და აუდიო წიგნების მოძიებას სწავლობენ.
2023 წელს უსინათლოების მეცადინეობები კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ცეკვის დარბაზში მიმდინარეობს. პროგრამის ხელმძღვანელი გულიკო ჭარბაძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკა, სადაც გასულ წლებში მეცადინეობდნენ, მათთვის უფრო ხელსაყრელი ადგილია.
„ადაპტირებული კომპიუტერის სპეციალისტი ვასილ ლომიძე გორიდან კვირაში ორჯერ ჩამოდის, – ამბობს გულიკო ჭარბაძე, – მიკროავტობუსი ავტოსადგურში შედის და იქედან კულტურის ცენტრში მოსვლა მისთვის პრობლემაა. ბიბლიოთეკაში ფიზიკურად უფრო მარტივად ახერხებდა მოსვლას მენეჯერი სერგო შველიძე.
ღორეშიდან და ლეღვნიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტირება ჯერ ისედაც რთულია, უსინათლოებისთვის – კიდევ უფრო გაძნელებული. ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან. ორი ადამიანის მგზავრობის თანხა კი ოჯახს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს. სულ გვესმის, რომ ქვეყანას არ უჭირს და დაფინანსება ჩვენც უნდა გაგვეზარდოს.
ამ პროგრამის მიზანი უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ახალი უნარ-ჩვევების შესწავლაა. მომავალი, 2024 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდას იმედიანად ველოდებით. მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ჩვენს საქმიანობას რომ სისტემატურად აშუქებთ“.
სამაგიდო თამაშების – ჭადრაკისა და შაშის დაფები მასწავლებლებმა საკუთარი ხელფასით შეიძინეს. ბრაილის შრიფტის შესასწავლად საჭირო საწერ ფურცლებსაც ხელფასიდან ყიდულობენ.
„ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურება 200 ლარია, – ამბობს ბრაილის შრიფტის მასწავლებელი მზია კურტანიძე, – ხელფასის ნახევარზე მეტი სამსახურის საჭიროებებისთვის მეხარჯება, აუცილებელია, ხარჯი გამოგვიყონ, – წელიწადში 4-5 ათასი ლარი დაგვიმატონ, ან ხელფასები გაგვიზარდონ. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ხუთმა უსინათლომ ბრაილის შრიფტი შეისწავლა და ლიცენზიის მოპოვების შემდგომ, მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ“.
ადაპტირებული კომპიუტერის სპეციალისტი ვასილ ლომიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ჩემი მოთხოვნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ხმოვანი თერმომეტრის შეძენა დაგვიფინანსეს, – ამბობს ვასილ ლომიძე, – ეს თერმომეტრები პირველი ჯგუფის 50 უსინათლოს გადაეცემა და ისინი სიცხეს დამოუკიდებლად გაიზომავენ. სამწუხაროდ, უსინათლოებისთვის ანდროიდის ტიპის ტელეფონების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება ვერ მივიღეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 74 უსინათლოა. მათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ახლა ხმოვანი წნევის აპარატისა და გლუკომეტრის შეძენა მოვითხოვე. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს“.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში ბევრი ღონისძიება ხორციელდება, – ამბობს პროგრამის მენეჯერი სერგო შველიძე, – ჩვენსკენაც გამოიხედონ. საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით ყოველწლიურად იზრდება, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 5 მილიარდი ლარით გაიზარდა ბიუჯეტიო. ჩვენი ხელფასი პენსიაზე ნაკლებია. მომავალი წლიდან ხარჯებს თუ მოგვიმატებენ, კარგი იქნება“.
უსინათლოთა პროგრამაში ჩართული პირები და პროგრამის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისათვის დაფინანსების გაზრდა აუცილებელია.
იგეგმება თუ არა 2024 წლის ბიუჯეტში უსინათლოთა პროგრამის დაფინანსების გაზრდა, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
„ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას მერიაში მომავალ კვირაში აქტიურად შევუდგებით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამ ეტაპზე ზუსტად დეტალებს ვერ გეტყვით, რომელი ორგანიზაციისა და პროგრამის დაფინანსება რა ოდენობის თანხით გაიზრდება“.
ნინო კაპანაძე
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების