ერთი წელია, რაც საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები ფუნქციონირებს. სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებითაა (№41/ნ/01-23/ნ) განსაზღვრული.
რა საჭიროებების წინაშეა სკოლის მედპერსონალი და რამდენად ასრულებენ ისინი თავიანთ ვალდებულებებს, – ამ საკითხებში გასარკვევად ხარაგაულის საჯარო სკოლების ექიმებსა და ექთნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე შეხვდა.
– განათლების სამინისტრომ ახლახან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რომ შემუშავდეს აკრედიტირებული სასწავლო პროგრამა პრევენციულ ჯანდაცვაში სკოლის მედპერსონალის გადასამზადებლად, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – უმთავრესი პრობლემა კადრების დეფიციტია.
უმაღლესდამთავრებული ექიმები და ექთნები, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებში აღარ ბრუნდებიან. ამიტომ სკოლებში დასაქმებულ მედპერსონალთა უმრავლესობა სხვაგანაც მუშაობს. ამ დათმობაზე რომ არ წავსულიყავით, სკოლები მედპერსონალის გარეშე გვრჩებოდა.
სოფლის ამბულატორიების ექიმებმა და ექთნებმა, რომლებიც იმავე სოფლის სკოლებში დასაქმდნენ, თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ.
სკოლის ექიმისა და ექთნის ვალდებულებები პრევენციის კუთხით უმნიშვნელოვანესია. მათ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს, რადგან ეს დღეს ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მშობლებთან. ისინი საქმის კურსში უნდა იყვნენ, თუ მათ შვილებს ჯანმრთელობის კუთხით რაიმე პრობლემა შეექმნათ.
სკოლის ექიმებმა და ექთნებმა განსაკუთრებული ყურადღება საკლასო ოთახებისა და საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, მედიკამენტების ვადებს უნდა მიაქციონ. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს რისკფაქტორების გამოვლენა – რამდენად მდგრადია იატაკები, როგორ ავიცილოთ თავიდან ტრავმები და სხვ.
კარგი იქნება, თუ სკოლაში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ კომპეტენტურ პირებს მოვიწვევთ. ხელოვნური განგაშის მოწყობით დავინახავთ, სად რა პრობლემაა.
პერიოდულად უნდა ჩატარდეს მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმებები, რათა დროულად გამოვლინდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.
გვიახლოვდება რესპირატორული ინფექციების (გრიპების) სეზონი და ზედამხედველობა უნდა გავაძლიეროთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა ყოველკვირეული ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. 15 ოქტომბრიდან საქართველოში ველოდებით ოთხკომპონენტიან გრიპის ვაქცინას, რომელიც, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
გრიპის სეზონის დროს მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დილით და დიდი დასვენების დროს მედპერსონალმა შეამოწმოს, რამდენად ნიავდება ოთახები, უტარდება თუ არა დეზინფექცია მერხებს, სკამებს, კარების სახელურებს. ვიცით, რომ ზოგ მრავალრიცხოვან სკოლაში მხოლოდ ერთი დამლაგებელი მუშაობს, ძალიან მცირე ანაზღაურებით. ამიტომ, შესაძლოა, მას ზედმეტი დავალება ვეღარ მივცეთ. თუმცა, დეზინფექციის ჩატარება და ოთახების განიავება ხომ ყველას შეგვიძლია?!
სკოლის მედპერსონალის მიერ განხორციელებული სამედიცინო მომსახურება და ყველა აქტივობა დეტალურად უნდა აღიწეროს ჟურნალებში. სასწავლო წლის განმავლობაში თუ ექიმმა ან ექთანმა არც ერთი პრევენციული ღონისძიება არ ჩაატარა, მაშინ სკოლაში მის ყოფნას აზრი არ აქვს.
პროცესებს თუ თანმიმდევრულად დავგეგმავთ და მოსწავლის ჯანმრთელობის დასაცავად სწორად ვიმოქმედებთ, ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელ თაობას მივიღებთ.
ვაშლევის საჯარო სკოლის ექთანმა თინათინ ტაბატაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მან ყველა მოსწავლის სამედიცინო ფორმა #100 შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ერთ მოსწავლეს, რომელიც ამ სკოლაში წელს სხვა ქალაქიდან გადმოვიდა, ყველა აცრა არ აქვს ჩატარებული.
„სკოლაში მშობლები მოვიწვიე და ჩემი გეგმები გავაცანი, – ამბობს თინათინ ტაბატაძე, – მოსწავლეებთან სხვადასხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე სამშაბათობით ვმსჯელობთ. გარდატეხის ასაკთან, მენსტრუაციულ ციკლთან, პირად ჰიგიენასთან, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ამ თემებზე ინფორმაციები თავად მოვიძიე და დავამუშავე. კარგი იქნება, ასეთ საკითხებზე გამზადებულ მასალებს თუ მოგვაწოდებენ“.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.