ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე სოფელში ეკლესიები და სხვა არქიტექტურული ნაგებობები მოინახულეს.

მათი ვიზიტი ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძის წერილობითი მიმართვის შედეგად შედგა.

ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსის გიორგი გაგოშიძის თქმით, დაათვალიერეს რამდენიმე ეკლესია ამაშუკეთში, ფარცხნალში, ახალსოფელში, ჩხერში, ბაზალეთში, სარგვეშსა და ღორეშაში.

„ძეგლის სტატუსის მინიჭების ნუსხაში, ძირითადად ეკლესიებია, მაგრამ ვისაუბრეთ, ვიფიქრეთ და შეიძლება ძეგლის სტატუსი მიენიჭოს ასევე ხის საცხოვრებელ სახლებს, რადგან მივიწყებას ეძლევა ხის სახლების მშენებლობის კულტურა. ძველი ხის სახლები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კულტურისთვის. შეიძლება ძეგლის სტატუსი მიენიჭოს საწნახელს,“ – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მისივე განმარტებით, ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა ასეთია – კონკრეტულ ნაგებობაზე კეთდება სააღრიცხვო ბარათი, რომელსაც განიხილავს ხელოვნებათმცოდნეებითა და არიქიტექტორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია. მსჯელობის შედეგად თუ გამოიკვეთა, რომ ის აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება ძეგლის სტატუსი.

„სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა ისაა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მათ მოვლა-პატრონობაზე. ამის შემდეგ თვითნებური ჩარევა ძეგლის იერ-სახეში შეუძლებელია და დანაშაულია,“ – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მისივე თქმით, სიძველეების თვითნებურად აღდგენისას იკარგება მათი ისტორია. „ვიღაცას გულწრფელად უნდა ეკლესიის აღდგენა, მაგრამ მან რომ იცოდეს, რამდენი რამ იკარგება არაპროფესიონალური ჩარევით, ამას აღარ გააკეთებდა.

ამდენად, ძეგლის სტატუსი დამცავი მექანიზმია,-  ამბობს გიორგი გაგოშიძე, – სახელმწიფო ვალდებულია ძეგლის აღდგენისთვის მოიძიოს თანხები ან თავად გამოყოს. საქართველოში რვა ათასამდე ძეგლია, ამით ვართ მდიდრები და ერთი ამდენი კიდევ აღსანუსხია. სახელმწიფოს მოვალებაა მათზე ზრუნვა. ეს კი თანხებთან არის დაკავშირებული. სტატუსის მინიჭების შემდეგ ძეგლის აღდგენისთვის საჭირო პროექტს პროფესიონალები ამზადებენ, რაც შემდეგ მრავალჯერ მოწმდება.

ძეგლის სტატუსის მინიჭება ამაღლებს ეკლესიისა თუ სხვა ნაგებობის მნიშვნელობას.

ვფიქრობ, ხარაგაულში ჩვენი ორდღიანი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ჩავიტანთ თბილისში,“ – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კულტურის თხუთმეტამდე ობიექტს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ბაზალეთის, კოზმანის, ღორეშას, ფარცხნალის, ახალსოფლის, ამაშუკეთის,  ჩხერის, მოტყიერისა და სარგვეშის ეკლესიები

მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გაგოშიძეს ფოტოების მოწოდებისათვის.

kozmani ghoreshis-yovlawminda farcxnali axalsofeli amashuketi ckheri

motyieri sargveshi