ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 21 საბავშვო ბაღსა და მარელისში ერთ სასკოლო მზაობის ჯგუფს აერთიანებს. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში 470 აღსაზრდელია დარეგისტრირებული. აღსაზრდელთა სწავლა-აღზრდის პროცესზე, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ჩათვლით, 270 თანამშრომელი ზრუნავს.
როგორ შეხვდა ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, რა გამოწვევებია საბავშვო ბაღებში და რას ითვალისწინებს საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, – ამ და სხვა საკითხებზე გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე გვესაუბრება.
– ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი რთული და დატვირთულია, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – დაიწყო ავტორიზაციის პირველი ეტაპი – თვითშეფასების პროცესი. თვითშეფასების პროცესს სექტემბერში გაივლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 16 საბავშვო ბაღი – ხარაგაულის #1 და #2, საღანძილის, ღორეშის, სარგვეშის, წიფის, ზვარეს, მოლითის, ვახანის, ლეღვნის, კიცხის, ხიდრის, ბორის, ვარძიის, წყალაფორეთის საბავშვო ბაღები და ასევე – მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფი.
დანარჩენი საბავშვო ბაღები თვითშეფასების პროცესს ოქტომბერში გაივლიან. თითოეულ ბაღში შეიქმნება ოთხკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, აღმზრდელი, ტექნიკური პერსონალი და ერთი მშობელი.
თითოეული საბავშვო ბაღისთვის შეიქმნება პორტალი, რომელზეც შევსებული კითხვარები აიტვირთება. ხარისხის მართვის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი თითოეულ საბავშვო ბაღს ადგილზე შეამოწმებს. თვითშეფასების კითხვარზე მუშაობის პროცესში ონლაინ შეხვედრები გვექნება ხარისხის მართვის ცენტრის ექსპერტთან, რომელიც თვითშეფასების კითხვარის სრულყოფილად შევსებაში დაგვეხმარება.
აღნიშნული კითხვარების შევსება საბავშვო ბაღებს ყოველწლიურად მოუწევთ. ვფიქრობ, შემდეგში ეს პროცესი უფრო მეტად გაგვიადვილდება.
ავტორიზაციის ერთ-ერთი ეტაპი აღმზრდელების გადამზადებაა. ჩვენს გაერთიანებაში 50-მა აღმზრდელმა უკვე გაიარა შესაბამისი ტრენინგები და მათ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ. 2024 წლის ივნისში საბავშვო ბაღების სხვა სპეციალისტები – მუსიკის პედაგოგები, სპეცმასწავლებლები, ლოგოპედები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები და დანარჩენი აღმზრდელები გაივლიან გადამზადებას.
სარგვეშისა და გედსამანიის საბავშვო ბაღები, ასევე მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამავე სოფლის სკოლის შენობებშია განთავსებული. რამდენად შეუშლის ეს ხელს ავტორიზაციის პროცესს, უცნობია. სასურველია, რომ საბავშვო ბაღი ცალკე შენობაში ფუნქციონირებდეს. როგორც ვიცი, ადგილობრივი ხელისუფლება ამ სოფლებში 25 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების აშენებას გეგმავს.
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2029 წელს უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ამ პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი დაძლევს.
ჩვენს საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურა, მეტ-ნაკლებად, მოწესრიგებულია. ჩვენი ძალებით ვცდილობთ კოსმეტიკური რემონტი ჩავატაროთ იმ ბაღების შენობებში, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტადაა. ამ ზაფხულს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გარე ფასადი მოწესრიგდა, სამომავლოდ ამ ბაღის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაჭიანურდა. იმედი მაქვს, 2024 წელს ხევში საბავშვო ბაღის შენობა გვექნება. მუნიციპალური განვითარების ფონდი კიცხის საბავშვო ბაღისთვის ახალ შენობას აშენებს.
რიკოთის ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ბორითშიც ახალი საბავშვო ბაღის აშენება აუცილებელი გახდება, რადგან იმ ადგილზე ბაღის ფუნქციონირება საფრთხის შემცველია. საბავშვო ბაღის აშენება აუცილებელია ასევე მოლითში, ვინაიდან ის ადგილი, სადაც ახლა ბაღია, ძალიან ნესტიანია და უხვი ნალექის გამო ბაღის ეზო იტბორება.
ვფიქრობ, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ყველაზე დიდი გამოწვევა ბავშვთა კონტინგენტის სიმცირეა. გასულ სასწავლო წელს ხარაგაულში 523 აღსაზრდელი გვყავდა, წელს ბავშვთა რაოდენობა შემცირებულია. ვფიქრობ, ამის მიზეზი ხარაგაულში შობადობის შემცირებაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებშია. აღსაზრდელთა რაოდენობის მხრივ, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ძირულას ხეობის სოფლების საბავშვო ბაღებში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მეტ-ნაკლებად, მოწესრიგებულია.
საბავშვო ბაღებს, პერიოდულად, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. მათ რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. სააგენტოს მოთხოვნით, წელიწადში ორჯერ ვატარებთ სასმელი წყლის ლაბორატორიულ ანალიზს და წყლის ავზების დეზინფექციას.
ავეჯს რაც შეეხება, ვცდილობთ, ეტაპობრივად შევიძინოთ. საბავშვო ბაღის ავეჯის დამზადება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ახალ ბაღებში ახალი ავეჯია და სხვაგანაც ნელ-ნელა ვანახლებთ. ეზოს სათამაშოები ძალიან გვიჭირს. ავტორიზაციის პროცესში ეზოს მოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვფიქრობთ, ნელ-ნელა ამასაც მოვაგვარებთ.
საბავშვო ბაღებისთვის დიდი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების მოძიება. ვახანის, წიფის, ზვარის, საღანძილის საბავშვო ბაღებში მუსიკის პედაგოგი არ გვყავს და გვესაჭიროება. რამდენიმე საბავშვო ბაღში არ გვყავს ექთანი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი. ვცდილობთ, იმ საბავშვო ბაღში, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებია, ფსიქოლოგმა ან სპეცმასწავლებელმა იმუშაოს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახალი სასწავლო წელი მივულოცო ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ყველა თანამშრომელს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს. მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“.
თამთა გოგოლაძე
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების