„ცნობილმა ბარიტონმა, საქართველოს სახალხო არტისტმა შოთა კიკნაძემ პირველი სიმღერა საოპერაციო ბლოკში შეასრულა, – ამბობს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ელდარ გეწაძე, – ქირურგი იყო და საოცარი ოპერაცია გააკეთა ზესტაფონში, ადამიანი გადაარჩინა და ამის შემდეგ იმღერა.
მაშინ ზესტაფონის საზოგადოებამ ურჩია, რომ მას სიმღერა უნდა გაეგრძელებინა“.
18 სექტემბერს ხარაგაულში შოთა კიკნაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი (დირიჟორი ლევან ჯაგაევი) და საოპერო მომღერლები ლიანა კალმახელიძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტაძე, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე.
საღამოს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე უძღვებოდა.
შოთა კიკნაძე 1920 წლის 27 აპრილს ხარაგაულის რაიონის სოფელ საღანძილეში დაიბადა. მუსიკისა და სიმღერის სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. ხალხურ სიმღერებს მღეროდა. მალე ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და შოთა, სკოლაში სწავლის პარალელურად, სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო და 1942 წელს ექიმის დიპლომი მიიღო. თუმცა, სიმღერის სიყვარულით, მალე საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მედიცინის ნაცვლად, მომავალი ცხოვრება მუსიკისათვის დაეკავშირებინა და თბილისის კონსერვატორიაში უდიდესი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტ სანდრო ინაშვილის სტუდენტი გახდა.
1951 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ვოკალური განხრით.
1951-1978 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ჰქონდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმა და მიმზიდველი გარეგნობა.
შესრულებული აქვს პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია”), რობერტი, ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი”), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდის „ტრავიატა”, „ტრუბადური“), ფიგარო (როსინის „სევილიელი დალაქი”), დონ-ჯოვანი (მოცარტის „დონ-ჯოვანი”), ვალენტინი (გუნოს „ფაუსტი“), სილვიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“); მონაწილეობდა ქალაქ საარბრიუკენში ზაქარია ფალიაშვილის „დაისისა“ (1973, კიაზოს პარტია) და პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში; 1967 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
ხარაგაულში გამართულ საიუბილეო საღამოზე შოთა კიკნაძის თანამედროვე საოპერო მომღერლებმა მასთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენეს.
„შოთა კიკნაძემ პირველი სიმღერა ზესტაფონში შეასრულა, – იხსენებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი, ბარიტონი ელდარ გეწაძე, – ქირურგი იყო და საოცარი ოპერაცია გააკეთა, ადამიანი გადაარჩინა და ამის შემდეგ იმღერა. მაშინ ზესტაფონის საზოგადოებამ ურჩია, რომ მას სიმღერა უნდა გაეგრძელებინა.
სკოლაში სწავლის დროს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი ზესტაფონში. მქონოდა შესაძლებლობა, რომ ჩემს ქალაქში მომესმინა ძალიან დიდი მომღერლებისთვის და მათ შორის პირველი იყო „დაისი“, რომელშიც კიაზოს პარტიას შოთა კიკნაძე ასრულებდა.
სპექტაკლი რომ დამთავრდა, მამაჩემმა შოთასთან მიმიყვანა, ჯერ ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ჩემი თავი გააცნო. მახსოვს, რომ უთხრა – ჩემს შვილს ხავერდის ხმა აქვს, რაც ძალიან საყურადღებოაო.
წლების შემდეგ კონსერვატორიაში ჩავირიცხე. შოთა კიკნაძის კონცერმეისტერი იყო ჩემი მეუღლე და როდესაც მნახა, შემიცნო. მეც გავახსენე, რომ შალვა გეწაძის შვილი ვიყავი. იმ დღიდან, როცა კი შემხვდებოდა, იმერული კოლორიტით მომმართავდა – „ზემლიაკ, რავა ხარ?“
მის სიცოცხლეშივე, მეც იმ პარტიებს ვასრულებდი, რასაც ბატონი შოთა მღეროდა; რაღაც მემკვიდრეობასავით გადმოვიდა ჩემთან ბატონი შოთასგან ნამღერი ყველა პარტია; სცენაზე ერთმანეთიც შეგვიცვლია. შემდეგ უფრო დავახლოვდით, რადგან მისი შვილი, მერაბი, ჩემს კურსზე სწავლობდა.
იმ პერიოდში რატომღაც გამოცხადდა, რომ 60 წლის მომღერალს ოპერის თეატრში თავისი მოღვაწეობა უნდა დაემთავრებია. მე მახსოვს სცენაზე მისი ბოლო სპექტაკლი „ტრავიატა“, – როგორც იტყვიან, – „ვინ მიდის და ვინ რჩება…“, – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა; ჟღერდა უნიკალური, შეურყვნელი, ბუნებრივი ხმა და ისეთი სიმდიდრით იმღერა, რომ არასოდეს დამავიწყდება“.
„ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ მივედი, ჩვენი თეატრის „ოქროს ხანა“ იდგა, – განსაკუთრებით ბარიტონებით. შოთა კიკნაძე ამ თეატრის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, – იხსენებს ივერი კავსაძე, – მე, როგორც დამწყები მომღერალი, ძალიან ვღელავდი. შოთა კი უფროსი ძმასავით მედგა გვერდით, ყოველთვის მამხნევებდა, რაც ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან ერთად ძალიან ბევრ სპექტაკლში ვიმღერე.
შოთა კიკნაძე 60 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. მაშინდელი საერთო პოლიტიკა და მიდგომა რომ არა, ის სცენიდან არ უნდა წასულიყო, რადგან შესანიშნავ ფორმაში იყო, – გამორჩეული არტისტი არაჩვეულებრივი ხმით. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია შოთა კიკნაძის შესრულება, შეუძლებელია რომ დაივიწყოს. გარდა იმისა, რომ თავის საქმეში არაჩვეულებრივი იყო, ადამიანობის ეტალონს წარმოადგენდა. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს“.
ხარაგაულში შოთა კიკნაძის საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, საინტერესო საღამოს გამართვისთვის, მადლობა გადაუხადეს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
თამთა გოგოლაძე
ნაწყვეტები ხარაგაულში გამართული საიუბილეო საღამოდან:
აბესალომისა და მურმანის დუეტი, ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“, კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ასრულებენ საქართველოს სახალხო არტისტები – თეიმურაზ გუგუშვილი და ელდარ გეწაძე.
ლელას არია ოპერიდან „ლელა“ – კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე; ასრულებს ხათუნა ჭოხონელიძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.