„გუშინ ღამით სიჩუმემ გამაღვიძა, უკრაინაში ასეთი სიჩუმე, დიდი ხანია, აღარ ყოფილა“, – მითხრა ანასტასიამ 2022 წლის აპრილში, ბულგარეთის ერთ ძველ ქალაქში, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით.
ბოლოს 30 აგვისტოს, მასალაზე მუშაობისას ვისაუბრეთ. უკრაინელი ანასტასია კრაივუზი, იგივე ნასტია, როგორც მას მეგობრები უწოდებენ, ბრიტანულ კომპანიაში კომუნიკაციების მენეჯერად მუშაობს და პორტუგალიის ბრაგას უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამას ამთავრებს.
ნასტია 24 წლისაა. ომის დაწყებიდან დღემდე, მან ქალაქ დნიპროდან ახლანდელ საცხოვრებლამდე – თროუბრიჯამდე 28 ქალაქი გაიარა, იცხოვრა სამ ქვეყანაში და სულ რაღაც ერთი თვის წინ ინგლისში გადავიდა.
2022 წლის თებერვლისთვის დნიპროს მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ რუსეთი ომს განაახლებდა.
„არ მჯეროდა. მახსოვს, 24 თებერვლის დილას, მამა ჩემს ოთახში შემოვიდა, უკვე აფეთქებების ხმა ისმოდა, თუმცა არც მიფიქრია, რომ ეს ბომბის ხმა იყო. მამა ფანჯარასთან იდგა, შემობრუნდა და მითხრა: ნასტია, ომი დაიწყო.
დავიბენი, დავკარგე დროის შეგრძნება, დღეების განმავლობაში, ყოველ წუთს ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვწერდი. სამი დღის შემდეგ გამოვფხიზლდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და ადგილობრივ მოხალისეთა ცენტრში ჩავეწერე მოხალისედ. ძალიან მალე უძილობა დამეწყო. ვცდილობდი, დღე-ღამეში ორი საათი მაინც დამეძინა. თუმცა, არ შემეძლო, მეშინოდა გაღვიძების და იმ ამბების გაგების, რაც მაშინ მოხდებოდა, როცა მეძინა“, – იხსენებს ნასტია.
მალე ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტიდან დადებითი პასუხი მოუვიდა. დიდი ფიქრის შემდეგ, უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ბულგარეთის ქალაქ ველიკო-ტერნოვოში გადავიდა.
ექვსი თვის შემდეგ ბრაგას უნივერსიტეტის სტიპენდია აიღო და პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა მანამდე პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების გავლით უკრაინაში არაერთხელ დაბრუნდა.
„ეს ომი ძალიან მტკივნეულია. უკრაინაში მყოფ ქალებს უწევთ, საკუთარ თავსა და შვილების სიცოცხლეზე იზრუნონ, უფრო ძლიერები და მამაცები იყვნენ. ამავდროულად კი მათ, ვინც ქვეყანა დავტოვეთ, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ სრულიად მარტო ვართ ჩვენი ოჯახიდან, სამშობლოდან შორს“, – ამბობს ნასტია.
კითხვაზე, თუ რა გამოწვევები ახლავს საცხოვრებლის მუდმივ ცვლილებას, – ანასტასია კულტურულ განსხვავებაზე, უმუშევრობაზე, ენის არცოდნაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მიამბობს.
„ზოგჯერ ადამიანებისგან ვგრძნობ, რომ, როგორც უკრაინელი ქალი, უბრალოდ ინტერესის ობიექტი ვარ, რომელსაც შეიძლება როგორც ომის თვითმხილველს ესაუბრო, ზოგი მეხუმრება ხოლმე კიდეც უკრაინაზე. ზოგჯერ გინდა, უბრალოდ, მეგობარი იპოვო, მაგრამ ადამიანები ძირითად შემთხვევაში, როგორც საკვლევ საგანს, ისე მიყურებენ“.
გასულ წელს პოლონელი ფსიქოლოგების ორგანიზებით პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ლეშნოში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაში, სხვა ქვეყნების თერაპევტებთან ერთად, განათლების ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ანა მიქიაშვილიც მონაწილეობდა. ისინი ადგილზე მუშაობდნენ უკრაინული და რუსული წარმომავლობის პირებთან.
„ყველაფერი, რაც ადამიანების იდენტობას შეადგენს, ომის შედეგად იცვლება“, – ამბობს ანა. ადამიანი ამ დროს ტრანსფორმირდება და ცდილობს, თავისი რესურსი კონკრეტულ ვადაზე გადაანაწილოს, მაგრამ ამ ომს ვადა და სივრცე მოშლილი აქვს, პროცესი განუსაზღვრელია. ადამიანებმა არ იციან ახალ ცხოვრებას დროებით აშენებენ თუ ხანგრძლივად“.
მისი თქმით, ომის პირველი სტრესის ტალღის გადავლის შემდეგ ადამიანებს, შესაძლოა, პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობა დაეწყოთ. ძირითად შემთხვევაში სიმპტომები მაღალი შფოთვით, მუდმივი ძილიანობა/უძილობით, კვების დარღვევებით ვლინდება. შესაძლოა, განვითრდეს ფსიქოსომატური რეაქციები, სხეულის უნებლიე მოძრაობები ან ე.წ. „ფლეშბექები“- ტრავმული გამოცდილების გამახსენებლი შეგრძნებები.
„ქალებისთვის რთულია ფიზიკური დისტანცირება, ლეშნოში ყოფნის პერიოდში ვმუშაობდით უკრაინელ ქალბატონთან, რომელიც უკრაინაში იმიტომ ვერ ბრუნდებოდა, რომ საკუთარ მეუღლესთან დამშვიდობების ფსიქოლოგიური რესურსი აღარ ჰქონდა.
ამ ომმა ადამიანებს გაუცოცხლა განცდა, რომ შეიძლება ჩვენ ტრაგედია შეგვემთხვეს. ეს გამოცდილებები და ამბები არის რეალობასთან შეჯახება, რომ სამყარო და ცხოვრება ყოველთვის მშვიდი და ლამაზი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, მთელ ამ პროცესში ადამიანური მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშნელოვანია“, – ამბობს ანა მიქიაშვილი.
კითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში, – ანასტასიას პასუხი არ აქვს. უბრალოდ იცის, რომ ცოცხალია და სულ ეს არის. ომის შემდეგ მიხვდა, რომ სიცოცხლე შეიძლება ერთ წუთშიც დამთავრდეს.
„ხანდახან ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ შენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, თავს კარგად გრძნობ, მაგრამ ეს სიცრუეა. უკრაინაში როცა საჰაერო განგაში ირთვება, ჩემი ტელეფონიც მატყობინებს და ამ დროს საშინელი შფოთვა მეწყება. დიდი ხანია სახლი დავკარგე და საკუთარი ადგილის, საკუთარი სახლის შეგრძნება აღარც ჩემს უკრაინაში, არც ჩემს სულში და მსოფლიოს არც ერთ წერტილში აღარ მაქვს“, – მითხრა ანასტასიამ ინტერვიუს დასასრულს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ქალაქი დნიპრო მინიმუმ 130-ჯერ დაბომბა. საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 6 მილიონმა ადამიანმა უკვე დატოვა უკრაინა, მიგრირებულთა 90% კი ქალები და ბავშვები არიან. უკრაინელი ქალების მიგრაციის ონლაინ მუზეუმის პროექტი და ოქსანა დრაჩოვსკას ილუსტრაცია ზუსტად ასახავს უკრაინელი ქალების გადაადგილებას.
საქართველოში მცხოვრები რუსები კითხვაზე, თუ რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ უმეტეს შემთხვევაში ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკაში არ ერევიან.
თამარ ჩხიკვაძე
მასალაში გამოყენებულია როიტერსის, რადიო თავისუფლება ევროპისა და სხვა თავისუფალი მედია საშუალებების ფოტო-კადრები
რედაქციისგან – თამარ ჩხიკვაძის ამ სტატიამ – „უსახლობა ომის ქვეყანაში“ – რეპორტიორ ქალთა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი