შვილებმა ახალგაზრდობის ოცნება აუსრულეს და დაბადების დღეზე მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ვერდის ოპერა „მაკბეტზე“ დასასწრები ბილეთი აჩუქეს.
გამგზავრებამდე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში მობრძანდა.
როგორი ბედნიერი იყო! – ახალგაზრდობაში ვერაფრით მოვახერხე, მაშინ საკონსულოშიც კი ვიყავი, – თუმცა, იმ დროს იტალიაში გამგზავრების ნებართვის მისაღებად კომუნისტური პარტიის წევრი და თანაც დაოჯახებული უნდა ყოფილიყავიო?!
ახლა ამ გამოსათხოვარი წერილის ნაცვლად, ციური ბლუაშვილის იტალიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უნდა გიზიარებდეთ.
სამწუხაროდ, დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უძვირფასეს პედაგოგსა და გამორჩეულ პიროვნებას.
76 წლის ასაკში, ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად დაგვტოვა.
მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ძალიან დაგვწყვიტა გული ყველას, – ვისაც კი გვასწავლიდა, ვისთანაც კი ათეული წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და საქმიანობდა.
საკუთარი საქმის პროფესიონალი, პრინციპული, დისციპლინიანი, ძალიან დინჯი, შრომისმოყვარე, მებრძოლი, გონიერი, სიკეთით აღსავსე, ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული – ასეთი იყო ციური ბლუაშვილი და მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ახალგაზრდებს 56 წლის განმავლობაში ასწავლიდა და აყვარებდა კლასიკურ მუსიკას.
ციური ბლუაშვილი ხაშურში, პედაგოგთა ოჯახში აღიზარდა. მშობლებისთვის უმთავრესი შვილების განათლება და წიგნიერება იყო. გორის მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია წარჩინებით დაამთავრა. პარალელურად, ხაშურის სამუსიკო სკოლასა და ათწლედში ასწავლიდა.
1976 წლის იანვარში ხარაგაულელ ექიმ გიზო მანჯავიძესთან ერთად ოჯახი შექმნა.
ამავე წლის სექტემბერში პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, სადაც 23 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა; აქედან ექვსი წელი სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. პარალელურად, პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი კლასების ფაკულტეტზე სამი წელი მუსიკას ასწავლიდა.
22 წლის წინ, ნანა ლურსმანაშვილთან და გულნაზი აბრამაშვილთან ერთად, ხარაგაულში მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ დააფუძნა. ამ სამუსიკო სტუდიამ არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზარდა.
კარგად იცოდა, რომ ურთულეს სფეროს იყო შეჭიდებული, თუმცა მოსწავლეების წარმატებები ბედნიერებას ანიჭებდა.
„კლასიკური მუსიკა ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო და მაცოცხლებელი ძალაა. არაფერს ვუსმენ ისე სიამოვნებით, როგორც კლასიკურ მუსიკას.
კლასიკური მუსიკის შესწავლა რთულია და სისტემატურ, ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს. თუმცა, მუსიკალური განათლება რომ აქვს მიღებული ბავშვს, უკეთურ ნაბიჯს არ გადადგამს. მუსიკალური ხელოვნების შესწავლა ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ჰუმანურ გრძნობებს უღვივებს, კლასიკურ მუსიკას ნაზიარები ახალგაზრდის გემოვნება სულ სხვანაირია“, – ამბობდა ქალბატონი ციური.
სამი წლის წინ, 73 წლის ასაკში, სკოლის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა უმაღლეს ქულაზე ჩააბარა და, სამუსიკო სტუდია „ჰარმონიას“ პარალელურად, სარგვეშის საჯარო სკოლაში შეუდგა მუშაობას.
ჯერ კიდევ ბევრი ოცნება, მიზანი და გეგმა ჰქონდა დასახული და შესასრულებელი.
ნაადრევი იყო თქვენი ამქვეყნიდან გასვლა, ჩვენო ძვირფასო ციური მასწავლებელო.
თქვენ არა მხოლოდ სოლფეჯიოს, მუსლიტერატურასა და ფორტეპიანოს გვასწავლიდით უმაღლეს დონეზე, ნამდვილად პროფესიონალურად; არამედ თქვენი მოსწავლეების კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვნად მონაწილეობდით.
მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის; მადლობა იმისთვის, რომ გვაჩვენეთ, – თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო პიროვნება და ნამდვილი პროფესიონალი!
არ გემშვიდობებით, თქვენ მუდამ ჩვენთან, – თქვენი აღზრდილების, კოლეგების, მეგობრების გულებსა და ხსოვნაში იქნებით!
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.